აშშ-ის სენატის ანგარიშის თანახმად, გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ, აშშ-ში სანქცირებული ჩინური კომპანიის მიერ მიწოდებული ელექტრონული კომპონენტებით წარმოებული 8,000 Mini Cooper-ი შეიყვანა.
სენატის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის, რონ ვაიდენის განმარტებით, აღნიშნულ ჩინურ კომპანიასთან საქმიანობის წარმოება 2021 წელს მიღებული კანონპროექტით აიკრძალა. სენატორის განცხადებით, BMW აკრძალულნაწილებიანი ავტომობილების იმპორტს, სულ მცირე, მიმდინარე წლის აპრილამდე ახდენდა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა BMW Group-მაც და აღნიშნა, რომ იმპორტირების შესაჩერებლად შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს. გარდა ამისა, გერმანული ავტომწარმოებელი უკვე იმპორტირებული ავტომობილების შესაბამის აკრძალულ ნაწილებს სერვისის დროს გამოცვლის.
ცნობისთვის, 2021 წელს კონგრესის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას აშშ-ში საკუთარი პროდუქციის იმპორტს უკრძალავს. მიზეზი კი ისაა, რომ აღნიშნული კომპანია ჩინეთის მუსლიმი უმცირესობის, უიღურების კანონსაწინააღმდეგო შრომით ექსპლუატაციას ეწევა. ჩინური კომპანია ბრალდებას უარყოფს.
სენატორი რონ ვაიდენი აცხადებს, რომ ავტომწარმოებლის შიდა პოლიტიკა არაეფექტიანია და აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტომ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი შემთხვევების გამოსავლენად.
სენატის ანგარიშის თანახმად, კალიფორნიულმა კომპანია Bourns Inc-მა ავტონაწილები სწორედ ჩინური სანქცირებული კომპანია JWD-სგან შეიძინა და აშშ-ში იმპორტი განახორციელა. მოგვიანებით, Bourns Inc-მა იმპორტირებული ავტონაწილები კომპანია Lear Corp-ს გადასცა, რომელიც BMW-სა და Jaguar Land Rover-ის მიმწოდებელია. სწორედ ასე მოხვდა ჩინური აკრძალული ელექტრონული კომპონენტები 8,000 Mini Cooper-ში.