ბიტკოინის ღირებულება $90,000-ს ჩამოსცდა | უმსხვილესი კრიპტოვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

ბიტკოინის ღირებულება $90,000-ს ჩამოსცდა | უმსხვილესი კრიპტოვალუტა გაუფასურებას განაგრძობს

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება ორშაბათს საღამოს, აპრილის შემდეგ პირველად, $90,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა. 17 ნოემბრის მონაცემებით, Coinmarketcap-ზე ბიტკოინი დაახლოებით $89,426-ად ივაჭრებოდა, რაც უკანასკნელ 24 საათში 5.3%-ზე მეტით ვარდნაა. თუმცა მოგვიანებით კრიპტოტოკენის ფასი კვლავ გაიზარდა და ამჟამად $91,000-ის ფარგლებში მერყეობს.

ბიტკოინის ღირებულება ბოლოს $90,000-იან ნიშნულს აპრილში ჩამოსცდა. მაშინ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ე.წ. „განთავისუფლების დღის“ ღონისძიებაზე ფართომასშტაბიანი ტარიფების გამოცხადებას ბიტკოინის ფასის $75,00-ს ქვემოთ ვარდნა მოჰყვა. თუმცა უკანასკნელი პერიოდის შედეგები ინვესტორების ქცევისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის პოლიტიკის შედეგია, რადგან Fed-ს დეკემბერში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ტრეიდერები ბიტკოინის ღირებულების $80,000-მდე ვარდნასაც ვარაუდობენ.

ბიტკოინის ღირებულების ვარდნამ გავლენა სხვა ძირითადი კრიპტოტოკენების ფასებზეც იქონია. მათ შორისაა ეთერიუმი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში მეორე ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტა, რომლის ფასიც ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.6%-ით, $3,000-ზე დაბლა დაეცა. XRP-ის, Binance-ის BNB-ისა და Solana-ს SOL-ის ღირებულების უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვარდნამ კი, შესაბამისად, 3.9%, 3% და 3.2% შეადგინა. Dogecoin-ის, კრიპტობაზარზე ყველაზე დიდი მიმკოინის ფასი, ასევე ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.8%-ზე მეტით დაეცა.

Coinbase-ის საკუთრებაში არსებული კრიპტოოფციონებისა და ფიუჩერსების ბაზრის, Deribit-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Bloomberg-ი წერს, რომ ტრეიდერების შეშფოთება ბიტკოინის მომავალთან დაკავშირებით იზრდება. ანგარიშის თანახმად, ბოლო გაყიდვები ჯერ კრიტიკულ ნიშნულამდე არ მისულა, თუმცა გაიზარდა ოფციონების შესყიდვის აქტივობა, რათა მფლობელებმა თავიანთი კრიპტოპორტფელი ტოკენის $85,000-$80,000-იან ღირებულებამდე ვარდნისგან დაიცვან.