კომფორტის ისტორია

BV-LISI-COVER-2

კომფორტი – კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობა. ამგვარად არის განმარტებული ეს ტერმინი უცხო სიტყვათა ლექსიკონში.

ის, რაც ადრე აუცილებელი იყო, ახლა კომფორტულია.

ცივილიზაცია კომფორტის ძებნის კვალდაკვალ განვითარდა. ვვითარდებით უკეთესობისთვის – მეტი კომფორტისათვის. შეიძლება დიდი დრო დასჭირდა კომფორტული საგნების შექმნას, მაგრამ კომფორტის სურვილი ცხოვრებას აუმჯობესებდა. ყველაფერი, რაც დღეს გაგვაჩნია, წარსულში ჩაფიქრებული სურვილების ახდენაა.

მილიონობით წლების წინ დაიწყო ადამიანმა საკუთარ თავზე ზრუნვა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნადირობა გადაწყვიტა, ქვის იარაღი გააკეთა და ამით ნადირობის პროცესი მეტად მოხერხებული და შედეგიანი გახადა. აქ დასრულდა შემგუებლური ცხოვრება. ადამიანმა დაიწყო საკუთარ კომფორტზე ფიქრი.

ქვის იარაღები

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ 24 საათი ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ დროს უდრის. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ეს ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენს ეპოქაში გონების კანონებით ვცხოვრობთ. მსოფლიო ყოველდღიურად ვითარდება. განვითარებასთან ერთად კი ცხოვრება ჩქარდება. რაც უფრო სწრაფია ცხოვრების ტემპი, კომფორტზე მოთხოვნა მით უფრო იზრდება.

პირდაპირები ვიყოთ და ვაღიაროთ: მიუხედავად განვითარებისა, თანამედროვე ეპოქაში კომფორტი ხშირად გვაკლია. ეს არ არის ჩვენი ბრალი. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც ჩვენამდე შეიქმნა. ჩვენი კომფორტი კი ჩვენი შესაქმნელია, ინდივიდუალური გემოვნებით და ფანტაზიით.

დღეს სხვა რეალობაა. ცხოვრების სწრაფი ტემპი უამრავი აქტივობის მოსწრებას გვაიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ კომფორტი ყველგან სასიამოვნოა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც საცხოვრებელ გარემოს აქვს. ადგილს, სადაც კომფორტი ყველაფერზე წინ დგას. კომფორტი აუცილებელი პირობაა ბედნიერებისათვის, შესაბამისად, თუ ბედნიერ გარემოში გვინდა ცხოვრება,  კომფორტზე ზრუნვა აუცილებელია.

ძველ დროში დასახლებები ყოველთვის წყლის სიახლოვეს იქმნებოდა. ამას თავისი აუცილებელი წანაპირობა გააჩნდა. წყალი სასმელად, თევზჭერისთვის და საბანაოდ გამოიყენებოდა. ფუნქციურად, საცხოვრებელთან მდებარე წყალი დღესაც იმავე სარგებელს იძლევა, მაგრამ ჩვენ მას განსხვავებულად ვიყენებთ. აუცილებელმა წინაპირობამ მხოლოდ კომფორტი დატოვა – ლამაზი ხედი, სარეკრეაციო ზონა და სასიამოვნო გარემო. სხვა დანარჩენი ადამიანმა სახლში წაიღო და საკუთარ კომფორტს მოარგო.

კაცობრიობის ისტორიაში, საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებულ ესთეტიკას ყოველთვის დიდი როლი ენიჭებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებამდე, კომფორტის შესაქმნელად, ადამიანი ბუნებას იშველიებდა. ამაზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფიქრობდნენ. ძველ ეგვიპტეში, სადაც ლანდშაფტის ძირითად ნაწილს უდაბნო წარმოადგენდა, მოსახლეობა საკუთარი კარ-მიდამოს კეთილმოწყობაზე განსაკუთრებულად ზრუნავდა. საცხოვრებელი ადგილის სილამაზეს, მის გარშემო მოწყობილი მწვანე საფარი განსაზღვრავდა. ადამიანის გონებას იმდენად ასაზრდოებდა ბუნებასთან სიახლოვე, რომ ეგვიპტელები სიკვდილის მერეც ვერ ელეოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილს. ძვ. წ. მე-14 საუკუნის ეგვიპტურ სამარხზე გაკეთებული წარწერა ამის მაგალითია:

„დაე, ყოველ დღე ვისეირნო წყლის ნაპირებზე,  დაე ჩემმა სულმა დაისვენოს ჩემს მიერ დარგული ხეების ტოტებზე, დაე მოვითქვა სული ჩემი ჭადრის ხის ჩრდილში“.

ეგვიპტე | Jean-Claude Golvin

კომფორტი სურვილების რეალობად ქცევის გამოხატულებაა. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ისტორიული ოცნებებიც ხდება. ზღაპრული მფრინავი ხალიჩის თვითმფრინავამდე ტრანსფორმაცია ამის ნათელი მაგალითია. ის, რაც ოდესღაც მიუღწეველი იყო, დღეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა და კომფორტია. ასეთი მაგალითი მრავლადაა და თანამედროვე ცხოვრება ძველი ოცნებების ახდენის ეპოქაა – პორტრეტიდან-ფოტომდე, მზიდან-ნათურამდე, პაპირუსიდან-კომპიუტერამდე, ცხენიდან-ძრავამდე, ელვიდან-ელექტროსადგურამდე  და სხვა.

თანამედროვე ეპოქაში, დროის დაზოგვა კომფორტის განუყოფელი ნაწილია. დიდი მნიშვნელობა აქვს სურვილის ასრულებისთვის დახარჯულ დროს. რაც მეტი რამ გვაქვს გარშემო ხელმისაწვდომი, უფრო ბედნიერები ვართ, მეტ რამეს ვასწრებთ. ახლოს მდებარე სუპერმარკეტი, კაფე ან სპორტული დარბაზი ცხოვრებას გვიადვილებს. მათი მდებარეობა თუ ჩვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზეა, თავი ძალიან იღბლიან ადამიანებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დროის დასაზოგად, ყველაზე გავრცელებული, მიტანის სერვისია. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მიტანის სერვისის გაგონებაზე, ცხადად თუ ქვეცნობიერად პიცა გვახსენდება. მაგრამ, შესაძლებელია სულ სხვა რამ შევუკვეთოთ. პიცა მაგალითია, რომელიც ბევრისთვის „ადამიანი ობობას“  ცნობილი ფილმითაც გახდა შთაგონების წყარო, ან შეიძლება ფილმიდან „მარტო სახლშის“ ეპიზოდიდან გვახსოვს. საქმე იმაშია, რომ მიტანის სერვისთან პიცას უფრო მჭიდრო ისტორია აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული პიცის სახეობა არის „მარგერიტა“. პიცის ეს სახეობა იტალიელი დედოფლის მარგერიტა სავოიელის სახელთანაა დაკავშირებული. ის იტალიის მეფის უმბერტო I-ის მეუღლე იყო. სწორედ უმბერტო I-მა და მარგერიტამ ისარგებლეს პირველად პიცის მიტანის სერვისით. ეს ნეაპოლში, 1889 წელს მოხდა, როდესაც მეფე-დედოფალმა ხალხის საკვების დაგემოვნება გადაწყვიტა, რომელსაც იტალიაში ცნობილი მცხობელი რაფაელ ესპოსიტო ამზადებდა. ბრტყელ ცომზე მოყრილი თეთრი მოცარელა, წითელი პომიდორი და ნედლი რეჰანის მწვანე ფოთლები (რომელიც იტალიის დროშის ფერებს ქმნიდა), სამეფო ოჯახის საყვარელ კერძად იქცა. დედოფლის საპატივცემულოდ, რაფაელ ესპოსიტომ პიცის ამ სახეობას „მარგერიტა“ უწოდა. ახლა კი ის დროა, როდესაც ჩვენც სამეფო ოჯახებივით შეგვიძლია ცხოვრება, სადაც სურვილები ჩვენს სივრცეში და ჩვენს გარშემოა.

მარგარიტ სავოიელი
პიცა მარგარიტა

სამწუხაროდ, საქართველოში ბევრჯერ ყოფილა პერიოდი, როდესაც კომფორტს აუცილებლობის საჭიროება უსწრებდა. ვაკეთებდით და ვიღებდით იმას, რაც გვჭირდებოდა და გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.

ასეთი რეალობა შეიქმნა – ვქმნიდით საჭიროებას და არა კომფორტს. საბედნიეროდ, კომფორტზე მორგებულმა განვითარებამ ჩვენამდეც მოაღწია და ჩვენთანაც დაიდო ბინა.

მთელი მსოფლიოს მსგავსად, კომფორტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეისათვის სახლის ფუნქცია მრავალფეროვანია. ეს არის ადგილი, სადაც გარემო, ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები თანაბარ როლს ასრულებს კომფორტული ცხოვრებისათვის.

ინტერიერის მორგება საკუთარ საჭიროებებზე აღარ წარმოადგენს სრულფასოვანი ცხოვრების შესაშურ მაგალითს. მეტიც, ექსტერიერი და გარემოს განაშენიანება არანაკლებ როლს ასრულებს კომფორტულ ცხოვრებაში, ვიდრე სახლის კედლებში მოქცეული სურვილები. ადამიანს, როგორც სოციალურად აქტიურ არსებას, სახლის გარშემოც სჭირდება ისეთი პირობები, რომლებიც  მას ცხოვრებას გაუადვილებს და შეუქმნის კომფორტს.

ასეთი მოთხოვნის შესასრულებლად, ზონალური განაშენიანება საუკეთესო გამოსავალია. როდესაც ყველაფერს თავისი ადგილი უკავია და ადამიანს ამ ყველაფერზე წვდომის შესაძლებლობა აქვს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს დასახლებები, რომლებიც საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად ითვლება გარემო პირობებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ტიპის ზონებად დაყოფილი ტერიტორია, როგორიცაა საცხოვრებელი, კომერციული, გასართობი და სარეკრეაციო, განსაკუთრებულად კომფორტული საცხოვრებელი გარემოპირობების შექმნას უზრუნველყოფს.

ხშირად, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენი ფიქრები მრავალფეროვანია. გვინდა სეირნობა, საკვები პროდუქტის ყიდვა, განტვირთვა, ვარჯიში ან უბრალოდ ბუნებაში დროის გატარება. ამ ჩამონათვალში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ დროის დეფიციტი ამაში ხელს გვიშლის. ძნელია, საკუთარ საცხოვრებელთან იპოვო ადგილი, სადაც ერთ კონკრეტულ დღეს სავარჯიშო დარბაზში შეხვალ, აუზში იცურავებ, სუფთა ჰაერზე ისეირნებ ან უბრალოდ ბუნებაში ყოფნით დატკბები. ეს უკვე არაკომფორტულ ცხოვრებასთან ასოცირდება, როდესაც უარის თქმა გიწევს იმაზე, რაც გინდა, მაგრამ გარშემო არ გაქვს. სწორედ ასეთი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად იქმნება ზონალური საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულად ცხოვრობ. არც დროის დეფიციტი გადარდებს, რადგან ყველაფერი შენ გარშემო, საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზეა.

კომფორტის შეგრძნებას მხოლოდ ყოფითი სარგებლით არ განისაზღვრება. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ უკანასკნელზე ზრუნვას კი ცხოვრების წესთან ერთად გარემო განაპირობებს. წყლის სიახლოვეს საცხოვრებელი სახლი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ამას მარტივი ახსნა აქვს. წყლის პირას არსებული ხეები და მცირე ზომის მცენარეები გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ფიტონციტები ეწოდება. როდესაც ადამიანი ფიტონციტებს ჩაისუნთქავს, ის იწვევს სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მატებას, რაც შესანიშნავი საშუალებაა დაავადებებთან საბრძოლველად.

იყო დრო, როდესაც ადამიანს სუფთა ჰაერზე ძილი არ ხიბლავდა. მეტიც, ხმაურისგან თავის დასაცავად, გვიანი შუა საუკუნეების ეპოქაში სპეციალურ კარადებს ამზადებდნენ. კარადის შიგნით ლოგინი იყო. თავად კარადა, შემაღლებულ ფეხებზე იდგა, იატაკზე მოფენილი მტვრისგან დასაცავად. ასეთ პირობებში ძილი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ პოპულარული იყო. ხალხი თვლიდა, რომ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა, მეტი კომფორტისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა. მაგრამ, დრო გავიდა. უჰაერო სივრცეში წოლას, ჰაერზე ძილი ამჯობინეს. ახლაც შეგვიძლია მსგავსი საძინებლების ნახვა – მუზეუმებში.

საწოლი კარადა

წლების წინ სხვაგან ნანახი ოცნებას აყალიბებდა. ხანდახან კომფორტზე ფიქრი ოცნების განუყრელ ნაწილად აღიქმებოდა. დღეს სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, კომფორტი ხელმისაწვდომი რეალობაა, ჩვენი მთავარი საზრუნავი კი ყველაზე კომფორტული გარემოს შერჩევაა – ადგილის, სადაც გვექნება ყველაფერი ის, რაზეც აქამდე გვიოცნებია.

იფიქრეთ თქვენც და გაამდიდრეთ კომფორტის ისტორია, რადგან აქ ფიქრები ფაქტებად გარდაიქმნება, ფაქტები კი ახალ ფიქრებს წარმოშობს, საბოლოოდ კი – კომფორტს, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობაა.

დაბოლოს, ჩვენ საკუთარ კომფორტზე ფიქრისას მარტონი არ ვართ. ადამიანის გაჩენიდან მისი არსებობის ბოლომდე, კომფორტი ცხოვრების განუყოფელი საჭიროება იქნება, სწორად მოწყობილი საცხოვრებელი გარემო კი კომფორტის საუკეთესო თავშესაფარი, რადგან კომფორტი კეთილმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობათა ერთობლიობაა.

 

მთავარი ფოტო: ნინევიის დაკიდებული ბაღები (რეკონსტრუქცია: JR. CASALS)

გააზიარე