ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი ახალგაზრდებს ოთხი ძირითადი გლობალური საშიშროების შესახებ აფრთხილებს. გეიტსის შეფასებით, ბირთვული ომის მუდმივი შიშის გარდა, ახალგაზრდა თაობისთვის დღეს მნიშვნელოვან საფრთხეს შეზღუდვების გარეშე მოქმედი AI-იც (ხელოვნური ინტელექტი) წარმოადგენს.
თანამედროვე საფრთხეებზე ამერიკელმა მილიარდერმა პატრიკ კოლინსთან ინტერვიუში ისაუბრა. ბილ გეიტსმა საკუთარი ახალგაზრდობაც გაიხსენა, როდესაც ძირითად გლობალურ საშიშროებად ბირთვულ ომს მიიჩნევდა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხე კვლავ არსებობს, თუმცა დღეს ახალი თაობისთვის მსგავსი გამოწვევების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, მათ შორისაა: კლიმატის ცვლილება, ბიოტერორიზმი და სხვა სახის პანდემიები, მოწინავე ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის შენარჩუნების სირთულე.
2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების ორი მესამედი AI-ის ცივილიზაციისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევდა. ხოლო პროფესორი ჯეფრი ჰინტონი, AI-ის ერთ-ერთი პიონერი მიიჩნევს, რომ ხელოვნურ ინტელექტს უახლოეს 5-დან 20 წლამდე პერიოდში დიდი კატასტროფის გამოწვევა შეუძლია. 2023 წელს მან Google სწორედ იმ მიზეზით დატოვა, რომ AI-ის მსგავსი სისწრაფით განვითარების პარალელურად ბერკეტების არარსებობით შეშფოთებული იყო.
თავის მხრივ, ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის მოწინააღმდეგეთა შორის ნამდვილად არ არის. პირიქით, მილიარდერი მიიჩნევს, რომ AI-ის სასიკეთო მიზნებისთვის გამოყენებაც შესაძლებელია. გეიტსის შეფასებით, ჩვენ დღეს საჭირო რაოდენობის სამედიცინო ექსპერტი, ან თუნდაც მათემატიკის მასწავლებელი, განსაკუთრებით ღარიბ რაიონებში არ გვყავს, ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია, ეს სერვისები დიდ ბაზარზე ბევრად ხელმისაწვდომი გახადოს.
გეიტსის შეფასებით, თუ აღნიშნული რისკების თავიდან აცილებას შევძლებთ, მომავალი “უფრო ნათელი” იქნება. “ინოვაციების ტემპი დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე”, – აცხადებს გეიტსი.
Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი Forbes-ის შეფასებით მსოფლიოს რიგით მე-15 უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული გამოცემა ბიზნესმენის ქონებას 109 მილიარდ აშშ. დოლარად აფასებს.