მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – რამდენიმე საათის წინ მისმა ღირებულებამ $126,198-ს მიაღწია. ამჟამად Coinmarketcap-ზე ბიტკოინი დაახლოებით $124,000-ად ივაჭრება.
ზოგადად ბიტკოინის ზრდა ბოლო წლის განმავლობაში ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კრიპტომეგობრული რეგულაციების შემოღებით შეიძლება აიხსნას. აშშ-ის კრიპტოპოლიტიკის ცვლილებამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდანაც. დღეს ამერიკული ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების უმეტესობა ბიტკოინში აქტიურად ინვესტირებს.
ფინანსური ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის ფასის ზრდის ბოლო ტალღას ხელი შეუწყო აშშ-ის მთავრობის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო დოლარის კურსის ვარდნამაც.
ბიტკოინი ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტაა, რომელიც კრიპტობაზრის 58%-ს შეადგენს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $2.45 ტრილიონია, კრიპტობაზრის სრული ღირებულება კი $4.21 ტრილიონს შეადგენს. ამჟამად ცირკულაციაში 19.92 მილიონი ბიტკოინია, სულ კი 21 მილიონი ერთეული ბიტკოინის გამოშვებაა დაგეგმილი.
მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ფასი ერთი წლის განმავლობაში 99.2%-ით, თითქმის ორჯერ გაიზარდა, რაც, როგორც აღვნიშნეთ, დონალდ ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ წარმოებულ პოლიტიკას უკავშირდება. ტრამპმა ბიტკოინის პოპულარობა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიისას გაზარდა, როდესაც ერთ-ერთ დაპირებად ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის გადაწყვეტილება გააჟღერა.