მასობრივი პროტესტი, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების, მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე 28 დეკემბერს დაიწყო, მალევე დემონსტრანტების მხრიდან თეოკრატიული მმართველობის დამხობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 8 იანვრის შემდეგ, რაც ირანის მასშტაბით 177 საპროტესტო კერა დაფიქსირდა, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომაც.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ირანული ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2,571-ს მიაღწია. HRANA-ს განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია 2,403 მომიტინგისა და 147 მთავრობასთან დაკავშირებული პირის გარდაცვალების ფაქტი. დაღუპულთაგან თორმეტი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ცხრა პირი კი – მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ. თუმცა, არაოფიციალური წყაროებით, მოკლულთა რიცხვი ათიათასობით პირს აღწევს.
ირანში შექმნილი არეულობის ესკალაციასა და რეპრესიებზე რეაგირების გზებს განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. თუ ბოლო დღეებში ტრამპი, საკითხთან დაკავშირებით, ირანელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას განიხილავდა, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ გუშინდელ პოსტში, მან დემონსტრანტების „უმოწყალო მკვლელობების“ შეწყვეტამდე ყველანაირი შეხვედრის გაუქმების შესახებ განაცხადა. ტრამპმა ირანელებს პროტესტის გაგრძელებისკენაც მოუწოდა და დახმარებაც აღუთქვა.
თუმცა, როგორც Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ, ირანში სამოქალაქო არეულობის ნებისმიერი სახით ესკალაცია ქვეყნის ნედლი ნავთობის წარმოებისთვის ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება. არსებული შეფასებებით, აშშ-ისა და მისი მოკავშირე ისრაელის ჩარევამ შესაძლოა მეზობელი ქვეყნებიც კრიზისში ჩართოს, ირანის მთავრობამ კი ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღოს. სრუტე ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე მსხვილი ენერგოექსპორტიორისთვის საკვანძო საზღვაო მარშრუტს წარმოადგენს და მასზე, საზღვაო გზით, ნავთობის გლობალური ვაჭრობის მეოთხედი მოდის.
რეალურად, ირანის ნავთობის ინდუსტრიის გავლენა უკანასკნელ წლებში, სანქციების გახანგრძლივებისა და შეზღუდული უცხოური ინვესტიციების გამო, შემცირდა. საერთო ჯამში, ქვეყანაზე ნავთობის გლობალური მიწოდების დაახლოებით 3% მოდის, დღეში კი 3.3 მილიონამდე ბარელს აწარმოებს.
ნავთობის ინდუსტრიის განვითარება ირანმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ბრიტანეთის მთავრობის მეთვალყურეობის ქვეშ, დაიწყო. ათწლეულების შემდეგ ქვეყანა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) დამფუძნებელი წევრი და ჯგუფის სიდიდით მეორე მწარმოებელი გახდა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში ირანი გლობალური ნედლი ნავთობის წარმოების 10%-ზე მეტს იკავებდა. თუმცა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ახალმა რეჟიმმა ირანის ნავთობის ინდუსტრიიდან უცხოური კომპანიები გააძევა, ინვესტიციები შეამცირა და გარე ექსპერტიზის შესაძლებლობაც თითქმის სრულად აკრძალა. შედეგად, ქვეყნის ნედლი ნავთობის წარმოება მკვეთრად დაეცა და პიკურ მაჩვენებელს აღარასდროს დაჰბრუნებია.
ისლამურმა რესპუბლიკამ, ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად, ექსპორტი 1980-იანი წლების ბოლოს, ირან-ერაყის ომის დასრულების შემდეგ გაზარდა. მსხვილმა ევროპულმა თუ ამერიკულმა კომპანიებმა სექტორში დაბრუნება სცადეს, რაც საბოლოოდ 2018 წელს, ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, ჩაიშალა. არსებული მდგომარეობით, ნედლი ნავთობის წარმოებით, ქვეყანა OPEC-ში მეოთხე ადგილზეა, საუდის არაბეთის, ერაყისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ.
საერთაშორისო სანქციების პერიოდში, ირანის ექსპორტი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. ჩინეთი ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს იღებს, რომელიც ადგილობრივ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებზე დიდი ფასდაკლებით იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟოს ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის შემდეგ ჩინეთში ირანული ნედლი ნავთობის შეტანის ფაქტი არ ფიქსირდება, ბარელები ქვეყანაში ძირითადად მოძველებული ტანკერებისგან შემდგარი „ბნელი ფლოტით“ იგზავნება. ამავდროულად, ირანული ნავთობის შეძენას განაგრძობს სირიაც.
ირანის წარმოების დიდი წილი, დღიურად დაახლოებით 2 მილიონი ბარელი, ჩინეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებში მიდის. მიწოდებაზე შეფერხებების შემთხვევაში, ისინი იძულებულნი გახდებიან, ალტერნატიული მარაგები მოიძიონ. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა, ამ კრიზისის რეგიონზე მასშტაბირების შემთხვევაში წარმოიქმნება. მიზეზი არის ის, რომ საუდის არაბეთს, ერაყს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარს ნედლი ნავთობი ექსპორტზე სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით გააქვთ.
პარალელურად, ნავთობით მოვაჭრეები, აშშ-ის ვენესუელაში ინტერვენციის შედეგებს ებრძვიან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელის ნავთობზე პრეტენზია გამოთქვა, გაიზარდა Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსული ფასები, ასევე WTI-ის (West Texas Intermediate) ღირებულება და აშშ-ის საორიენტაციო ფასიც. ამჟამად, Brent-ის ნავთობის ფასები $60-ის ნიშნულის ფარგლებშია შენარჩუნებული.
ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეს არაბეთის ზღვასთან აკავშირებს. გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამწვავების პერიოდებში კი ირანის მთავრობა საზღვაო ბლოკადის დაწესების მუქარით წარსულში არაერთხელ გამოსულა. მუქარის ასრულების შემთხვევაში, ერაყიდან, ქუვეითიდან, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ნავთობის, თხევადი ბუნებრივი აირისა და თხევადი ნავთობის აირის გადაზიდვები რისკის ქვეშ დადგება.
სრუტეში დღიურად 16.5 მილიონ ბარელამდე ნავთობი გაედინება, მათ შორის ირანის ექსპორტის ძირითადი ნაწილი. მსგავსად, საუდის არაბეთი, ნავთობის დიდი ნაწილის ექსპორტისთვის – დაახლოებით ხუთი მილიონი ბარელი დღეში – საზღვაო ტრანსპორტირებას იყენებს. თუმცა ქვეყანას ალტერნატივად 1,200 კმ-იანი მილსადენის გამოყენება შეუძლია, რომელიც სამეფოში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წითელი ზღვის პორტამდე გადის, სადაც შემდგომი გადაზიდვისთვის გემებზე იტვირთება.
ჰორმუზის სრუტის დახურვა, სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთიდან აზიისკენ მიმართული ნავთობის ნაკადების მიწოდებას შეაფერხებს. მაგალითად, ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი კონფლიქტის დროს, სუპერტანკერის საორიენტაციო ტარიფი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში ორი მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, მკვეთრად გაიზარდა.
თავის მხრივ, ნავთობის ექსპორტი, მძიმე მრეწველობის, ტექსტილისა და სამთო მოპოვების ხარჯზე, ეკონომიკის დივერსიფიკაციის მრავალწლიანი მცდელობების მიუხედავად, ირანისთვის ცენტრალურ საყრდენად რჩება.
სანქციების მიუხედავადაც, Bloomberg-ის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბერში, ირანმა ნავთობის ექსპორტიდან $2.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო. და ეს მაშინ, როდესაც მყიდველების მოსაზიდად იძულებული იყო, ნავთობი ბაზრისთვის საერთაშორისო ნიშნულებთან შედარებით მაღალი ფასდაკლებით შეეთავაზებინა. ცნობისთვის, შემოსავლის გაანგარიშებისას, Bloomberg-მა ნავთობის ფასდაკლებულ ფასად – მათ შორის, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით – ბარელზე $45 გათვალა.













