ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

The New York Times-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ახალ AI-სტარტაპს, Project Prometheus-ს ქმნის, რომლის დაფინანსებამ უკვე 6.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, მათ შორის ნაწილი თავად ბეზოსის ინვესტიციაა. გამოცემის შეფასებით, ეს ადრეულ ეტპზე მყოფი სტარტაპის მიერ მოძიებული ყველაზე დიდი დაფინანსებაა.

წყაროების ცნობით, Project Prometheus-ს თავად ჯეფ ბეზოსი და მეცნიერი ვიკ ბაჯაჯი უხელმძღვანელებენ. ეს უკანასკნელი ადრე Google X-ის დირექტორად მუშაობდა, ტექნიკური გიგანტის მოწინავე კვლევისა და განვითარების ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ ბაჯაჯმა უკვე განაახლა თავისი LinkedIn-ის პროფილი, სადაც ის ამჟამად Project Prometheus-ის თანა-აღმასრულებელ დირექტორად და თანადამფუძნებლად არის მოხსენიებული. თუმცა სტარტაპის პროფილის გვერდი ჯერჯერობით თითქმის ცარიელია.

რაც შეეხება ჯეფ ბეზოსს, მას პროექტის შესახებ საჯაროდ კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია. მისი ბოლო სოციალური აქტივობა კი, ძირითადად, Blue Origin-ის რაკეტის გაშვებას ეხება, რომელმაც NASA-ს მარსის მისიის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრების წყვილი აიტანა და მისია წარმატებით შეასრულა.

არასაკმარისი ინფორმაციის მიუხედავად, ცნობილია, რომ Project Prometheus-ი იმუშავებს ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, აეროკოსმოსურ სექტორსა და ავტოწარმოებაში ინჟინერიისა და წარმოების პროცესების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ანონიმური წყაროები The New York Times-თან აცხადებენ, რომ სტარტაპმა უკვე დაიქირავა დაახლოებით 100 თანამშრომელი, მათ შორის მკვლევრები, რომლებიც OpenAI-დან, Google DeepMind-იდან და Meta-დან მიიზიდეს. უცნობია, გადაიკვეთება თუ არა ახალი ინიციატივა Amazon-ის AI-მიმართულებებთან.

Forbes-ის შეფასებით, მოცემული დროისთვის ჯეფ ბეზოსის ქონება 244.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.