Telegram-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ დუროვი საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში, 24 აგვისტოს დააკავეს. რუსი მილიარდერი პარიზში აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. დუროვის დაკავებიდან მალევე, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი აყვანა Telegram-ის საშუალებით დაგეგმილ კრიმინალურ დანაშაულებს უკავშირდებოდა. ეს მოიცავს ტერორიზმის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, თაღლითობისა და ბავშვებით ვაჭრობის შემთხვევებს. მედიის ცნობით, სამართალდამცველები Telegram-ს მოდერატორების ნაკლებობასა და გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ.
საფრანგეთში დუროვის დაკავებას პირველივე დღეს პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა რუსეთის საელჩო. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მილიარდერის დაკავების შესახებ მათ საფრანგეთს განმარტების გაკეთება სთხოვეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. იმავე განცხადებაში რუსული მხარე იმედს იტოვებს, რომ საფრანგეთში დუროვის უფლებები სრულად იქნება დაცული. მეორე დღეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპიკერმაც გააკეთა: „დუროვის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ძალიან სერიოზულია. სამართალდამცავებს მყარი მტკიცებულებები სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დუროვის დაკავება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირ მცდელობად ჩაითვლება“.
Telegram-ის აღმასრულებელი დირექტორის დაკავებას პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მაკრონის თქმით, პაველ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის: „დუროვის დაკავება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. არცერთ შემთხვევაში, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მხოლოდ მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“.
საფრანგეთში დუროვის დაკავების შემდეგ, Telegram-ის წინააღმდეგ გამოძიება ინდოეთის მთავრობამაც დაიწყო. გამოძიება ამ შემთხვევაშიც აპლიკაციის „ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებს უკავშირდება, რომელიც ფულის გამოძალვასა და აზარტულ თამაშებთანაა კავშირში“. ინდური ბიზნესგამოცემა Moneycontrol-ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით Telegram-ის აკრძალვის ალბათობაც არსებობს.
39 წლის პაველ დუროვს დასავლური გამოცემები ხშირად რუს მარკ ცუკერბერგად ან ილონ მასკადაც მოიხსენიებენ. დუროვმა 2006 წელს სოციალური მედიაპლატფორმა Vkontakte დააარსა, რომელიც Facebook-ის რუსული ვერსიის სახელით გახდა ცნობილი. დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ მას პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. ქვეყნის დატოვების შემდეგ დუროვმა VKontakte-ში თავისი წილიც გაყიდა.
2013 წელს დუროვმა Telegram-ი დააარსა, WhatsApp-ის მსგავსი შეტყობინებების პლატფორმა. თუმცა Telegram-ი, რომელიც მოდერატორების ნაკლებობითაა ცნობილი, ამ დრომდეც არაერთხელ დაადანაშაულეს კრიმინალების მხრიდან უკანანო მიზნებისთვის გამოყენებაში. მათ შორის, Telegram-ი იქნა გამოყენებული პარიზში, ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, რის შესახებაც 2016 წელს დუროვმა კომენტარი CNN-თან გააკეთა: „თქვენ არ შეგიძლიათ ის (აპლიკაცია) უსაფრთხო გახადოთ კრიმინალებისგან და ამავდროულად ღია იყოს მთავრობისთვის. ის ან დაცულია, ან არა“.
Associated Press-ის ინფორმაციით, დუროვი ამჟამად საფრანგეთის, რუსეთის, სენტ-კიტსი და ნევისისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა. მის მიერ დაარსებული Telegram-ის სათავო ოფისი კი დუბაიში მდებარეობს, რაც რუსი წარმოშობის მილიარდერის შეფასებით, „მსგავსი ნეიტრალური პლატფორმისთვის, მათი მომხმარებლების კონფიდენციალურობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის, საუკეთესო ადგილია“.
პარიზის პროკურატურის განცხადებით, Telegram-ის საშუალებით კრიმინალური დანაშაულების შესაძლო დაგეგმვაზე გამოძიება ივლისში დაიწყო. პაველ დუროვს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ცოტა ხნის წინ პოლიციამ დუროვი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა და სასამართლოს გადასცა. პროკურატურა მის გასამართლებას 12 მუხლით ითხოვს, ესენია:
- სამართალდამცავებისთვის დოკუმენტაციის მიწოდებაზე უარის თქმა.
- არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობა.
- ორგანიზებული ჯგუფის მიერ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების გავრცელებაში თანამონაწილეობა.
- ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენაში, ტრანსპორტირებაში, ფლობასა ან რეალიზაციაში თანამონაწილეობა.
- ჰაკერული პროგრამების გავრცელებაში თანამონაწილეობა, რომლებიც შექმნილია ან ადაპტირებულია მონაცემთა დამუშავების ავტომატური სისტემის ფუნქციონირებაზე წვდომისა და დაზიანებისათვის.
- ორგანიზებულ თაღლითობაში თანამონაწილეობა.
- დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის შექმნაში თანამონაწილეობა, რომელიც ისჯება არანაკლებ 5 წლით თავისუფლების აღკვეთით.
- ფული გათეთრებაში თანამონაწილეობა.
- არაკანონიერი ტრანზაქციებისთვის ონლაინ პლატფორმის შექმნა და ადმინისტრირება.
- კრიპტოგრაფიული მომსახურების გაწევა ავთენტიფიკაციასა ან წინასწარი დეკლარაციის გარეშე.
- უკანონო კრიპტოგრაფიული ხელსაწყოების იმპორტი.
- უკანონო კრიპტოგრაფიული ინფორმაციის მიწოდება.
დუროვის დაკავების ფაქტს „ჰეშთეგით“ – FreePavel – გამოეხმაურა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკიც. ხოლო Rumble-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის პავლოსკიმ, დუროვის დაკავება საფრანგეთის მხრიდან „წითელი ხაზის გადაკვეთად“ შეაფასა.
საინტერესოა, რომ რუსეთში Telegram-ი ჯერ კიდევ 2018 წელს აიკრძალა. პლატფორმამ უარი განაცხადა შეესრულებინა სასამართლო დადგენილება, რომელიც Telegram-ისგან მოითხოვდა მისი მომხმარებლების დაშიფრულ შეტყობინებებზე სახელმწიფოსთვის წვდომა მიეცა. 2022 წელს Telegram-ი $5 მილიონით დააჯარიმა გერმანიამ. გერმანია პლატფორმას კანონმდებლობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. კონკრეტულად, სასამართლო დადგენილებით, პლატფორმაზე არ არსებობდა კანონიერი სისტემა არალეგალური კონტენტის გასასაჩივრებლად და ამასთან ერთად, გერმანიაში შესაბამის საკითხებზე ოფიციალური კომუნიკაციისთვის, პლატფორმას არც წარმომადგენელი ჰყავდა.
ცნობისთვის, დღეს Telegram-ის პლატფორმას 950 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამასთან ერთად პლატფორმას 700 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება დუროვს, ის Forbes-ის შეფასებით, წარმოშობით რუსი ბიზნესმენი $15.5 მილიარდის ღირებულების ქონებას ფლობს, რაც მას დღეს მსოფლიოში 120-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.