ნავთობისა და ბუნებრივი აირის გიგანტის, British Petroleum-ის განცხადებით, წყალბადისა და ამიაკის განახლებადი ენერგიის წყაროების დახმარებით წარმოება უკვე ტექნიკურად განხორციელებადია ავსტრალიაში.
BP-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთ ავსტრალიის შტატი იდეალური ადგილია განახლებადი ენერგიის დიდი მასშტაბებით განვითარებისათვის, რისი დახმარებითაც წყალბადისა და ამიაკის წარმოება იქნება შესაძლებელი. წარმოებული პროდუქცია კი როგორც შიდა ბაზრისათვის იქნება განკუთვნილი, ისე ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებსაც დაექვემდებარება.
საერთაშორისო ენერგიის სააგენტო წყალბადს მრავალმხრივი გამოყენების პროდუქტის სტატუსს ანიჭებს. მისი მოხმარება შეიძლება როგორც სამრეწველო, ისე სატრანსპორტო ინდუსტრიაშიც. მისი წარმოება კი მრავალი ხერხით არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნოლოგია ელექტროლიზის გამოყენებაა, რაც გულისხმობს ელექტრული დენის დახმარებით წყლის ჟანგბადისა და წყალბადის ნაწილაკებად დაყოფას. შესაბამისად, თუკი ზემოთ აღნიშნული ელექტრული დენის წყარო განახლებადი ენერგიაა (მზის ან ქარის მიერ გამომუშავებული), მაშინ ზოგი მეცნიერი, ამ ხერხით მიღებულ წყალბადს, მწვანე წყალბადს უწოდებს.
რაც შეეხება ამიაკს, BP-ის განცხადებით, მწვანე ამიაკის მიღება მწვანე წყალბადისა და აზოტის კომბინაციითაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, BP აღნიშნავს, რომ ინიციატივის განვითარებისათვის პორტებში, წყალში, ელექტროობის ქსელებსა და დისტრიბუციაში დიდი რაოდენობით ინვესტიციის განხორციელება იქნება საჭირო. წყალბადის საწვავად გამოყენების კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
BP წიაღისეული საწვავის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. თუმცა, კომპანია 2030 წლისათვის განახლებადი ენერგიის წარმოებაში ინვესტირებასა და 50 გიგავატიანი სადგურის აშენებას გეგმავს.