BioNTech-ი ბრიტანეთში კიბოს mRNA-თერაპიის გამოცდას გეგმავს

BioNTech-ი ბრიტანეთში კიბოს mRNA-თერაპიის გამოცდას გეგმავს

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი დიდ ბრიტანეთში კიბოს საწინააღმდეგო, mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული თერაპიის გამოცდას გეგმავს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობასთან ხელშეკრულება გააფორმა.

BioNTech-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2030 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 10,000 ბრიტანელისთვის კიბოს საწინააღმდეგო პერსონალიზებული თერაპია საცდელი ან უკვე ავტორიზებული სახით იქნება ხელმისაწვდომი.

საერთო ჯამში ბრიტანეთის მთავრობასთან შეთანხმებული პროექტი ფოკუსირებული იქნება კიბოს იმუნოთერაპიაზე, ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინასა და BioNTech-ის აღნიშნულ ქვეყანაში გაფართოებაზე, -აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ BioNTech-ი კემბრიჯში კვლევით ცენტრს, ხოლო ლონდონში რეგიონულ სათავო ოფისს გახსნის.

შეგახსენებთ, BioNTech-ი ასევე ავითარებს mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მალარიის, გრიპისა და ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

რაც შეეხება mRNA-ზე დაფუძნებულ კიბოს თერაპიას, გერმანული კომპანია ამ მიმართულებით 2008 წელს დაარსების დღიდან მუშაობს. მისი ექსპერიმენტული პრეპარატები ამ დრომდე რამდენიმე ასეულ ადამიანზეა გამოცდილი.