ბიზნესები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ქმედებები დაგმო

ბიზნესები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ ქმედებები დაგმო

28 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარს ამბობს. კობახიძემ გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები სახელმწიფოსთვის გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ.

ამავე დღეს, პრემიერ-მინისტრის განცხადებას თბილისში აქციების ახალი ტალღა მოჰყვა, რაც არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს დაერთო. საპოლიციო დანაყოფებმა დემონსტრანტები არაერთხელ დაარბიეს, რის შედეგადაც აქციის მონაწილეებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააპროტესტა და აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო ქართული ბიზნესსექტორის კომპანიების ნაწილმა:

თიბისის განცხადება

„თიბისი, როგორც საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანია, თავისი არსებობის 32-წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის იდგა და იდგება საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე.

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ  ევროპული ინტეგრაციის დროებით შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

ჩვენ ვდგავართ თავისუფლებისა და ევროპული კურსისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით და მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

#ერთად გავიმარჯვებთ საქართველოსთვის“.

საქართველოს ბანკის განცხადება

„საქართველოს ბანკისთვის, რომლის სახელსაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზას ალტერნატივა არ აქვს.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე – არ გაჩერდე!“

აჭარა ჯგუფის განცხადება

„საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რაც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების იდეალებს. ეს ღირებულებები ჩვენი ისტორიის ნაწილია.

ქართველი ხალხი და ქართული ბიზნესი ბუნებრივად იზიარებს ამ ფასეულობებს. ევროპასთან სიახლოვე არის ჩვენი სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი გზა. ჩვენ მტკიცედ ვემხრობით საქართველოს ევროინტეგრაციას და ვგმობთ ძალადობას!“

თეგეტა ჰოლდინგის განცხადება

„თეგეტა ჰოლდინგში, უკვე თითქმის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობთ, ბიზნესის განვითარება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან დავინახოთ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა აზიანებს უპირველესად ქვეყნის მომავალს, საფრთხეს უქმნის განვითარებასა და იმ საერთო მიზნებს, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე დავისახეთ.

ასევე, მიუღებელია მოქალაქეებზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. თითოეული ქართველის მოვალეობაა, დავიცვათ კონსტიტუცია და ყველა ჩვენგანის ინტერესშია, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც დასავლური სამყარო უხსნის ჩვენს ქვეყანას.

წინ და წინ, ევროპისკენ!“

ჯიპიაი ჰოლდინგის განცხადება 

„ჩვენ, როგორც ევროპული კომპანია, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით.

განსაკუთრებით ვგმობთ მედიის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობას, რაც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ევროპული ღირებულებების ფუნდამენტია. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი. ყოველი ნაბიჯი, რომელიც გვაფერხებს ამ გზაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და მომავლის ხედვას“.

სილქ როუდ ჯგუფის განცხადება

„სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.

არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ“.

მაგთიკომის განცხადება

„მაგთიკომი კატეგორიულად გმობს საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული.

ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს მომავალი ევროპაშია!“

ალტას განცხადება

„საქართველოს ევროინტეგრაცია ჩვენი ისტორიული არჩევანია! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ თავისუფალი და ევროპული მომავლის მხარეს. #ძალაევროპაშია“

ევროპროდუქტის განცხადება

„ევროპროდუქტისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს! ეს კომპანიის დასახელებაშივეა ასახული.

სწორედ ევროპაა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი!

ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს!

წინ ევროპისკენ!“

ჯი-თი გრუპის განცხადება

„ჯი თი გრუპი გმობს ყოველგვარ ძალადობას და მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს!“

კლინიკა კურაციოს განცხადება

„კლინიკა კურაციოს თანამშრომლები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და არ შეესაბამება ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას.

ვიზიარებთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოვლენების სულისკვეთებას. ვგმობთ ძალადობას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვების, ჟურნალისტების, ექიმების წინააღმდეგ.

კლინიკა კურაციო მზად არის უსასყიდლოდ ჩაუტაროს სამედიცინო მომსახურება აქციებზე დაზარალებულ ჩვენს თანამემამულეებს..

საქართველოს მომავალი ევროპაშია!“

პინეო სამედიცინო ეკოსისტემის თანამშრომლების განცხადება 

„ჩვენ, ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია ვდგავართ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ჩვენ მიერ გადარჩენილია უამრავი სიცოცხლე, რაშიც გვეხმარება ევროპული განათლება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ. ეს გულისხმობს ევროპული განათლების სისტემის შენებას, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ გამოცდილებას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტების დახმარებას უახლესი მეთოდებით და მათ საბოლოო გამოჯანმრთელებას.

მივიჩნევთ, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვაცხადებთ, რომ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“.

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადება

„„არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო…“

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას.

გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“.

GIPA-ს განცხადება

„GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი, დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!“

ათასწლეულის სკოლის განცხადება

„ახლა ყველაფრის ხმამაღლა თქმის დროა!

ათასწლეულის სკოლაში დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი პოლიტიკური მოვლენებით, ევროპაში ინტეგრაციაზე არას თქმით, არას ვეუბნებით მოსწავლეებს, ჰქონდეთ თავისუფალი მომავალი, სადაც შეძლებენ საკუთარი ინდივიდუალიზმის, მისწრაფების გამოხატვას და არას ვეუბნებით მათ მომავალს.

და თუ მოსწავლეების მომავალი ეჭვქვეშ დგება, მაშინ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც აზრს კარგავს!“

ნიუტონის თავისუფალი სკოლის განცხადება

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!

ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.

თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!“

მწვანე სკოლის განცხადება

„ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ერთგული რჩება საქართველოს კონსტიტუციის და უერთდება არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობას.

მივიჩნევთ, რომ ქვეყნის პროგრესისთვის განათლების ევროპული გზა და ღირებულებები შეუცვლელია.

მხარს ვუჭერთ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხადად აფიქსირებს საკუთარ აზრს ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი – ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება.

ასევე, ჩვენი კარი ღია რჩება სკოლაში მოსვლის მსურველი ყველა მოსწავლისთვის“.

საერთაშორისო აკადემია ლოგოსის განცხადება

„ჩვენი სკოლა ყოველთვის იდგა პროგრესის, თავისუფლებისა და ერთობის მხარეს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ლოგოსში გვაერთიანებს!

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი მოსწავლეების, თანამშრომლების, მშობლებისა და ყველა მოქალაქის უფლებას, იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც მათი ფუნდამენტური უფლებები დაცულია. ამიტომ, ვგმობთ ძალადობას და ვუჭერთ მხარს მშვიდობიან პროტესტს, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ.

დაფუძნების დღიდან, ლოგოსის უმთავრესი მიზანია, აღზარდოს საკუთარი შესაძლებლობების გააზრების, თვითშემეცნებისა და თვითრეალიზების უნარების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც მომზადებულნი იქნებიან საერთაშორისო დონეზე კარიერის გასაგრძელებლად. ჩვენი მოსწავლეების სრული უმრავლესობა ირიცხება საქართველოს, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ბევრი მათგანი ბრუნდება სამშობლოში და წვლილი შეაქვს ქვეყნის საჯარო თუ კერძო სექტორების განვითარებაში. ბევრი კი დასაქმებულია საერთაშორისო ორგანიზაციებში და გლობალური მნიშვნელობის მქონე ცვლილებებს ემსახურება.

ლოგოსს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა სწორედ ქართული და დასავლური ღირებულებისა და გამოცდილების ინტეგრაციას უნდა დაეყრდნოს. გვჯერა, რომ უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად და არასდროს გადავუხვიოთ ევროინტეგრაციის კურსს“.

ევროპული სკოლის განცხადება

„„ევროპული სკოლა“ დაარსების დღიდან ემსახურებოდა მიზანს, მოსწავლეებისთვის შეეთავაზებინა „ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ახალი გზა ევროპისკენ”. ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, ვითარდებიან და აქვთ სწრაფვა სწორედ ევროპული ღირებულებებისკენ.

თავისუფლება, თანასწორობა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანობა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელი და ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებისეული პრინციპებია. ამ სულისკვეთებით არაერთი თაობა აღვზარდეთ. დღეს ისინი საზოგადოების ლიდერები არიან და ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ძალა.

„ევროპული სკოლა“ არის თავისი მიზნის ერთგული და დღეს, როგორც არასდროს, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს!“

Golden Tulip Design Tbilisi-ის განცხადება

„საქართველოს მომავალი ახლა წყდება!

დაუშვებელია ძალადობის ფორმები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეების მიმართ ხორციელდება.
ვაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე პოზიციას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს.

წინ ევროპისკენ! საქართველო გაიმარჯვებს!“

პროკრედიტ ბანკი საქართველოს განცხადება

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გამოვხატოთ პროკრედიტ ბანკის პოზიცია.

ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და დასავლეთისკენ სწრაფვას, რომელიც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია მისი დამოუკიდებლობის დღიდან და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამავე დროს, მშვიდობიანი აქტივიზმის თავისუფალი გამოხატულება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს, მითუმეტეს, ძალადობრივი მეთოდებით.

პროკრედიტ ბანკი გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საქართველოში უკვე 25 წელია ოპერირებს და თავიდანვე აქტიურად არის ჩართული ქართული ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაში.

ჩვენი ევროპული ღირებულებები მუდმივ თანხვედრაშია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან“.

BDO Georgia-ს განცხადება

„მიუღებლად მიგვაჩნია მთავრობის გადაწყვეტილება, არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე. საქართველოს სვლა ევროპისკენ, რომელიც რეალური გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გასულ დეკემბერში, არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რისთვისაც ის მთელი არსებობის განმავლობაში იბრძვის ევროპასთან ნამდვილი, ორგანული კავშირის უზრუნველსაყოფად, რომელიც გამოხატულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუცველ პირებზე თავდასხმა, მათი დევნა, ცემა და სისასტიკე, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომელიც ისწრაფვის დემოკრატიისკენ“.

VELI.store-ის განცხადება 

„თავისუფლებისთვის ბრძოლა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით თქვენ გვერდით“.

Leavingstone-ის განცხადება

„გულწრფელი მადლობა და უდიდესი სიამაყე გვინდა გამოვხატოთ ჩვენი თანამშრომლების, კოლეგებისა და მეგობარი ფრილანსერებისადმი, ვინც რუსთაველზე დგას და ქვეყნის მომავალს იცავს დასახიჩრების და დაკავების რისკის ფასად.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია არსებული რეჟიმის ქმედებები.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სადამსჯელო ნადირობა მშვიდობიან ხალხზე, დაისაჯონ დამნაშავეები და გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებულნი; ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები; ქვეყანა დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!

ჩვენი მომავალი ევროპაშია!“

სია განახლებადია..