შაბათს, 31 იანვარს, ბიტკოინის ფასმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო. ეს კი, როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, ინვესტორების მიერ აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის პერსპექტივების ხელახლა გადაფასებას მოჰყვა, რაც, თავის მხრივ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის პოსტზე კევინ უორშის წარდგენამ გამოიწვია.
შედარებისთვის, პარასკევს ბიტკოინი დაახლოებით $84,000-ად ივაჭრებოდა, თუმცა შაბათს მისი ფასის მკვეთრი ვარდნა დაიწყო და უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება $78,000-ს ჩამოსცდა. ეს თითქმის ემთხვევა იმ პერიოდის მაჩვენებელს, როდესაც 2024 წელს ტრამპი პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს. ამჟამად, Coindesk-ის მონაცემებით, დაახლოებით $77,800-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა ცოტა ხნის წინ $76,000-ის ფარგლებშიც ივაჭრებოდა.
ცნობისთვის, ბიტკოინმა პიკური მაჩვენებელი 2025 წლის ოქტომბერში დააფიქსირა, როდესაც მისმა ფასმა $126,198-ს მიაღწია. თუმცა ამას შემდეგ კრიპტოვალუტის ღირებულება ძირითადად კლებას განიცდის, რადგან ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის მიმართ არსებული გაურკვევლობის გამო ინვესტორები მაღალი რისკის მქონე აქტივებს თავს არიდებენ.
მკვეთრი ვარდნა მხოლოდ ბიტკოინს არ შეხებია. Coindesk-ის მონაცემებით, Ethereum-ის, BNB-ის, XRP-ისა და Solana-ს ფასი გასულ ერთ კვირაში მინიმუმ 10%-ით მაინც დაეცა.
ბიტკოინის კლებას თან დაერთო ოქროს ფასის რეკორდული მაჩვენებლიდან შემცირება. ამის მიზეზადაც უორშის Fed-ის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენა სახელდება. კრიპტოვალუტებსა და ძვირფას ლითოებზე ფასის ვარდნის პარალელურად აშშ დოლარი გამყარდა და, Bloomberg-ის ცნობით, მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა..
როგორც Forbes-ი წერს, თავად კევინ უორშს კრიპტოვალუტების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება არაერთხელ დაუფიქსირებია. 2021 წლის ინტერვიუში მან ბიტკოინი „40 წლამდე ადამიანებისთვის ახალ ოქროდ“ მოიხსენია. 2025 წელს უორშმა აღნიშნა, რომ „ბიტკოინი ალტერნატიული ვალუტის სტატუსს უფრო და უფრო იმყარებს“.











