მომავალი წარსულის გარეშე

მომავალი წარსულის გარეშე

დიდი აფეთქების თეორია – საიდანაც მოვდივართ და რის შესახებაც მხოლოდ ერთი საუკუნეა ვიცით. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ბელგიელმა მღვდელმა და ასტროლოგმა ჯორჯ ლემეტრმა, ჩვენი წარმოშობის დასაბამი წერტილი განსაზღვრა.

დღეს კაცობრიობა წინ მიიწევს. უკან არ ვიხედებით. გვაინტერესებს რა მოხდება წინ – მომავალში.

სულ რამდენიმე წლის წინ, მომავლის ცხოვრებაზე დასმულ შეკითხვას, უმეტესობა ერთნაირად და მარტივად გასცემდა პასუხს – „მფრინავი მანქანები იქნებიან“.

როგორც აღმოჩნდა, მფრინავი მანქანები არ წარმოადგენს დიდ საჭიროებას, სწორედ ამიტომ, ყოველდღურად კვლავ მიწაზე დავდივართ, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს, ვისაც უნდა, ის დაფრინავს კიდეც.

ასეა თუ ისე, განვითარებაზე ორინტირებული საზოგადოება  სხვა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა…

დღეს არამარტო რეალობა გვაქვს სახეცვლილი, არამედ ხედვაც, რომელიც წარსულთან მიმართებაში საფუძვლიანად განსხვავებულია.

სულ რაღაც 50-60 წლის წინ, იქ სადაც იყო ტყე, ამ უკანასკნელის გაკაფვა, მოსწორება და ურბანულ-ინდუსტრიულ ზონად გარდაქმნა, წარმატების და სიხარულის მომტანი იყო. დაწესებულებები, შენობები, გზები იხსნებოდა დიდი ოვაციებითა და ჭრელი ლენტების გაჭრით. მაგრამ, ახლა საქმე სხვაგვარადაა… ჩვენ გვჭირდება ისეთი მომავალი, რომელიც წარსულში გათელილ ეკოსისტემას, ახალ და მნიშვნელოვან იერსახეს შესძენს, სიცოცხლეს გაუცოცხლებს.

ქალაქების შენება აღარ არის მხოლოდ შენობების ჩადგმა, გზების დაგება და თავშეყრის ადგილების გაჩენა. თანამედროვე ქალაქები სხვა მიმართულებით ვითარდება და განსხვავებულ იდეაზეა დაფუძნებული.

ქალაქის სწორი გზით მშენებლობა, მისი ეკოსისტემის მოწყობა და საჭიროებისამებრ განვითარება, ქალაქგეგმარების უმნიშვნელოვანესი ელემენტებია. დღეისათვის, უკვე არსებობს ტენდენციები, რომელიც ადამიანების ცხოვრებას უკეთესად აყალიბებს. მოდით, რამოდენიმე მათთაგანი განვიხილოთ.

ქალაქი 15 წუთში:

15 წუთიანი ქალაქის კონცეფციის მიზანი, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მარტივ და სწრაფ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ასეთი ტიპის მოდელი, სხვადასხვა უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას, საცხოვრებელი ადგილების სიახლოვეს სთავაზობს განსხვავებულ სერვისებზე წვდომას; მაგალითად, სასწავლო დაწესებულებები, გამაჯანსაღებელი ცენტრები, სხვადასხვა პროდუქციის მაღაზიები, საკვები ობიექტები, სასეირნო პარკები და სხვა. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ უბანშია მოქცეული, შესაბამისად ამა თუ იმ უბნის მაცხოვრებლების გადაადგილების არეალი უმეტესად საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზეა. ასეთ დაგეგმარებას, რამდენიმე სახის სასიკეთო შედეგის მოტანა შეუძლია; ძირითადად ეს არის დროის ეკონომია, მარტივი ხელმისაწვდომობა და გამონაბოლქვის შემცირება. დიდ დისტანციაზე გადაადგილების აუცილებლობის მოხსნა თავისთავად სასიკეთოდ აისახება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობაზე. დღეს, უბნების უმეტესობა რუტინული თუ ერთჯერადი გადაადგილების პროცესზეა აგებული, რაც ხშირ შემთხვევაში ქალაქის გამტარიანობას აფერხებს. მაგალითად, საცხოვრებელი, სამუშაო და საგანმანათლებლო სივრცეების სხვადასხვა უბნებში მდებარეობა ართულებს ყოველდღიური მოძრაობის ეფექტურობას, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე პარკირებებზე, სამანქანე გზებზე. დიდია გამონაბოლქვის დონეც, რომელიც უმეტესწილად გადაადგილების შეფერხებისას წარმოიქმნება. 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია, არსებული ვითარების რადიკალურ შეცვლას გვთავაზობს, რომელიც გარემოზე და ადამიანზე სასიკეთო გავლენას ახდენს.

ინკლუზიური სერვისები და დაგეგმარება:

როგორც არ უნდა შევხედოთ, ინკლუზიური სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, ჩვენი ქალაქები ძალიან მოიკოჭლებენ. ეს ეხება ჩვენს დედაქალაქსაც და რეგიონალურ, პატარა თუ დიდ ქალაქებს. ინკლუზიური სერვისების და ინფრასტრუქტურის მიწოდება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს თანაბარი უფლებების და შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ქალაქებში მდებარე უბნების პროექტირებისა და დაგეგმარებისას აუცილებელია, სოციალური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა გადანაწილებული იყოს თანაბრად. ეს არ წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციას, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც ნებისმიერი ქალაქის ეკოსისტემა დგას, განურჩევლად მისი განვითარების საფეხურისა.

მდგრადი შენობები და ინფრასტრუქტურა:

საცხოვრებლად განკუთვნილი ენერგიის მოხმარების გარეშე ცხოვრება პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი – ამ რესურსებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ვიყენებთ, განსაკუთრებით ჩვენს საცხოვრებელ სახლებში. ყველა სახის ენერგია გარდაიქმნება და წარმოქმნის ნარჩენებს – საყოფაცხოვრებო ნაგავს.

ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, სადაც განვითარების მაღალი დონეა, ევროპის კომისიის კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ შენობების 75%-ი არაენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგიის ძალიან დიდი ნაწილი იკარგება. ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ გარდა ეკოლოგიაზე მიყენებული ზიანისა, მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, ეკონომიკური კუთხითაც არაეფექტური და ხარჯიანია.

ენერგოეფექტურობის არამდგრადობის პრობლემა არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის უცხო, რაც სხვადასხვა მიზეზებითაა გამოწვეული: შენობის კედლების არასაკმარისი სისქე, კარ-ფანჯრების ჰერმეტულობის დარღვევა, სახურავების არასათანადო იზოლაცია  და სხვა.

მდგრად შენობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმარება, როგორიცაა საკანალიზაციო ჭების მოწყობა, სანიაღვრე არხების არსებობა, ნალექის ასარიდებელი კონსტრუქციების სწორი დაგეგმარება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელი ადგილების ხელმისაწვდომობა და დროული დაცლა.

მასობრივი ჩართულობა:

ნებისმიერი ქალაქისა თუ უბნისათვის, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ამ პრინციპზე დაყრდნობით ხდება ცვლილებები და იქმნება უკეთესი გარემო. არსებობს მოცემულობები, როდესაც თავად უბნის მკვიდრებს უწევთ შიდასაუბნო ცვლილებებზე ზრუნვა. ამ ფუნქციას ხშირად სამეზობლო ამხანაგობის თავმჯდომარეები ითავსებენ.

საბედნიეროდ, საქართველოში არსებული სამშენებლო ბიზნესის გარკვეული ნაწილისათვის, შესაძლებელი გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობა არ დგას, რადგან ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობასთან, თავად დეველოპერული კომპანია იღებს საკუთარ თავზე. ისინი, უკვე გამართულ და საცხოვრებლად მოწყობილ დასახლებებს ქმნიან, სადაც ცალკეულ წევრებს არ უწევთ მთელ რიგ საკითებზე ზრუნვა, რადგან ისინი უკვე მოგვარებულია.

საჯარო სივრცეების მწვანე დაგეგმარება:

სიმწვანისა და ეკოლოგიური კეთილდღეობის დეფიციტზე აქამდეც ხშირად გვისაუბრია. თუმცა, ეს ის თემაა, რაზე საუბარსაც არასოდეს მოაქვს ზიანი, პირიქით, სიმწვანე და სიჯანსაღე იმდენად მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რომ ამ საკითხისთვის გვერდის ავლა თითქმის არასოდეს გამოგვდის.

დიახ, ქალაქები უნდა დაიგეგმოს და დაპროექტდეს ადამიანებისათვის, სიცოცხლისათვის. ადამიანებს კი გვჭირდება მწვანე ქუჩები, მწვანე შენობები და მწვანე სარეკრეაციო სივრცეები.

ურბანული ტერიტორიების ტრადიციული სახე გამოირჩევა მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, შენობებით და გადატვირთული სატრანსპორტო გზებით. ეს ყოველივე კი ქალაქს სასიცოცხლო რესურსებისგან ცლის და ამავდროულად კლიმატურ ცვლილებებზე მავნე ზეგავლენით გამოირჩევა.

ვეცადოთ და შევცვალოთ ცხოვრება ისე, რომ ყველასთვის უკეთესი გავხადოთ ის. მომავალი შევქმნათ წარსულის მაგალითებზე და არა წარსულის მსგავსად.

ვიცხოვროთ იქ, სადაც სახლები, წყალი, ჰაერი, ინფრასტრუქტურა და სულ სიმწვანეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.