მიმდინარე კვირაში, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება პირველად აპრილის შემდეგ $90,000-იან ნიშნულს ჩამოსცდა და ბოლო დღეებში Coinmarketcap-ზე $91,000-ის ფარგლებში ივაჭრებოდა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ვარდნაა ტოკენისთვის, რომელიც ნოემბრამდე, ხუთი თვის განმავლობაში, $100,000+-იან შეფასებას ინარჩუნებდა. ბიტკოინის ფასის კლების გავლენით კი კრიპტოვალუტების კოლექტიური ღირებულება 6 ოქტომბრის პიკის შემდეგ $1 ტრილიონით შემცირდა.
ანალიტიკოსები ახლა უკვე ბიტკოინის ფასის $85,000-$80,0000-მდე ვარდნას პროგნოზირებენ. შემდგომი მაჩვენებელი კი შესაძლოა $77,000-იანი ნიშნული იყოს – 2025 წელს ბიტკოინის ყველაზე დაბალი საცალო ღირებულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ფართომასშტაბიანი ტარიფების გამოცხადების შემდეგ დაფიქსირდა. თუმცა ინვესტორებს იმედს Nvidia-ს ძლიერი კვარტალური შედეგები აძლევს, რომელთა გამოქვეყნების შემდეგაც ბიტკოინის ფასმა მატება დაიწყო.
თუმცა ბოლოდროინდელმა ვარდნამ კრიპტოინდუსტრიაზე გავლენა უკვე იქონია. კერძოდ, კრიპტოვალუტების კოლექტიური საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა $3.2 ტრილიონს უახლოვდება, მაშინ როდესაც 6 ოქტომბერს რეკორდულ $4.3 ტრილიონს მიაღწია.
ცნობისთვის, ბიტკოინის ღირებულებამ მაქსიმუმს, $126,000-ს, მიმდინარე წლის ოქტომბერში მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულების ვარდნა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის მრავალჯერადი შემცირებისა და ინსტიტუციური ინვესტორების ზრდის მოლოდინს უკავშირდებოდა, თუმცა არცერთი არ გამართლდა. Fed-ს დეკემბრისთვოს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
ამასობაში კი, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულება $3,000-ს ჩამოსცდა. სიდიდით მეორე ტოკენის ფასი, წლევანდელი ზრდის პირველ ნახევარში ბიტკოინთან შედარებით ჩამორჩენის შემდეგ, აგვისტოში თითქმის $5,000-მდე გაიზარდა და 2021 წლის მაქსიმუმს დროებით გადააჭარბა. თუმცა მოგვიანებით ეს მოგება მან მთლიანად დაკარგა.















