ჩინელი ინტერნეტმაგნატის, ჯეკ მას ქონება, ჩინეთის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვისა და მილიარდერის იდუმალი გაუჩინარების ფონზე საგრძნობლად შემცირდა.
სულ რაღაც სამი წლის წინ, მა $61.7-მილიარდიანი ქონებით აზიის უმდიდრესი ადამიანი იყო, დღეს კი, Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 24.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ივლისის საწყის კვირაში მას ქონება დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.
58 წლის ჯეკ მამ, რომელმაც 1999 წელს ელექტრონული კომერციის გიგანტი Alibaba შექმნა, ქონება სწორედ ამ კომპანიისა და მისი ონლაინ გადახდის სერვისის, Ant Group-ის წყალობით დააგროვა. ეს ორი კომპანია ბოლო წლებში ჩინეთის ხელისუფლების გამოძიების ცენტრში იყო მოქცეული, მას შემდეგ, რაც მამ ჩინეთის ფინანსური მარეგულირებელი რისკებისადმი ზედმეტი მიდრეკილების გამო ღიად გააკრიტიკა და ქვეყნის ბანკები “ლომბარდული მენტალიტეტით” მუშაობაში დაადანაშაულა.
პეკინის მხრიდან ძლიერ ზეწოლას Alibaba-სა და თავად მაზე Ant Group-ის რეკორდული, 34.5 მილიარდი აშშ დოლარის IPO-ს გაუქმება მოჰყვა. მილიარდერმა ფინტექის გიგანტზე კონტროლი დათმო და Alibaba-ს 2.8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის.
მიმდინარე თვის დასაწყისში, ჩინეთის ფინანსურმა მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამთავრებდნენ გამოძიებას Ant-ის მიმართ და ფინტექის ფირმას დაახლოებით $1 მილიარდით დააჯარიმებდნენ მომხმარებელთა დაცვასთან და კორპორაციულ მმართველობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის. Reuters-ის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ჩინეთში ინტერნეტ კომპანიისთვის ოდესმე დაუწესებიათ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Ant-ში ჯეკ მას 9.9% წილის ღირებულება ამჟამად 4 მილიარდი დოლარით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ფირმის ღირებულება 315 მილიარდი აშშ დოლარიდან (Ant-ის ჩაშლილ IPO-მდე), 78.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
საერთო ჯამში, ჯეკ მას მიერ დაარსებულმა კომპანიებმა, ზემოხსენებული ვითარების ფონზე 850 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს.