ბუნების ხმები ქალაქში

BV-2701

იქ სადაც ბუნებაა, სიმშვიდე კანონზომიერია. გარიჟრაჟით დაწყებულ დილას, ღამის სიმყუდროვე ასრულებს. ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლის შრიალი, ბუნების ხმა – არაფერი ხმაურობს. ცხოვრება მშვიდია.

მანქანის ხმოვანი სიგნალი, მოპედისა თუ მანქანის ძრავის ხმა, – ეს ხმაურია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხმაური. ქალაქის ხმაური. ხმები, რომლებიც  ბუნებასთან კავშირში არ არის. ხმები, რომლებიც ადამიანმა შექმნა და დღე-ღამის ყოველ მონაკვეთს დაჰყვება თან.

გიგრძნიათ გართობასა და დასვენებას შორის სხვაობა? თუ კი, ეს ნიშნავს, რომ ხმაურს და სიმშვიდეს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს.

თანამედროვე ქალაქებს თავისი ჟღერადობა აქვთ, ხმების ერთობა, რომელიც ხმაურს ქმნის. ქალაქებში იშვიათად ისმის ცალკეული ბგერა, განსაკუთრებით დასახლებულ ადგილებსა და ცენტრში, სადაც ყოველდღიურობა დუღს, ინფრასტრუქტურა გუგუნებს. ხალხი არა, ქალაქი კი ხმაურობს.

რატომ დავდივართ ბუნებაში? რადგან სიმშვიდეა. ვსეირნობთ, ფიქრები მოგვდის, გეგმებს ვაწყობთ. გარემოპირობების დამსახურებით, ტვინს მეტი კონცენტრაციის საშუალება ეძლევა. სასიამოვნოა და ამავდროულად პროდუქტიული. ეს ნამდვილი დასვენებაა, რომელსაც არასდროს ვნანობთ, რადგან ვიცით, რომ დრო ფუჭად არ დაგვიკარგავს. ფიზიკური და გონებრივი ძალების აღდგენა ხდება.

რამდენჯერ გვიფიქრია ბუნებაში გასვლაზე, დაგვიგეგმავს, გადაწყვეტილებამდეც თითქმის მივსულვართ… როგორც წესი, მონდომების მიუხედავად, ხშირად ვერ მივდივართ შედეგამდე. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ამაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას. სამუშაო დღეებში რთულია, სახლში მოსულმა, საკუთარ თავს აიძულო ბუნებაში გასვლა – ადგილზე, რომელიც ჩვენი სახლიდან შორსაა. ძალიან გვინდა, მაგრამ… კვლავ უნდა ჩავსხდეთ მანქანაში და მოვშორდეთ სახლს… რადგან საკუთარ ეზოში მდგარი რამდენიმე ნახევრად ხმელი ხე, შეშინებული კატა და სიცივისგან მობუზული ან სიცხისგან გათანგული ძაღლის ხილვა, ბუნებასთან სიახლოვის განცდას არ ტოვებს. სამწუხაროდ, არც ბუნების ხმა გვესმის, რომელიც ცოტა ხნით განგვაშორებს რეალობისგან და ფიქრებით მაინც წაგვიყვანს იქ, სადაც ხმაურში მყოფებს არ გვეფიქრება. აქ ბუნების ხმები არ არის.

Photo by Becky Phan on Unsplash

თანამედროვე ცხოვრებაში სიმშვიდეს დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს. მშვიდი ადგილები ცოტა, მაგრამ ხელმისაწვდომია. ინდუსტრიული ხმაურით გაჯერებულ ქალაქებში ბუნების ხმების გაგონება რთულია,  თითქმის შეუძლებელი. ამისათვის იქმნება ადგილები, სადაც ადამიანებს დროის მშვიდად გატარების საშუალება აქვთ – სამუშაოდ, სასეირნოდ, სავარჯიშოდ ან საცხოვრებლად. იქ, სადაც ბუნების ხმები აჭარბებს ქალაქის ხმაურს, ჩვენი გონება ყველაზე მშვიდი და პროდუქტიულია.

პატარა ქალაქების მოსახლეობით დაწყებული, მეგაპოლისის მცხოვრებლებით დამთავრებული, ყველას სჭირდება მშვიდი გარემოს შეგრძნება.

ნიუ-იორკში სიმშვიდის მთავარ ტერიტორიას ცენტრალ-პარკი  ქმნის – ქალაქის ცენტრში მოქცეული სიმწვანე, პატარა ტბით და უამრავი ბილიკით. ამ ადგილას სიცოცხლე ჩქეფს, სიცოცხლის ძალა მატულობს. ქალაქის ხმები ბუნების ხმებით არის ჩანაცვლებული. ალაგ-ალაგ ადამიანების ფუსფუსი ისმის, რომელსაც ხშირად ჩიტების ჭიკჭიკი ფარავს. ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, საქმით, რომელიც არ ღლის და სიამოვნებას ანიჭებს – აქ ბუნების ხმები ისმის.

ბუნების ხმა ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში დევს, როგორც დაუვიწყარი სამყაროს ხმა. სამყაროსი, რომლის ნაწილს წარმოვადგენთ ჩვენ – ადამიანები. ანთროპოგენური ხმის სიმცირე და ბუნების ხმის მრავალფეროვნება სასიამოვნო და სასარგებლო გავლენას ახდენს ჩვენზე. მაგალითების მოყვანისა და კვლევების ციტირებით თავს არ შეგაწყენთ. ამისათვის უმარტივეს ხერხს შეგიძლიათ, მიმართოთ. გაიკეთეთ ყურსასმენები და მოუსმინეთ ბუნების ხმებს; მზიანი ამინდის ხმას, ტყის ხმას, წვიმის წვეთების ხმას, წყლის ჩხრიალს, ჩიტების ჟღურტულით დაწყებულ დილას ან ბუს ხმას, რომელიც ღამის დადგომას მოასწავებს. აუცილებლად სასიამოვნო განწყობაზე დადგებით. სცადეთ ეს, თუნდაც ახლა, ამ ტექსტის კითხვისას.

ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ბუნების ხმები აკლია. თბილისი ხმაურიანია. სხვა ქალაქების მსგავსად, ისიც ინდუსტრიულ-ურბანული ხმების ერთობლიობაშია გახვეული, რომელიც ყოველდღიურობის თანდაყოლილ ბგერებად იქცა. ამიტომ განსაკუთრებულად გვსიამოვნებს ისეთ ადგილას წასვლა, სადაც ბუნების ხმა დომინანტურია.

წარმოიდგინეთ საცხოვრებელი სახლი ან ბინა, რომელიც ბუნებაშია. ადგილი, სადაც გარეთ გასვლა, სეირნობა, ბუნებაში ყოფნას გულისხმობს. ტერიტორია კი სიმწვანით არის შემოსილი ან სეზონის მიხედვით იცვლის ფერს. სეირნობა შეზღუდვისა და შორი მანძილების გავლის გარეშე, პირდაპირ თქვენი ფანჯრების წინ ცოცხალი გარემო გეგებებათ და თქვენც მისი ნაწილი ხდებით. სამყარო, რომელიც ზღაპრულს ძალიან ჰგავს, მაგრამ რეალურია და უფრო მეტიც, ის თქვენი სახლია.

დღეს ბუნებისგან შორს ყოფნა გავრცელებული მოცემულობაა, ამას ყოველდღიური სტრესი ემატება. ადამიანებს ხშირად გვჭირდება დასვენება, ეს საარსებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენი ნერვებისათვის, ჯანმრთელობისთვის და ჯანსაღი მომავლისთვის. ჩვენ კი ისეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, რომელიც სასიამოვნო ცხოვრებისგან გვაშორებს. მუდმივი ხმაური გვირღვევს ბიორიტმს და ქვეცნობიერი თუ გამოხატული შფოთვების თანხლებით გვაცხოვრებს. მსგავსი სიტუციიდან გამოსავალს ფიქრებში ვეძებთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათთვის გვცალია. მაგრამ ჩვენივე ცხოვრებაში არსებობს ალტერნატივა. იქ, სადაც სიმშვიდე და წყნარი გარემო ყოველდღიურობის თანამდევი სასიამოვნო რეალობაა. დიდსა თუ პატარას, ყველას გვჭირდება ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების მყუდრო გარემოს მოვიწყობთ, დავსახლდებით და დავტკბებით იმით, რასაც ბუნება თავისით გვთავაზობს. ქალაქში ვიცხოვრებთ, მშვიდად, სადაც გარშემო სიმწვანეა, სუფთა ჰაერი და ბუნებრივი სიმშვიდე. ჩვენს ქალაქში, თბილისში, სადაც თქვენი სამყარო მიგიყვანთ. ეძებეთ სიმწვანე, ყური დაუგდეთ, ბუნების ხმები ქალაქშიც ისმის, მხოლოდ იქ, სადაც ბუნებაა.

გააზიარე