ბიზნესის გრძელვადიანი პარტნიორი | ინტერვიუ ზურაბ ქოქოსაძესთან

ბიზნესის გრძელვადიანი პარტნიორი | ინტერვიუ ზურაბ ქოქოსაძესთან

„საქართველოს ბანკის“, რომელიც 2.6 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, პორტფელის 34% კორპორაციულ მიმართულებაზე მოდის. სწორედ კორპორაციული საბანკო მომსახურების ნაწილში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას ცოტა ხნის წინ ზურაბ ქოქოსაძე შეუდგა. მასთან Forbes Georgia-მ ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო ზურაბ, ვიდრე გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას დაიკავებდით, თქვენ ბანკში კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებას ხელმძღვანელობდით. რა იცვლება თქვენს მოვალეობებში?

მთელი ჩემი კარიერა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციულ მიმართულებას უკავშირდება, ამიტომ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრი რამ არ შეცვლილა. პოზიციის ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ახლა ბანკის სტრატეგიულ საკითხებს შედარებით მეტ დროს ვუთმობ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ საქმიანობაში მაინც ჩართული ვარ. კვლავ ვცდილობ, რომ კლიენტებთან კომუნიკაციაში, პროექტების განხილვასა და შემდეგ უკვე მათ განხორციელებაში აქტიური ვიყო, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია.

თქვენ უკვე 18 წელია, „საქართველოს ბანკში“ მუშაობთ და კარგად იცნობთ ამ საფინანსო ინსტიტუტს. ახლა, როგორც გენერალური დირექტორის მოადგილისგან, რა პროექტებს და გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

ის სტრატეგია, რასაც ბანკი და მისი კორპორაციული მიმართულება ბოლო პერი­ოდში ახორციელებს, შენარჩუნდება. ამჟამად ჩვენი ფოკუსი უფრო იმისკენაა მიმართული, რომ პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესებს დავეხმაროთ. ჩვენ მათ ვაკვირდებით, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ, რათა ისინი იმ მდგომარეობას დავუბრუნოთ, როდესაც არა მხოლოდ პანდემიის შედეგებს დაძლევენ, არამედ ახალი პროექტების განვითარებასაც აქტიურად დაიწყებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბაზარზე უკვე შეინიშნება. უკვე არიან ისეთი ბიზნესები, რომლებმაც ახალ პროექტებში ინვესტიციის განხორციელება დაიწყეს, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს ამ ტენდენციებს, რათა, თუ რომელიმე სფეროში გაჩნდება შესაძლებლობა, რაღაც ახალი გაკეთდეს, ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში. ასევე, ახლა უფრო მეტი ყურადღება გვაქვს გადატანილი კვლევისა და ანალიზის ნაწილზე, რომ ჩვენს მომხმარებლებს სწორი და დროული რჩევები მივცეთ.

პანდემიის დასრულების საკითხი ჯერ მაინც ბუნდოვანია… როგორია თქვენი მოსაზრება, რამდენად არის შეფასებული და გადალახული ის რისკები, რაც 2020-მა წელმა წარმოქმნა? შექმნილ ვითარებაში რა გადაწყვეტილებებია აუცილებელი ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან?

საქართველოს საბანკო სექტორი პანდემიის კრიზისს საკმაოდ დიდი „დაცვის ბალიშით“ შეხვდა და ეს როგორც ზოგადად ბანკების, ასევე კონკრეტულად „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის დამსახურებაა. ასევე ეროვნული ბანკის წვლილიც უნდა აღინიშნოს. დარტყმა, რომელიც ამ კრიზისმა ბანკებს მიაყენა, ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენ ამ მდგომარეობიდან პრაქტიკულად დანაკარგების გარეშე გამოვდივართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საქართველოს ბანკის“ კაპიტალის პოზიცია საკმაოდ მყარია, ლიკვიდურობა მაღალია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, დაკრედიტების კუთხით ვიყოთ აქტიურები და მეორე მხრივ ჩვენს მომხმარებელს კარგი პირობები შევთავაზოთ. შეიძლება ითქვას, რომ რისკები გადალახულია.

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტის შემადგენლობაში დღესაც ძირითადად ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ამ ბანკმა ბევრი კრიზისი გაიარა, მათ შორის 2008-2009 წლების კრიზისი. გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა იმაში, რომ ამ პერიოდში სწორი ნაბიჯები გადაგვედგა. ამ კრიზისმა ბევრი რამ დაგვანახვა. თუმცა, ზოგადად, რთულია, მსგავს კრიზისს მომზადებული დახვდე, ვინაიდან ასეთი რამ ალბათ ას წელიწადში ერთხელ ხდება. შესაბამისად, მარტივი არ იყო.

საუბარი იყო არა მხოლოდ ფინანსურ მდგრადობაზე, არამედ იმაზეც, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდება უწყვეტად გაგრძელებულიყო. პრაქტიკულად ბანკმა რამდენიმე დღეში მოახერხა მთელი ოფისის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა. იმ პერიოდში საოპერაციო მდგრადობას და ჩვენი სერვისების დიგიტალიზაციას უფრო მეტი დრო დაეთმო, ვიდრე მანამდე. მთელი პროცესები აეწყო ისე, რომ დღეს, შეიძლება ითქვას, ბანკის შენობაში ვიქნებით თუ სხვაგან, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ჩვენ შეუფერხებლად შევძლებთ ოპერირებას. ეს დიდი ნაბიჯი იყო ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, რაც სამომავლოდ პროცესებს უფრო გაამარტივებს.

როგორც თქვენც აღნიშნეთ, პანდემიამ ბევრი სერვისის გაციფრულება გამოიწვია. „საქართველოს ბანკის“ გაცხადებული სტრატეგია დიგიტალიზაციაა. როგორია ციფრები, გათვლები და გეგმები?

შეიძლება ითქვას, რომ კორპორაციული მიმართულება ამ კუთხით ბანკის სხვა დანარჩენ მიმართულებასთან შედარებით საკმაოდ გამორჩეულია, ვინაიდან ჩვენი კლიენტების მიერ ტრანზაქციების 99% ციფრული არხებითაა განხორციელებული. პრაქტიკულად ჩვენს მომხმარებელს ფილიალში მისვლა აღარ სჭირდება. 206 სერვისცენტრიდან კორპორაციული საჭიროებისთვის მხოლოდ ერთი ფილიალი მუშაობს, დანარჩენი კი ფიზიკური პირების მომსახურებაზეა გადასული. ჩვენ წელს ასევე იურიდიული პირებისთვის ცალკე მობაილბანკი ჩავუშვით და სრულად გამოვცვალეთ ინტერნეტბანკის პლატფორმაც. ახლა პრაქტიკულად ერთი User-ით და პაროლით შეუძლია მომხმარებელს, შევიდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირის ანგარიშებზე, რაც გაცილებით აადვილებს როგორც ტრანზაქციების, ასევე ბიზნესის მართვის პროცესს. რიცხვებს რომ შევხედოთ, ციფრული არხებით ტრანზაქციების რაოდენობა საკმაოდ მზარდია. კერძოდ, 2020 წელს mBank-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 39.7%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობის კუთხით 74%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კორპორაციულ ნაწილში კი დიგიტალიზაციის კუთხით ჩვენ ვცდილობთ, ციფრული სერვისები კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლებისთვის, რათა მათ კიდევ უფრო ნაკლები დროის დახარჯვა მოუწიოთ.

ბიზნესი, განსაკუთრებით კი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორი, კვლავ კრიზისს განიცდის. „საქართველოს ბანკი“ წლებია, ამ სფეროს მხარდამჭერია. რა არის ამ კუთხით თქვენი შეთავაზება ბიზნესებისთვის?

ჩვენ ვნახეთ, რომ კრიზისის შედეგად ერთ დღეში ფაქტობრივად მთელი ეს სექტორი განულდა. გასული წელი მათთვის ძალიან რთული იყო და არც წლევანდელია მაინცდამაინც სახარბიელო. მარტო საბანკო სფერო ამ დარტყმას საკუთარ თავზე ვერ აიღებდა, ამიტომაც სახელმწიფოს ჩართულობა იყო მნიშვნელოვანი. ბანკმა კი გასულ წელს რაც გააკეთა, იყო ის, რომ პრაქტიკულად ყველა მომხმარებელს, რომლებიც ამ სფეროს წარმოადგენდნენ, მნიშვნელოვანი შეღავათები გავუწიეთ, გარდა ამისა, ამ კომპანიებს საოპერაციო ხარჯების გასტუმრებაში ვეხმარებოდით.

ჩვენ პრაქტიკულად ამ სფეროს დაფინანსება არ გაგვიჩერებია. შარშანდელ წელს თუ შევხედავთ, „საქართველოს ბანკს“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ამ კუთხით. ჩვენ არ გაგვიჩერებია პროექტების დაფინანსება. საერთო ჯამში მთელ საბანკო სისტემაში პორტფელი 40%-ით გაიზარდა და ამაში „საქართველოს ბანკის“ წილი 60% იყო. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა ამ სფეროს აღდგენის და იმის, რომ ის ჩვენი ეკონომიკის კვლავ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მომხმარებლებთან ერთად ვისხედით და იმ პროექტებზე, რომლებიც მშენებლობის სტადიაზეა ან გაშვებული არ არის, ერთად ვფიქრობდით და ვფიქრობთ, თუ როგორ შეიძლება ისინი შექმნილი ვითარების გამო გადავალაგოთ ან დანიშნულება შევუცვალოთ, რათა მათი განხორციელება ეკონომიკურად გამართლებული იყოს. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბიზნესებმა ამ პერიოდის გადალახვა რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით შეძლონ.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში სექტორებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი მრეწველობის დარგზეა გაცემული, შემდეგ მოდის ვაჭრობა და მშენებლობა. როგორია ამ მხრივ სტატისტიკა „საქართველოს ბანკში“ და შეიცვალა თუ არა პრიორიტეტები ბოლო ერთ წელიწადში?

სექტორებს შორის ჩვენს ბანკშიც ანალოგიური გადანაწილებაა. „საქართველოს ბანკს“ მთელი საბანკო სისტემის დაახლოებით მესამედი უკავია და, შესაბამისად, ბაზრის მონაცემებში აცდენილები ვერ ვიქნებით. ძირითადი ნაწილი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორზე მოდის.

პანდემიის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა. როგორც იზრდება ბაზარი, დაახლოებით იმ პროპორციით იზრდება დაფინანსება ჩვენს ბანკშიც. ზოგადად, ჩვენ სისტემური ბანკი ვართ და პრაქტიკულად ყველა ბიზნესს ვაფინანსებთ, რომელიც სიცოცხლისუნარიანია.

„საქართველოს ბანკმა“ არაერთი სამოტივაციო კამპანია შესთავაზა მომხმარებელს, მათ შორის, ბოლო კამპანია – „არ გაჩერდე. გზა სულ არის“ – გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება. რა როლს თამაშობთ კორპორაციული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში?

ეს კამპანია ბევრი მესიჯისგან შედგება, რაც ძალიან დადებითადაა ჩვენი მომხმარებლების მიერ აღქმული. ალბათ ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოწოდება „არ გაჩერდე“ ყველაზე აქტუალურია ყველასთვის. პრაქტიკულად ახლა დგას ის პერიოდი, როდესაც ყველა სფერომ, ყველა ბიზნესმა ხელები უნდა დავიკაპიწოთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ აღვადგინოთ ქვეყნის ეკონომიკა და დავუბრუნოთ ის პანდემიამდელ მაჩვენებლებს.

კორპორაციულ მიმართულებაში ჩვენ ამ კრიზისს გავდივართ მომხმარებლებთან ერთად. შესაბამისად, ჩვენს როლს ვხედავთ იმაში, რომ მათ არა მხოლოდ საჭირო ფინანსური სერვისები მივაწოდოთ, არამედ მათთან ერთად გავიაროთ ის სტრატეგიული მიმართულებები, რაც დღის წესრიგში დგას და მათთან ერთად დავსახოთ განვითარების შემდგომი გეგმები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ორგანიზაცია, ჩვენ საკუთარ თავს ბიზნესების მრჩევლად და გრძელვადიან პარტნიორად მოვიაზრებთ, და ვცდილობთ, კარგად დავანახოთ მათ, რომ გზა ყოველთვის არის და განვითარების სწორი გზის პოვნა მნიშვნელოვანია, რაშიც ჩვენი წვლილის შეტანას ვცდილობთ.

ჩვენ კორპორაციულ ნაწილში მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევასაც ვატარებთ – რიცხვები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა კმაყოფილება მუდმივად მზარდია. მაგალითად, თუ 2019 წელს მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 36,6% იყო, 2020 წელს ის 46%-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფოკუსი – ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული, შედეგიანია.

დაბოლოს, ლარის კურსზეც მინდა გკითხოთ.. რთულია მოლოდინებზე საუბარი, თუმცა, როგორია თქვენი მოსაზრება? სად ხედავთ გამოსავალს?

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს ამ კუთხით: ერთია ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება და მეორეა ტურისტული მიმოსვლის სწრაფად აღდგენა, მათ შორის, ძირითადად მეზობელ ქვეყნებთან. ასევე, ბიზნესის გახსნილობის კუთხით, რეგულაციების შემსუბუქება დამატებით სტიმულს მისცემს ეკონომიკას და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გახდეს გარდამტეხი ფაქტორი იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს. გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივა, რომ აქცენტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გაკეთდეს, დამატებით პოზიტიურ იმპულსებს მოიტანს. პროგნოზების კეთება ცოტა რთულია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მოლოდინი პოზიტიური მაქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *