ბიტკოინის ფასი 18-თვიან მაქსიმუმზეა | გაძვირების მიზეზები

ბიტკოინის ფასი 18-თვიან მაქსიმუმზეა | გაძვირების მიზეზები

სამშაბათს, 24 ოქტომბერს, მსოფლიოში საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულებამ, თითქმის 18 თვის განმავლობაში, პირველად გადააჭარბა 34,000 ამერიკულ დოლარს.

ფასი ჯერ 35,000 დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის მაისის შემდეგ დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია, შემდეგ კი მცირედით დაიკლო.

ერთი დღე-ღამის განმავლობაში ბიტკოინი 10%-ით, ერთ კვირაში – 20%-ით, წლის დასაწყისიდან დღემდე კი 107%-ითაა გაძვირებული.

ბიტკოინის ღირებულების ზრდას განაპირობებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და მიმოცვლის კომისიის (SEC) მიერ ბიტკოინის გაცვლითი სავაჭრო ფონდის (ETF) დამტკიცების მოლოდინი. ETF-ი საინვესტიციო ფასიანი ქაღალდის ტიპია და, როგორც წესი, კონკრეტულ სექტორს, საქონელს ან აქტივს მოჰყვება. რაც მთავარია, აქციების მსგავსად, მისით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაა შესაძლებელი.

ETF-ი საფონდო ბირჟის ინვესტორებს შესაძლებლობას მისცემს, ბიტკოინში ინვესტიცია ისე განახორციელონ, რომ ამ არასტაბილურ ვალუტას პირდაპირ არ ფლობდნენ. ამავდროულად, გაცვლითმა სავაჭრო ფონდმა კრიპტოვალუტაზე მოთხოვნაც უნდა გაზარდოს, რაც, თავის მხრივ, ფასზეც აისახება და სექტორში ახალ კაპიტალსაც გააჩენს.

ფასზე გავლენა მოახდინა სპეკულაციამაც, კერძოდ, საინვესტიციო გიგანტის, BlackRock-ის iShares Bitcoin ETF-ის ამერიკული ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიის, DTCC-ის ვებგვერდზე განთავსებამაც. უცნობია, ეს რატომ ან როდის მოხდა. BlackRock-ი ერთ-ერთია იმ ამერიკული ფინანსური ფირმებისგან, რომლებმაც ბიტკოინის ETF-ზე განაცხადი უკვე შეიტანეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა კრიპტოაქტივების მმართველი კომპანია Grayscale-ის სარჩელი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და მიმოცვლის კომისიის წინააღმდეგ. მანამდე რეგულატორმა უარი თქვა Grayscale-ის ბიტკოინის ურთიერთდახმარების ფონდის ETF-ად კონვერტაციაზე. ამასთან, SEC-მა სხვა განცხადებებიც დაბლოკა ბიტკოინის ETF-ის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასის ტრაექტორია სხვა, შედარებით მცირე კაპიტალიზაციის მქონე ციფრული ვალუტებისთვისაც საორიენტაციოა და მათ ღირებულებაზე გავლენას ახდენს. მაგალითად, მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი ოცდაოთხ საათში 7.2%-ით გაიზარდა და 1,800-დოლარიან ნიშნულს ორი თვის განმავლობაში პირველად გადასცდა.