ევროპის უმდიდრესი ადამიანის, ბერნარ არნოს ქონება დღეს 12.5 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამაზე გავლენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იანი ტარიფების დაწესების მუქარამ იქონია, რის შემდეგაც არნოს კონგლომერატის, LVMH-ის აქციების ფასი საგრძნობლად დაეცა.
Louis Vuitton Moet Hennessy-ის პარიზში რეგისტრირებული აქციების ღირებულება 20 იანვარს 3%-ზე მეტით შემცირდა და 565.10 ევრომდე (663 აშშ დოლარი) შეადგინა. ეს დაღმასვლა ტრამპის მიერ ორშაბათს ღამით გაჟღერებულ მუქარას მოჰყვა. როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტს სურს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაიყოლიოს, მის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივას შეუერთდეს, რომელსაც გლობალური კონფლიქტების მოგვარებას უსახავს მიზნად.
როგორც მედიასააგენტო Reuters-ი მაკრონთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი გაწევრიანების მოწვევაზე უარის თქმას აპირებდა. მაკრონის პოზიციის შესახებ კითხვაზე ტრამპმა ამგვარად უპასუხა: „მან ეს თქვა? არავის ადარდებს, რადგან ის თანამდებობას ძალიან მალე დატოვებს“. „მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და ის შეუერთდება ინიციატივას“, – დასძინა მოგვიანებით.
ცნობისთვის, LVMH-ი ფრანგული სასმელების რამდენიმე ბრენდს ფლობს, მათ შორისაა Moët & Chandon-ი, Dom Pérignon-ი, Château Cheval Blanc-ი, Veuve Clicquot-ი, Ruinart-ი და Château d’Yquem-ი.
Forbes-ის შეფასებით, ბერნარ არნოს ქონება ამჟამად 169.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მილიარდერების რეალურ დროში განახლებად სიაში მსოფლიოში მე-7 უმდიდრეს ადამიანად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება ბოლო 24 საათის განმავლობაში 12.5 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირდა, LVMH-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ევროპაში უმდიდრეს ადამიანად დიდი სხვაობით რჩება.












