ფოტო: David Ryder/Bloomberg
წელიწად-ნახევრის წინ, ჩანპენ ჭაო (ცნობილი თავისი ინიციალებით, CZ) ციხიდან ახალი გამოსული იყო. მის მიერ 2017 წელს დაარსებული კრიპტობირჟა Binance-ის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი გამოძიების შემდეგ, ჭაომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროგრამის ეფექტიანად შეუსრულებლობა აღიარა და 50 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდას დათანხმდა, Binance-ის $4.3-მილიარდიან ჯარიმასთან ერთად. ამასთან, მან კომპანიის CEO-ს თანამდებობა დატოვა და ოთხი თვით კალიფორნიის ციხეში ჩაჯდა.
ამერიკული Forbes-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამხელა განსხვავებას ქმნის 17 თვე ჩანპენ ჭაოსთვის. გამოცემის შეფასებით, CZ ახლა უფრო მდიდარია, ვიდრე ოდესმე. Forbes-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, მისი ქონება $110 მილიარდამდეა გაზრდილი, რაც წინა წელთან შედარებით $47 მილიარდით მეტია. შედეგად, CZ მსოფლიოში მე-17 ყველაზე მდიდარი ადამიანია და იმ 20 პირთაგან ერთ-ერთია, ვისაც 12-ნიშნა ქონება აქვს. ის სიმდიდრით უკვე გეიტსსაც უსწრებს, რომელიც Forbes-ის განახლებულ რეიტინგში, $108 მილიარდით, მე-19 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 თვეში ჭაოს აქტივების მცირე ნაწილი დაზარალდა. მაგალითად, მისი დაახლოებით 1,400 ბიტკოინის ღირებულება 25%-ით დაეცა და $100 მილიონს შეადგენს. ამასთან, თითქმის უცვლელი დარჩა მისი აქტივების ღირებულება, რომელიც Binance-ის BNB ტოკენის ძირითად ნაწილს მოიცავს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანპენ ჭაომ 2023 წელს CEO-ს პოზიცია დატოვა, მისი ქონების ძირითადი წყარო და მისი ზრდის მთავარი მიზეზი მაინც Binance-ია. კერძო კომპანია, რომლის სათავო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს, სადაც კანადის მოქალაქე ჭაო ცხოვრობს, დეტალურ ფინანსურ მონაცემებსა და საკუთრების სტრუქტურას არ ასაჯაროებს. როგორც Forbes-ი წერს, ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საუბრები და სხვა ბირჟებთან, მათ შორის საჯაროდ დალისტულ Coinbase-თან, შედარება მიუთითებს, რომ Binance-ი, რომელიც კვლავ მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟაა დაახლოებით 38%-იანი საბაზრო წილით, $100 მილიარდად არის შეფასებული. სამართლებრივი დოკუმენტების მიხედვით კი, ჭაო კომპანიის დაახლოებით 90%-ს ფლობს.
ანალიტიკური ფირმების ინფორმაციით, Binance-მა 2024 და 2025 წლებში დაახლოებით $16-$17 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა, რაც დაახლოებით ორნახევარჯერ მეტია Coinbase-ის $6.6 მილიარდთან შედარებით. ბირჟა წლიურად $30 ტრილიონზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს. გარდა ამისა, კომპანიას აქვს საკუთარი ბლოკჩეინ ეკოსისტემაც, BNB Chain, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $88 მილიარდს შეადგენს. ასეთი მაჩვენებლების გათვალისწინებით, Forbes-ი მიიჩნევს, რომ კომპანია, CZ-ის გაყიდვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სავარაუდოდ 12-ნიშნა შეფასებას მიიღებდა.
შემთხვევითი არ არის, რომ CZ-ის ქონების ზრდა დაემთხვა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მეორე ვადით დაბრუნებას, რომელმაც პროკრიპტო პოლიტიკის გატარება დააანონსა და კრიპტობიზნესებს თავადაც ფლობს. გასულ მარტში Binance-ი დათანხმდა, რომ World Liberty Financial-ის USD1 სტეიბლკოინს გადახდის საშუალებად გამოიყენებდა $2-მილიარდიანი ინვესტიციისთვის, რომელიც კომპანიაში აბუ-დაბის საინვესტიციო ფირმა MGX-მა განახორციელა. ამან World Liberty-ის მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. ოქტომბერში, ტრამპმა CZ სრულად შეიწყალა. გასულ თვეში კი ჭაო World Liberty-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოჩნდა და, ფაქტობრივად, აშშ-ის ბიზნესწრეებში დაბრუნდა.
ამავდროულად, Binance-ის შესაბამისობის საკითხები გლობალურ სანქციებთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია. ბოლო კვირებში დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ კომპანიამ გაათავისუფლა გამომძიებლები, რომლებმაც სანქცირებულ ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული დაახლოებით $1 მილიარდის ტრანზაქციები გამოავლინეს. ეს მიანიშნებს მსგავს პრაქტიკებზე, რის გამოც კომპანია ადრე აშშ-ის მთავრობის მხრიდან უკვე იყო ბრალდებული. Binance-ი ამ ბრალდებებს უარყოფს და საკუთარ შესაბამისობის პროგრამას იცავს.
მიუხედავად ამისა, CZ რჩება კრიპტოსექტორის ყველაზე მდიდარ ფიგურად და დღეს უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის Forbes-ის სიაში უსწრებს უოლ-სტრიტის ისეთ ფიგურებს, როგორებიც არიან მაიკლს ბლუმბერგი ($109 მილიარდი), ჯეფ იასი ($67.4 მილიარდი) და კენ გრიფინი ($49.8 მილიარდი).











