ბირთვული ენერგიის წარმოების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

ბირთვული ენერგიის წარმოების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით

დღეს მსოფლიოში 450-მდე ბირთვული რეაქტორი ფუნქციონირებს. მათ მიერ წარმოებული ბირთვული ენერგია კი მსოფლიო ელექტროენერგიის 10%-ზეა პასუხისმგებელი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი სახელმწიფო იყენებს ბირთვულ რეაქტორებს, როგორც სუფთა ენერგიას, მისი გამომუშავება 1990-იანი წლების პიკიდან ნელ-ნელა მცირდება.

მსოფლიოს უდიდეს სახელმწიფოებს ბირთვული ენერგიის გამომუშავებასთან დაკავშირებით, მისი უსაფრთხოების გათვალისწინებით, განსხვავებული პოზიციები აქვთ, სწორედ ამიტომ საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე დიდი რაოდენობით ბირთვულ ენერგიას.

მსოფლიო ბირთვული ენერგიის 91%-ის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ 15 ქვეყანაზე მოდის. ამ მხრივ ყველაზე მსხვილი მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატებია. ქვეყანაში 96 ბირთვული რეაქტორი ფუნქციონირებს და აშშ-ს მსოფლიოში წარმოებული ბირთვული ენერგიის თითქმის 31%-იანი წილი უკავია. რეაქტორების დახმარებით კი ქვეყნის სუფთა ელექტროენერგიის 50% გამომუშავდება. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყანაში არსებული 96 რეაქტორიდან 88-ს 20-წლიანი ექსპლუატაციის ვადა მიენიჭა.

მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ბირთვული ენერგიის მწარმოებელი ჩინეთი საკუთარი კლიმატური მიზნების განსახორციელებლად ბირთვულ ენერგიაში უფრო დიდი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. მისი გეგმის თანახმად, 2035 წლამდე 150 ახალი ბირთვული რეაქტორი უნდა აშენდეს, რაც მთლიანად სახელმწიფოს 440 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება.

სანაცვლოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროპაში ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მიდგომაა. მაგალითად, რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფი გერმანია 2022 წლისათვის ყველა არსებული ბირთვული რეაქტორის დახურვას გეგმავს, საფრანგეთში ელექტროენერგიის უმთავრესი წყარო კი სწორედ ბირთვული ენერგიაა.

ევროპის ქვეყნების ბირთვულ ენერგიაზე დამოკიდებულება საკმაოდ დიდია. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთი წარმოებით ტოპ-15 ქვეყანას შორის არ არის, მისი ენერგოსექტორის 50%-ზე მეტი სწორედ ბირთვულ ენერგიაზეა დამოკიდებული. იმავეს თქმა არის შესაძლებელი უნგრეთზეც და ევროპის კიდევ უამრავ სახელმწიფოზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბირთვული ენერგიის ლანდშაფტი, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მუდმივად იცვლება. ის განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში ხდება, როდესაც ქვეყნების კლიმატური მიზნები ცვლილებებს განიცდის.

 

მონაცემები აღებულია Visual Capitalist-იდან და მოიცავს 2020 წლის მაჩვენებლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *