ბიზნესების ლიდერი

ბიზნესების ლიდერი
ქართლოს დიასამიძის ბიზნესსაქმიანობა 20-ე საუკუნის დასასრულს დაიწყო. დღეს ის სხვადასხვა სექტორში არაერთ ბიზნესს ფლობს, მათ შორისაა: Leader-Bet-ი, Leader Development-ი, Villa Mosavali, წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი და სხვა  კომპანიები. ბიზნესმენი განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ბიზნესმენის, კარიერა? 

ბიზნესის სფეროში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოვხვდი, როდესაც თბილისიდან საჩხერის აფთიაქების მედიკამენტებით მომარაგება დავიწყე. დროთა განმავლობაში გადავწყვიტე, ამ ბიზნესისთვის უფრო მასშტაბურად მომეკიდა ხელი და რაიონში რამდენიმე აფთიაქი გავხსენი. სააფთიაქო ბიზნესმა ფინანსურად ფეხზე დამაყენა, რის შემდეგაც უკვე მზად ვიყავი ახალი გამოწვევებისათვის.

ასე აღმოვჩნდი სათამაშო ბიზნესში. ტოტალიზატორში მომხმარებლის პოზიციიდან გარკვეული გამოცდილება მქონდა მიღებული, პარალელურად კი ბიზნესზე დაკვირვების საშუალებაც მომეცა. გადავწყვიტე, ეს საქმე წამომეწყო. ასე გავხსენი 2003 წელს პირველი ტოტალიზატორი, თვითონვე დავჯექი სალაროსთან და ბილეთების მიღება დავიწყე. მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იყო, მათ შორის არც აზარტული თამაშების მიმართულებით, ამიტომ ყველაფრის კეთება ხელით გვიწევდა. 

ძალიან მალე, ხუთ-ექვს თვეში, მივხვდი, რომ საკმაოდ მოგებიანი ბიზნესი იყო და გაფართოება გადავწყვიტე. გადმოვედი თბილისში და გლდანის მეტროსთან პირველი ტოტალიზატორი გავხსენი, რომელსაც „ჩიხურა“ დავარქვი, საჩხერის მდინარის სახელი. 

ბიზნესი დედაქალაქშიც კარგად აეწყო და ამას კიდევ უფრო გაფართოება მოჰყვა, დაახლოებით 20-მდე ობიექტი გავხსენი, ახლა უკვე პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად. ამ დროისთვის უკვე სლოტ-აპარატებიც შემოვიდა და მათი ტოტალიზატორებში განთავსება და ამ ბიზნესის პარალელურად განვითარება დავიწყეთ. მოგვიანებით უფრო დიდი ობიექტები ქალაქის ცენტრშიც გავხსენით. ასე რომ, სათამაშო ბიზნესში ფეხი მყარად მოვიკიდეთ. 

2010 წლისთვის გაჩნდა სურვილი და ინტერესი, ინტერნეტტოტალიზატორი გაგვეკეთებინა. სრულიად შემთხვევით გავიცანი პიროვნება, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი პროგრამისტია. სწორედ მასთან ერთად დავიწყე ამ პროექტზე მუშაობდა და ამავე წლის ივნისში საიტი უკვე მოხმარებაში ჩაეშვა, თუმცა,სიახლეებისა და მოთხოვნის შესაბამისად, დღესაც დახვეწისა და განვითარების პროცესშია.

წმინდა მიქაელის ჰოსპიტალსაც ფლობთ – როგორ აღმოჩნდით ჯანდაცვის სექტორში? 

ჯანდაცვის სექტორში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. გავიგე, რომ სახელმწიფო კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე „მიხაილოვის“ საავადმყოფოს ასხვისებდა. ეს კლინიკა ყველაზე ძველია საქართველოში, ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფუნქციონირებს. ჩემთვის ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელი აღმოჩნდა, რომ ამ ისტორიული საავადმყოფოს ფუნქციონირების გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა ამეღო. 

ასე შევიძინე კლინიკა, რომელიც ბელიაშვილზე გადავიტანე, სადაც შევისყიდე ფართი და გავხსენი წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი. ეს კლინიკა ახალ ლოკაციაზე უკვე 14 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს. აღნიშნული ბიზნესი შესაძლებლობას იძლევა, უამრავ ადამიანს დაეხმარო და ბევრი კარგი საქმე გააკეთო. 

ამის შემდეგ დააფუძნეთ სამშენებლო კომპანია. რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის წამოწყება? 

სამშენებლო სექტორით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. დაახლოებით ხუთი-ექვსი წელიწადია, რაც მიწების შეძენა დავიწყე. თუმცა დროის არქონის გამო ახალი საქმის წამოსაწყებად ვერ მოვიცალე. 

პირველი მშენებლობა 2021 წელს, გლდანში დავიწყე ჩემ მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიით, რომელსაც Leader Development-ი დავარქვი. ვცდილობ, სიტყვა „ლიდერი“ ყველა ჩემი კომპანიის სახელში გამოვიყენო, სადაც ეს შესაძლებელია. რაც შეეხება ნახსენებ პროექტს, ეს არის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც დაახლოებით 50 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და შენობა შავი კარკასის მდგომარეობამდეა მიყვანილი. 

სულ რაღაც ორი თვეა, რაც მეორე პროექტის განხორციელება დავიწყე. ეს კორპუსი სარაჯიშვილის მეტროსთან შენდება და დაახლოებით იმავე მასშტაბისაა. 

პარალელურად, რამდენიმე დიდ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა. მათ შორის არის „ლისი სითი ვიუ“ –  ეს არის პროექტი ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი დიდი უბანი კეთდება, აქ 80 კერძო სახლი აშენდება. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა მეგობარი და პარტნიორი ამ ლოკაციაზე განთავსდეს. ამის გარდა, კიდევ სამ-ოთხ დიდ პროექტს ვამზადებთ, რომელთა მშენებლობას უახლოესი ერთი წლის მანძილზე დავიწყებთ.

სამშენებლო სექტორში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა, არ შეხვდით გამოწვევებს ამ სფეროში შესვლისას?

გეთანხმებით, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ბიზნესში შესვლისას მნიშვნელოვან სირთულეს გადავაწყდი. არც პროექტის დაგეგმარებისას, არც იმ სივრცესთან დაკავშირებით, სადაც მშენებლობებს ვაწარმოებთ, პრობლემები ჯერჯერობით არ შეგვქმნია. რაც შეეხება კონკურენციას, ვცდილობ, აქცენტი ხარისხზე გავაკეთო, რაც Leader Development-ს ამ სექტორში თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.

Villa Mosavali-ის თანამფლობელიც ხართ, სტუმარმასპინძლობის სექტორში როგორ აღმოჩნდით? 

ყოველთვის მქონდა სურვილი, Villa Mosavali-ის მსგავსი შატო გამეკეთებინა, სადაც იქნებოდა მარანი, სასტუმრო, რესტორანი, რასაც ზოგადად მსგავსი კომპლექსები მოიცავს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ფინანსური რესურსის ამ საქმეში ინვესტირება გადავწყვიტე. 

ჩემი იდეისთვის ხორცის შესასხმელად შესაბამის ადგილს ვეძებდი, თითქმის მთელი კახეთი შემოვიარე და არაერთი ლოკაცია განვიხილე. მინდოდა, ყველაფერი ნულიდან დამეწყო, რაც დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვდა, თუმცა სურვილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 

რამდენიმე ლოკაცია უკვე შერჩეული მქონდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა, მიხეილ შეყრილაძემ, პარტნიორობა შემომთავაზა. ვინაიდან სურვილი უკვე მქონდა, ამ ბიზნესში პარტნიორობაზე სიამოვნებით დავთანხმდი. 

Villa Mosavali-ის კომპლექსი, ფაქტობრივად, სრულად დასრულებულია. არის სასტუმრო, რესტორნები, ღვინის მწარმოებელი ქარხანა, მარანი და ვენახები. 

რა შეცვალა ამ ბიზნესში თქვენმა შესვლამ? 

მიშას თავიდანვე ჰქონდა Villa Mosavali-ის გაფართოების გეგმა, ჩემი ბიზნესში შესვლის შემდეგ კი ამ გეგმის განხორციელებას ერთად შევუდექით. პირველ რიგში, ირგვლივ არსებული მიწების შესყიდვა დავიწყეთ და 4-5 ჰექტარამდე ნაკვეთები შევისყიდეთ. ასევე, გადავწყვიტეთ დარბაზის აშენება, რომლის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს დარბაზი 700 ადამიანზე იქნება გათვლილი. 

ასევე გადავწყვიტეთ საცურაო აუზის გადიდებაც, ვინაიდან ამ კუთხით საკმაოდ დიდი მოთხოვნა დავინახეთ. 

ირგვლივ ტერიტორიებზე ვიწყებთ რამდენიმე ვილა-კომპლექსის მშენებლობას. პირველ ეტაპზე 22 სახლის მშენებლობაა დაგეგმილი. იდეა Ambasador-იდან მოდის, სადაც ვილების შექმნაში თვითონ მაქვს მონაწილეობა მიღებული. პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად მოგებიანი იქნება ეს ბიზნესი სხვა ბიზნესებთან შედარებით? 

აღნიშნულ ბიზნესში შესვლა უფრო გრძელვადიან საინვესტიციო პროექტად წარმომედგინა, რომელიც საწყის ეტაპზე არ იქნებოდა მოგებიანი. თუმცა, სამომავლოდ, ვფიქრობ, საკმაოდ შემოსავლიანი იქნება. 

ხომ არ განიხილავთ სტუმარმასპინძლობის სექტორში სხვა ბიზნესში შესვლასაც?

ეს ბიზნესი საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, ამიტომ ამ ეტაპზე Villa Mosavali-ზე ვარ კონცენტრირებული. თვითონ ეს პროექტიც მასშტაბურია და ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

თქვენი ბიზნესებიდან ალბათ ყველაზე მოგებიანი სათამაშო ბიზნესია…

დიახ, იმ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ, საფუძველი სწორედ სათამაშო ბიზნესმა ჩაუყარა. მას საკმაოდ ცუდად უყურებენ და ქვეყნისთვის სასურველ ბიზნესად არასდროს მოიხსენიებენ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მიღებული შემოსავლის დაახლოებით 90% ისევ საქართველოშია დაბანდებული და სხვადასხვა ბიზნესის განვითარებაში იხარჯება, თუნდაც ჩემი მაგალითიდან გამომდინარე. რასაკვირველია, არ ვსაუბრობ უცხოელი კომპანიების მფლობელობაში არსებულ სათამაშო ბიზნესებზე, რომლებიც გრანდები არიან საქართველოში. ამ შემთხვევაში ალბათ შემოსავლის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაედინება. 

თქვენს ბიზნესებზე დაკვირვებით, ყველაზე დიდ გამოწვევას სად ხედავთ?

სათამაშო ბიზნესში. სანამ ონლაინ გადავიდოდით, უამრავ უსიამოვნებას ვაწყდებოდით, მათ შორის იყო შეხლა-შემოხლაც. მეორე მხრივ, ძალიან ბევრი შეზღუდვაა სახელმწიფოსგან. თუმცა ამ რეგულაციებით იგი ცდილობს, ეს ბიზნესი მაქსიმალურად მოაწესრიგოს და ევროსტანდარტებს შეუსაბამოს. 

რა მიგაჩნიათ თქვენი წარმატების მთავარ ფაქტორად ბიზნესებში?

რა საქმესაც წამოვიწყებ, ვცდილობ, მასში მაქსიმალურად ვიყო ჩართული. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე ვაფიქსირებ, თუ სადმე რამე პრობლემა წარმოიქმნება და, შესაბამისად, რეაგირებაც სწრაფია. 

საქმე, რომელიც განსაკუთრებით მომწონს, მშენებლობის ბიზნესია. პროექტის შედგენით დაწყებული, მისი განხორციელების ყველა ეტაპის მონაწილე ვარ. ვფიქრობ, მსგავსი ჩართულობის შედეგი აშკარაა. 

ბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ბიზნესმენებს, რომლებიც ამ ინდუსტრიებში შესვლას გეგმავენ?

სათამაშო ბიზნესში შესვლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით – დღეს. ძალიან დიდი კონკურენციაა და ამას ემატება ის, რომ რეკლამა აკრძალულია. რეკლამის გარეშე კი ახალი კომპანიისთვის ასეთ კონკურენტულ გარემოში ფეხის მოკიდება კიდევ უფრო რთულია. თუმცა სათამაშო ბიზნესში ბოლო პერიოდში ერთი-ორი ახალი კომპანია გამოჩნდა. 

სამშენებლო სექტორში შესვლა რომ გადავწყვიტე, თვითონაც არ მქონდა გამოცდილება. ამიტომ აქცენტი სანდო პარტნიორებსა და კვალიფიციურ სპეციალისტებზე გავაკეთე, თანხის დაზოგვაზე ფიქრი არ დამიწყია. სხვებისთვის ჩემი რჩევაც სწორედ ეს იქნება.