BLB - ბიზნესის მაღალკვალიფიციური კონსულტანტი | ინტერვიუ რუსუდან მაისურაძესთან

BLB - ბიზნესის მაღალკვალიფიციური კონსულტანტი | ინტერვიუ რუსუდან მაისურაძესთან

საქართველოს უცხოელი ინვესტორების მოზიდვა ახლა ისე სჭირდება, როგორც არასდროს. თუმცა, ქართულ ბაზარზე შემოსვლის, ან უკვე შემოსულისთვის დარჩენის მიზნით, ქვეყანამ, პირველ რიგში, სამართლიანი სასამართლო უნდა უზრუნველყოს. ეს კი საქართველოში დღემდე ერთ-ერთ პრობლემად რჩება, რაც  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც აღინიშნა. საერთაშორისო კომპანიებთან და ინვესტორებთან მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვდა იურიდიულ კომპანიას Business Legal Bureau-ს (BLB), რომელიც უცხოური და ადგილობრივი ბიზნესების, კორპორაციების, ინვესტორების იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს. Forbes Georgia-მ კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორთან, რუსუდან მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ქალბატონო რუსუდან, 2019 წლიდან თქვენ BLB-ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი წევრი ხართ. რა არის ამ კომპანიის ძირითადი შეთავაზებები ბიზნესისთვის?

BLB 1995 წელს დაფუძნდა, მაშინ, როდესაც კერძო მეწარმეობა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იყო და სამართლებრივი სისტემაც მუდმივად ცვალებადი, მოუწესრიგებელი რეგულაციებისგან შედგებოდა. ამ პერიოდში, BLB-ს ძირითადი როლი და ფუნქცია, საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორების დახმარება და მათი ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა, განხორციელება და დაცვა გახდა.  ეს ფუნქცია კომპანიამ დღესაც შეინარჩუნა. ჩვენი იურიდიული კომპანიის სერვისები, კორპორაციული   სამართლის და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების  სრული სამართლებრივი მომსახურების მიმართულებით საკმაოდ მოთხოვნადია და ამ მიმართულებებში, კომპანია მაღალი რეპუტაციით გამოირჩევა.

BLB-ს გუნდს 2019 წლის დეკემბერში შემოვუერთდი, მას შემდეგ რაც დიდ ბრიტანეთში დავამთავრე სამართლის მაგისტრატურა.  ერთ-ერთი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც დავნერგეთ ჩემი მოსვლის შემდეგ,  არის კაპიტალის ბაზრის მონაწილეების სამართლებრივი მომსახურება. თუმცა, რამდენადაც, თვითონ კაპიტალის ბაზრის განვითარება, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, საკმაოდ ნელ ტემპებში მიმდინარეობს, კომპანიას, ამ მხრივ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. გადავწყვიტეთ, განვავითაროთ, სამართლებრივი მომსახურების ისეთი მიმართულებაც, როგორიცაა კომუნიკაციების სამართალი.  სხვა საინტერესო თემების გარდა, ეს სფერო მოიცავს, მედია სამართალს, სახელმწიფოს ვალდებულებებს აწარმოოს სწორი და ობიექტური საჯარო კომუნიკაცია ბიზნეს სუბიექტებთან, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე. მე პირადად ვაწარმოებ კვლევებს, რამდენად ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ ვალდებულებებს. გარდა ამისა, ეს სფერო მოიცავს ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს, რაც შეიძლება მეწარმე სუბიექტმა განიცადოს, არასწორი  საჯარო კომუნიკაციებით და კომერციულ დეზინფორმაციას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კომერციული დეზინფორმაციის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში შეიძლება ითქვას სათანადოდ არ რეგულირდება. ხშირია  შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ბიზნესის რომელიმე პროდუქტის შესახებ შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რაც ბიზნესისთვის უდიდესი ფინანსური და რეპუტაციული ზიანის მომტანია.

გარდა ამისა, დავნერგეთ სამართლებრივ მომსახურება  ევრორეგულაციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ ევროკავშირის ბაზარზე. თუმცა, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის უფლება, ამავდროულად გულისხმობს, ამ ბაზარზე მოქმედი რეგულაციების დაკმაყოფილებასაც. ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ ამ სტანდარტებზე. ამიტომაც ჩვენ ამ კუთხით მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე ვზრუნავთ, მათთვის სპეციალურ სერვის-პაკეტებს ვქმნით და ვეხმარებით, რომ ევროპულ ბაზარზე პროდუქტის თუ სერვისის გატანამდე ზუსტად იცოდნენ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებას წარმოადგენს, აგრეთვე ე.წ. „სტრასბურგის სამართალი“. მოგეხსენებათ, საქართველოდან,  სულ უფრო და უფრო მეტი სასამართლო დავა მიდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენ ვთავაზობთ, ამ მიმართულებით, დავაში ჩაბმას და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მხარეს, დავის წარმოებისას საქართველოს სასამართლოებში, არ გამორჩეს არცერთი იმ საკითხის წამოჭრა, რომლის გარშემოც სურს რომ,  საბოლოოდ,  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელოს.

რამდენად ხელმისაწვდომია ეს სერვისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

როგორც უკვე აღვნიშნე, BLB საქართველოში მოქმედ იურიდიულ კომპანიებს შორის, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. გუნდის თითოეული წევრი მაღალკვალიფიციური  და მდიდარი გამოცდილების მქონეა, შესაბამისად, ასეთი პროფესიონალების მომსახურებაც გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მომსახურების ჯამური ღირებულება მერყეობს, იმის მიხედვით თუ რამდენად კომპლექსურია სამუშაო, რამდენ ენაზე უნდა შესრულდეს (ინგლისურ, ფრანგულ თურქულ და რუსულ ენებზეც).

თუმცა, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ვცდილობთ,  ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესს და სტარტაპებს. მათთვის სპეციალური პროგრამები გვაქვს.  ვთავაზობთ სამართლებრივი მომსახურების/ რეკომენდაციების პაკეტს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნან კომპანია, მართვის რომელი სამართლებრივი მოდელი  უფრო მისაღებია მათი სამეწარმეო საქმიანობისთვის და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობის დასაწყებად.

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები ძირითადად?

ყველა მომხმარებლის ჩამოთვლა გამიჭირდება.  იმ სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი სამართლებრივი მომსახურებით, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი გუნდის მაღალ ეთიკურ და ღირებულებით სტანდარტებზე. ფირმას 1995 წლიდან ჰყავს და დღემდე ინარჩუნებს ისეთ კლიენტებს, როგორიცაა მაგალითად აშშ-ს სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო OPIC  (ახლა უკვე DFC). EBRD, APM Terminals, Maersk, რომლებიც არაერთჯერადად, არამედ სტაბილურად, წლების მანძილზე თანამშრომლობენ BLB-სთან . ჩვენ ვართ Microsoft-ის წარმომადგენლები საქართველოში. გარდა ამისა, ჩვენთან თანამშრომლობენ საკმაოდ ცნობილი სასტუმრო ბიზნესის სუბიექტები, დეველოპერები, რომლებიც თითოეული პროექტის განხორციელების დასაწყისშივე, ე.წ. kick off სტადიაზე მოგვმართავენ, პროექტის სამართლებრივი მხარის უზრუნველსაყოფად.

ჩვენს კლიენტებს, მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ, რომელიც მოიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება რომ კომპანიას, კორპორაციას დასჭირდეს საქართველოში ოპერირებისთვის – იქნება ეს   ორმხრივი თუ მრავალმხრივი, კომპლექსური გარიგებები, სამართლებრივი სქემები, კონკრეტული პროექტის განხორციელება, ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან,   ხელშეკრულებები, სასამართლო დავები, არბიტრაჟში წარმომადგენლობა  თუ შრომითი ურთიერთობები. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აქტუალურია შრომითი ურთიერთობები, რამდენადაც, ახალ შრომით კანონმდებლობასთან დაკავშირებით მსხვილ კომპანიებსაც კი სჭირდებათ დასაქმებულის უფლებების ახლებურად გააზრება და დასაქმების შიდა პოლიტიკის კორექტირება.

გარდა ამისა, საკმაოდ მსხვილი კლიენტები გვყავს  სისხლის სამართლის მიმართულებით. კომპანიაში, სისხლის სამართლის მიმართულებას, თბილისის ყოფილი პროკურორი, ქალბატონი მაია მწარიაშვილი ხელმძღვანელობს. ამჟამად,  გვაქვს რამდენიმე საქმე, რომელსაც სავარაუდოდ სტრასბურგში წავიღებთ.

ინვესტორები, უცხოელი დიპლომატები ხშირად საუბრობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, საქართველოში არსებულ პრობლემაზე, როგორია თქვენი მოსაზრება ამის შესახებ?

შეუძლებელია  ამ პრობლემას გვერდი ავუაროთ.  როგორც არ უნდა ვეცადოთ დეკლარირებულად ვაცხადოთ რომ სასამართლო  დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტურია, ეს ასე არ არის, სამწუხაროდ. ამას მეტყველებს არაერთი საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც მუდმივად ხაზს უსვამს ამ პრობლემას თავის ანგარიშებში.

საინვესტიციო და ზოგადად, ბიზნეს გარემოსთვის, განსაკუთრებით საინტერესოა,  სასამართლოს კომპეტენციის საკითხი. უამრავი პროფესიონალი დამეთანხმება, რომ კომერციული დავების განხილვისთვის, მოსამართლეთა კომპეტენცია არ შეესაბამება სტანდარტებს და ხშირია, მატერიალური ნორმების არასწორი განმარტების შემთხვევები, კომერციული დავების  განხილვის გაგრძელება უსასრულოდ, წლების მანძილზე. სწორედ ამიტომ, საჭიროა, სახელმწიფომ, მაქსიმალურად უზრუნველყოს  ერთის მხრივ, მოსამართლეთა კომპეტენციის ამაღლება და მეორეს მხრივ, შეიმუშაოს კომერციული დავების დროული განხილვის სამართლებრივი მექანიზმი. გარდა ამისა,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ,  კომერციული დავების განხილვის ალტერნატიული  მექანიზმების განვითარებას.

რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობაში.  დამოუკიდებელი სასამართლო არის გარანტი იმისა რომ,  სახელმწიფო დაიცავს „თამაშის წესებს“ და თუ დაარღვევს ამ წესებს, ბიზნესსუბიექტს ექნება იმედი, რომ წავა სამართლიან, დამოუკიდებელ სასამართლოში, რომელიც მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.    სერიოზული ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, საინვესტიციო გარემოზე უდიდეს გავლენას ახდენს. ნებისმიერი ინვესტორი, განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელებისას, ახდენს გარემოს, პოლიტიკური და სხვა რისკების ანალიზს და შეფასებას. მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა ამ შეფასების  უმნიშვნელოვანესი ელემენტია. როდესაც არსებობს რეალური  რისკი რომ სახელმწიფო მანქანა, მართლმსაჯულების გამოყენებით შეაფერხებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, აქ მთავრდება ინვესტორის დაინტერესებაც. სამწუხაროდ, ამის მაგალითი გვაქვს ქართულ რეალობაში.

თქვენ გაქვთ ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება. რა ნაწილში ირღვევა ძირითადად მათი უფლებები?

გამოყოფა რთულია, გააჩნია ბიზნესს. უნდა აღინიშნოს, რომ   ბიზნესის უფლებები განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებშიც შესაძლოა დაირღვეს. მთავარია, რამდენად სამართლიანად შეუძლია ბიზნესს დარღვეული უფლების აღდგენა, რამდენად განხორციელებულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი ქვეყანაში, რამდენად დამოუკიდებელია პოლიტიკისგან,  მართლმსაჯულების სისტემა, რაც მთლიანობაში, უზრუნველყოფს დარღვეული უფლების ეფექტური დაცვას.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოვყოფდი დაბრკოლებებს, რომელსაც  ბიზნესსუბიექტს უქმნიან მარეგულირებელი ორგანოები, ხშირად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. ერთ-ერთ პრაქტიკულ პრობლემას, მათ შორის წარმოადგენს, დაუსაბუთებელი აკრძალვები და ასეთი აკრძალვების შემოღების უფლებამოსილება, გადაწყვეტილებების არაპროგნოზირებადობა. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს ბიზნესის წარმატებისთვის სერიოზული დაბრკოლებას წარმოადგენს.

დაბოლოს, თქვენ აქტიურად იყავით ჩართული საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სამართლებრივი ასპექტების შემუშავებაში. რა გამოწვევებს ხედავთ დღეს ამ კუთხით? რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი?

სამ მნიშვნელოვან კომპონენტს გამოვყოფდი: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, არა მარტო ეკონომიკის განვითარების ჭრილში, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების რეალური განხორციელებაა.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, გარკვეულ სფეროებში, არასწორად ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ვიწყებთ ყველაზე მკაცრი  და მაღალი სტანდარტების შემოღებით და არ ვითვალისწინებთ, იმას, რომ საქართველოს, როგორც განვითარებადი ბაზრისთვის, მნიშვნელოვანია მაქსიმალური დერეგულირება იქ, სადაც ეს შესაძლებელია. სახელმწიფოს ბიზნესის საქმიანობაში ჩარევის რაც უფრო ნაკლები საშუალება ექნება, მით უფრო დადებით ეფექტს მოახდენს ეს ეკონომიკის განვითარებაზე. თვითონ ასოცირების ხელშეკრულებაც იძლევა სტანდარტების ეტაპობრივ, დროში გაწერილი იმპლემენტაციის საშუალებას და არ არის აუცილებელი, ყველაზე მაღალი და მკაცრი სტანდარტით დავიწყოთ. ჩვენ განვითარებადი ბაზარი ვართ და მკაცრი რეგულაციები ბაზრის სწრაფი განვითარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

მესამე კომპონენტი, სამართლებრივი რეგულაციების ეფექტურობის განგრძობითი ანალიზი და მუდმივი განახლებაა. ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებში, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით,  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება მუდმივი პროცესია, მათ შორის სამართლებრივ ასპექტშიც. თითოეული სექტორისთვის სამართლებრივი რეგულაციების მუდმივი განახლება უნდა მოხდეს. ძალიან ბევრია მოძველებული, არარელევანტური ნორმა, რომელიც ყოვლად გაუმართლებელ დაბრკოლებას ქმნის. ამ მხრივ, აუცილებლად, რეალურად უნდა ვიხელმძღვანელოთ,  ეუთოსა და ევროკომისიის რეკომენდაციებით, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეგულაციების შემუშავება, დანერგვა და განახლება. ეს რეკომენდაციები, გადმოცემულია უკეთესი გადაწყვეტილებების ანალიზის დღის წესრიგის შესახებ დოკუმენტში და  გულისხმობს გადაწყვეტილების წინასწარ, განგრძობით და იმპლემენტაციის შემდგომ მონიტორინგს და ანალიზს.  ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ არამხოლოდ ბიზნეს ასოციაციები, არამედ ნებისმიერი რეგულაციის თაობაზე,  თითოეული სფეროს ბიზნესსუბიექტებთან კომუნიკაცია უშუალოდ და განგრძობით რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.