ბიტკოინის ღირებულება ბოლო ორი თვის მაქსიმუმზეა | რამ გამოიწვია ფასის მატება?

ბიტკოინის ღირებულება ბოლო ორი თვის მაქსიმუმზეა | რამ გამოიწვია ფასის მატება?

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება უკანასკნელ 24 საათში 3.5%-ით გაიზარდა და, ოთხშაბათის მდგომარეობით, ბოლო ორი თვის მაქსიმუმს, $96,755-ს მიაღწია. ანალიტიკოსები ღირებულების მატებას Fed-ის მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინსა და აშშ-ის კანონმდებლების მიერ შეთავაზებულ „გამჭვირვალობის აქტს“ უკავშირებენ.

ბიტკოინის $96,755-იანი ღირებულება უმსხვილესი კრიპტოვალუტისთვის მაქსიმალური შეფასებაა მას შემდეგ, რაც ნოემბრში ფასმა $100,000-ს გადააჭარბა. შაბათს, ბიტკოინის ღირებულება $90,383-მდეც კი დაეცა, რის შემდეგაც, ოთშაბათისთვის, 8%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ბიტკოინის ფასის მატებამ გავლენა სხვა კრიტოვალუტების ღირებულებაზეც იქონია. უკანასკნელ 24 საათში 4.6%-ით გაიზარდა ეთერიუმის ფასი, ხოლო დოჯკოინის, სოლანასა და XRP-ის შემთხვევაში, მატებამ, შესაბამისად, 3.1%, 2.2% და 1.6% შეადგინა. CoinGecko-ს მონაცემებით, შაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, კრიპტობაზრის ჯამური საბაზრო ღირებულება $161 მილიარდით, $3.17 ტრილიონიდან $3.3 ტრილიონამდეა გაზრდილი.

აშშ-ის ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტმა (FOMC), საპროცენტო განაკვეთები ბოლოს გასული წლის დეკემბერში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, 3.75%-4%-დან 3.5%-3.75%-მდე შეამცირა. არსებული ეკონომიკური პროგნოზებით, Fed-ი განაკვეთის ერთი მეოთხედი პუნქტით შემცირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დამატებით რამდენიმე ეტაპად, კვლავ გეგმავს. ამ მიდგომით, 2027 წელს მიზნობრივი განაკვეთი 3%-დან 3.25%-მდე უნდა შემცირდეს.

პარალელურად, აშშ-ის სენატი „გამჭვირვალობის აქტის“ მიღებასაც უახლოვდება. კანონპროექტით განისაზღვრება, თუ რომელი სააგენტო, SEC-ი თუ CFTC-ი, კონკრეტულად რომელ კრიპტოვალუტას დაარეგულირებს. სენატის საბანკო კომიტეტმა განაცხადა, რომ კანონპროექტში ცვლილებების განხილვას ამ კვირაში დაიწყებს.