მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის საცალო ღირებულება სამშაბათს, უკანასკნელ ხუთ თვეში პირველად, $100,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ხუთი ნოემბრის მდგომარეობით, Coinmarketcap-ზე ბიტკოინი დაახლოებით $99,400-ად ივაჭრებოდა, თუმცა მოგვიანებით კრიპტოტოკენის ფასი კვლავ გაიზარდა და ამჟამად $101,679-ს შეადგენს.
სამშაბათის მონაცემებით, ექვს ოქტომბერს დაფიქსირებული რეკორდული $126,198-ის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება 20%-ითაა დავარდნილი, ხოლო ბოლო ერთ დღეში კლებამ 6.4% შეადგინა. რეალურად ეს ვარდნა კრიპტობაზრებზე ბევრად უფრო ხანგრძლივი ფასების ვარდნის სერიის ნაწილია. მაგალითად, ბოლო ერთ კვირაში უმსხვილესი კრიპტოტოკენის ფასი $12.4%-ითაა შემცირებული, ოქტომბრის თვეში კი – 3.7%-ით, რაც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ბიტკოინის ფასის ვარდნის გავლენით, კრიპტობირჟაზე შემცირდა სხვა ტოკენების ღირებულებაც: ეთერიუმი 20.8%-ით დაეცა, XRP – 18%-ით, BNB – 19.2%-ით, Solana – 22.2%-ით, ხოლო დოჯკოინის ღირებულება 20.8%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსები კრიპტობირჟაზე ფასების ვარდნას ინვესტორების ქცევასა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის პოლიტიკას უკავშირებენ. კრიპტოვალუტის მაღალი ფასები, როგორც წესი, ემთხვევა ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. თუმცა Fed-ის განცხადებით, დეკემბერში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. Fed-ის პოლიტიკა ინვესტორთა ქცევაზეც აისახება, რომლებიც სარისკო აქტივებში ინვესტიციისგან თავს იკავებენ.
უკანასკნელი წლების დაკვირვებით, Fed-ის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და გაზრდის შესახებ პირდაპირ აისახება ბიტკოინის ფასზეც. მაგალითად, პანდემიის დროს განაკვეთების შემცირების შემდეგ ტოკენის ღირებულება 2020 წლის მარტის $5,000-დან 2021 წლის ნოემბრისთვის დაახლოებით $69,000-მდე გაიზარდა. ხოლო 2018 წელს, განაკვეთების ზრდას, ბიტკოინის ღირებულების $20,000-დან $3,000-მდე ვარდნა მოჰყვა.













