ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გუშინ სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70,000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რომლის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.

შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფის“, „სილქნეტისა“ და „ევრონიუს ჯორჯიას“ დამფუძნებელი 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის ხელბარგიდან, სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გიორგი რამიშვილის ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღის ქვეყნიდან გატანა განზრახული არ ჰქონდა და მას უბრალოდ ჩანთები ერთმანეთში აერია.

ცნობისთვის, პროკურატურა გიორგი რამიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, სასჯელი კი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რამიშვილი 1997 წელს დაარსებული ბიზნესჯგუფის, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ჯგუფის საქართველოში სატელეკომუნიკაციო ქსელის, საკაბელო ტელევიზიის, ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და ციფრული ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერია „სილქნეტი“. „სილქნეტს“ საქართველოში 1,800,000 მობილური ქსელის აბონენტი და 253,660 ფასიანი ტელევიზიის მომხმარებელი ჰყავს. 2005 წლიდან, საქართველოში, „სილქ როუდ ჯგუფმა“ დაახლოებით 1.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.

გარდა ამისა, რამიშვილის საკუთრებაშია უძრავი ქონების განვითარებისა და მართვის კომპანია „შპს სილქ რიალ ისთეით“, რომელშიც საქართველოში მოქმედი რამდენიმე მსხვილი სასტუმრო, მათ შორის „რედისონ ბლუ ივერია“, „სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი“, „პარკ ჰოტელ წინანდალი“, „რედისონ ქოლექშენი წინანდლის მამული“, „წინანდლის მამულის ვილები“, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები – „მწვანე კონცხი ბოტანიკო“, „სილქ თაუერსი“ და რამდენიმე სხვა ობიექტი შედის. ამასთან ერთად, რამიშვილის ჰოლდინგში შედის „სილქ ბანკიც“, რომლის აქტივების ზომაც 2025 წლის მაისის მდგომარეობით, 188 მილიონ ლარს შეადგენს.