მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის, BlackRock-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე, $12.5 ტრილიონამდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, გუშინდელ სავაჭრო დღეს საფონდო ბირჟაზე BlackRock-ის აქციათა ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, კლება საინვესტიციო კომპანიიდან ერთ-ერთი აზიური ინსტიტუციური პარტნიორის მიერ საკუთარი აქტივების გატანას უკავშირდება.
$52 მილიარდის აქტივების გატანის შედეგად, BlackRock-ის გრძელვადიანი წმინდა შემოდინება 9.8%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, კაპიტალის შემოდინება მეორე კვარტალში $28.8 მილიარდამდე გაიზარდა. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი $6.4 მილიარდი იყო.
აქციათა ფასების კლების შემდეგ BlackRock-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $170.9 მილიარდით განისაზღვრა. კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასულ კვარტალში $5.42 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მეტწილად საკომისიო გადასახადის 6%-ით ზრდის დამსახურებაა. შედარებისათვის, გასული წლის იმავე პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $4.81 მილიარდი შეადგინა. ცნობისათვის, საინვესტიციო კომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს სწორედ აქტივების მართვისათვის მიღებული საკომისიო პროცენტი წარმოადგენს.
BlackRock-ის აქტივების მოცულობა გასულ წელს $10.65 ტრილიონს შეადგენდა. კაპიტალის ბაზრებზე დადებითი ტენდენციების, ასევე მრავალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად კი კომპანიის აქტივების მოცულობა რამდენიმე თვეში თითქმის 20%-ით გაიზარდა.