ფერი, რომელიც აკლია ქალაქს

Forbes-WEB-22032306

ქალაქში ცხოვრების მთავარი ხიბლი მრავალფეროვნების ხელმისაწვდომობაა. თითქმის ყველაფერია, რაც გვინდა და გვჭირდება. ვმუშაობთ, ვცხოვრობთ შენობებსა და სივრცეებში, დავდივართ ფეხით, მანქანით, ველოსიპედით. ვისვენებთ, ვსეირნობთ, ერთმანეთთან ვსტუმრობთ. ქალაქი ჭრელია, თითქმის ყველა ფერი აქვს ქალაქს…

თანამედროვე ქალაქის ფერები მრავალგვარია, მაგრამ უმეტესობა – ხელოვნური. ბუნებრივი ფერი მცირე, ბუნების ფერი კი ძალიან მცირე რაოდენობითაა. დეკორაციად ქცეული სიმწვანე ქალაქში გაფანტული საყვავილეების მსგავსად შემორჩა, აქა-იქ. ძველი, ქვანაკლული მოკირწყლული კედელივით გახუნდა ქალაქის სიმწვანე. ზოგან გაქრა, იშვიათად შემორჩა, სადღაც კი მრავლადაა – ბუნებრივად.

ცივი თვეების შემდეგ თბილი სეზონის დადგომა სასიამოვნოა. თუმცა უჰაერო და ზედმეტად ცხელი დღეები სიამოვნებას ვერ გვანიჭებს. ზაფხულში, ჰაერის მაღალი ტემპერატურით, განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრები ხალხი წუხდება. ამას თავისი მიზეზი აქვს –  უჰაერობა და მომატებული ტემპერატურა მწვანე საფარის შემცირებით არის გამოწვეული, რაც ჟანგბადისა და ჩრდილის დეფიციტს იწვევს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მსოფლიოს ეკოლოგთა ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს, ე.წ. ფოთლოვანი არეალების გაზრდის საკითხი წარმოადგენს. უკანასკნელი ოცი  წელია, დედამიწის მჭიდროდ დასახლებული ადგილების გამწვანების პროცესის დადებითობის ტენდენცია გამოიკვეთა. ამ საქმეში უდიდეს როლს ჩინეთი ასრულებს გამწვანების 17.8%-იანი მაჩვენებლით, მას ინდოეთი მოჰყვება 11.1%-ით, შემდეგ ადგილებს კი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა იკავებს, რომელთა ზრდადი გამწვანების მაჩვენებელი 7.78%-ია.

მწვანე საფარის ზრდის სტატისტიკის უმთავრეს ფაქტორს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ქალაქების  სიმწვანის დეფიციტის პრობლემა კვლავ აქტუალური გამოწვევაა. გამწვანების მაჩვენებლის გაზრდის მიუხედავად, ჰაერის დაბინძურების კუთხით, ყველაზე საგანგაშო მონაცემებით, აქაც ჩინეთი და ინდოეთი ლიდერობს.

სიმწვანე ჩვენს დედაქალაქსაც აკლია. თბილისში ცხოვრების მსურველთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდა მჭიდრო დასახლებებს აყალიბებს, სადაც სულ უფრო და უფრო ნაკლები ადგილი რჩება ბუნებრივი საფარისთვის, სიმწვანისთვის.

წინა რამდენიმე ბლოგში შევეხეთ ბუნებისა და სიმწვანის მნიშვნელობას და სარგებელს როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური სიჯანსაღისთვის. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სიმწვანე  უკვე არა მხოლოდ ფუფუნება, არამედ სწორი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად თბილისს მწვანე ფერი აკლია.

მსოფლიოს გარშემო სიმწვანის ხელშეწყობისთვის, მრავალი სხვადასხვაგვარი აქტივობა ხორციელდება. ინიციატივის ავტორები ხშირად მუნიციპალური სამსახურები არიან, მაგრამ ძირითად და მამოძრავებელ პროცესებს მაინც თავად მცხოვრებლები განაგებენ.

ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობა ხშირად მიმართავს „სახლის ბაღების“ მოწყობის ხერხს, რაც საცხოვრებელ სახლში საკვები პროდუქციის მოყვანას გულისხმობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი ტიპის ბაღები არ საჭიროებენ არც საკუთარ ეზოს და არც დიდი მოცულობის მიწას. მსგავსი, პატარა ზომის ბოსტნის მოწყობა  აივანზე ან ფანჯრის რაფაზეც კი შესაძლებელია.

ასეთი ტიპის მომცრო ბოსტნებს მოსახლეობა თავად პატრონობს, შესაბამისად, მოვლისა და ბოსტნეულის გაზრდის პროცესი მთლიანად მათ ხელშია. ეს მეთოდი ხელს უწყობს ორგანული საკვების მოყვანასა და მიღებას, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს. ერთჯერადად დახარჯულმა დრომ, რომელიც შიდა სივრცის ბოსტნის მოსაწყობადაა საჭირო, მომავალში გაცილებით მეტ დროს დაუზოგავს ადამიანს, თუნდაც იმით, რომ სასურველი ბოსტნეული საკუთარი ფანჯრის რაფაზე, აივანზე ან სახურავზე შეიძლება დაიკრიფოს, ნაცვლად მაღაზიაში წასვლისა. გარდა სიჯანსაღისა, საკუთარი მოსავლის მისაღებად დახარჯული ძალისხმევა განსაკუთრებულად ნაყოფიერ, შემოქმედებით და სასიამოვნო  პროცესთანაა დაკავშირებული. ამასთანავე, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საკითხები, რომელიც ეკოლოგიის კუთხითაც იძლევა სარგებელს; კერძოდ, შინ მოყვანილი ბოსტნეულის მოსავალი ამცირებს პლასტმასის გამოყენებაზე მოთხოვნას, რომელიც მაღაზიაში ბოსტნეულის შესაფუთად ან ჩასაწყობად გამოიყენება. ასევე მცირდება ტრანსპორტით გადაადგილებისას წარმოებული გამონაბოლქვის რაოდენობა, რაც სახლიდან მაღაზიამდე მისასვლელად წარმოიქმნება. რაც მთავარია, სახლში მოყვანილი პროდუქცია, სუფთაა აგროქიმიკატებისა და პესტიციდებისგან, რაც თავისთავად ჯანსაღი და ვიტამინებით სავსე პროდუქტის მიღების საუკეთესო წყაროა.

ქალაქის გამწვანების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს, ე.წ. „მწვანე სახურავების“ მოწყობა წარმოადგენს. ეს შედარებით ახალი ტენდენციაა, რომელიც განიხილება ეკოლოგიური უსაფრთხოების ზომების განხორციელების ინოვაციურ წყაროდ. ისეთ ადგილებში, სადაც მიწაზე განთავსებული სივრცეები ათვისებულია, ხოლო გამწვანებისთვის განკუთვნილი ადგილები ცემენტსა და ბეტონს აქვს დაკავებული, სახურავი მიწაზე მდებარე ტერიტორიის შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენს.

გარდა ესთეტიკური სილამაზისა, ეს მეთოდი ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებას უწყობს ხელს და საუკეთესო გამოსავალია მჭიდროდ დაგეგმარებული დასახლებებისათვის. „მწვანე სახურავების“ იდეა მიზნად ისახავს მრავალბინიანი კორპუსების (და არამარტო მათ) სახურავებზე მცირე ზომის მწვანე სივრცეების მოწყობას.

უმეტეს შემთხვევაში, შენობის სახურავზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცის მოვლაზე თავად შენობაში მცხოვრები ადამიანები ან კომერციულ ფართებში განთავსებული ორგანიზაციები იღებენ პასუხისმგებლობას, ამ უკანასკნელისათვის კი მსგავსი ტიპის აქტივობა სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვისა და განვითარების კარგი საშუალებაა.

ყოველივე ზემოთქმული, რაც უნდა კონცეპტუალურ და სამომავლო პერსპექტივად მოგვეჩვენოს, არცთუ ისე რთულ პროცესს წარმოადგენს. შემიძლია გაგიზიაროთ პომიდვრის მოსავლის ჩემი, საკმაოდ წარმატებული ისტორია. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მსგავსი იდეის წარმოშობა პანდემიამ განაპირობა.

სურვილი შემოდგომის დასაწყისში, სექტემბერში, მაღაზიაში შეძენილი ჩერის ჯიშის პომიდვრის რეცხვისას დამებადა. დაახლოებით ოთხი ცალი სხვადასხვა ფერის პომიდორი შუაზე გავჭერი, თესლები ამოვაცალე და ქაღალდზე გაშლილ მდგომარეობაში დავაწყვე, 2-3 დღით. რამდენიმე დღეში კვლავ მივუბრუნდი, მიწით სავსე ერთჯერად ჭიქებში -3-სანტიმეტრიანი ღრმული გავაკეთე და თითო თესლი თითო ჭიქაში ჩავრგე. თავდაპირველად ყოველდღე ვრწყავდი, თითო პლასტმასის ჭიქისთვის 100-150 გრამამდე წყალი მჭირდებოდა. ორ კვირაში ჩითილის ზრდის პროცესიც დაიწყო. დაახლოებით ორ  თვეში ჩითილები გაიზარდა და დიდი ზომის ქოთნებში მათი გადარგვის დროც დადგა. უფრო და უფრო იშვიათად მიწევდა ჩითილების მორწყვა, რადგან ზამთრის სეზონმა და სიცივემ მოუსწრო, შესაბამისად, წყლის აორთქლების პროცესიც საკმაოდ შენელდა. ვცდილობდი, რომ ნიადაგი მუდმივად ნამიანი ყოფილიყო. ჩითილების უმეტესობა გამჭვირვალე პლასტმასის ქოთნებში მქონდა დარგული (გადაჭრილ წყლის ჭურჭელში) და დაფესვიანების სისტემასაც ვადევნებდი თვალს. სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი ვიცი დაფესვიანებაზე, მაგრამ თვალს უხაროდა, როდესაც განვითარებულ და დაფესვიანებულ ჩითილს ვხედავდი. ჩითილები სწრაფად გაიზარდა, მათ დამხმარე სარებიც დასჭირდათ, რომ არ გადამტყდარიყვნენ. ორთვე-ნახევარში გამორჩეულად გემრიელი პომიდვრის მოსავალი ავიღე, 4-ჯერ. მოსავალი ოთახის ტემპერატურაზე, ცივი კლიმატის პირობებში მოვიდა.

ურბანული აგრიკულტურის განვითარება, გარდა ინდივიდუალური სარგებლისა, ხელს უწყობს გარემოს გაჯანსაღების პროცესს. ურბანული ბაღების მოწყობა, რაც ქალაქში ვეგეტაციის გაშენებას გულისხმობს, ეხმარება ქალაქის დაბინძურებულ ჰაერს ფილტრაციაში. ზრდასრული ხე წელიწადში დაახლოებით 20 კილოგრამ ნახშირორჟანგს შთანთქავს, სანაცვლოდ კი ჟანგბადს გამოყოფს,  რაც ჩვენი სიცოცხლის აუცილებელი და ძირითადი წყაროა.

რაც შეეხება სახლში მოწყობილ ბოსტანს, ის სიჯანსაღის დამატებითი წყაროა – სუფთა პროდუქტი, ნაკლები პოლიეთილენი, შემცირებული გამონაბოლქვი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ფულისა და დროის ეკონომიას აკეთებს. მარტივად რომ ვთქვათ, 1 ცალი პომიდვრიდან, 15 ცალ პომიდორს მიიღებთ, თან ყველანაირი ქიმიკატების გარეშე.

ახლა კარგი სეზონია ჩითილების გამოსაყვანად და შემდეგ დასარგავად, წინ მზიანი დღეებია. მერწმუნეთ, ღირს მინიმალური შრომა მაქსიმალური შედეგისთვის.

თქვენც სცადეთ, გაამწვანეთ სივრცე, შეამცირეთ  გამონაბოლქვი და ნაკლებად გამოიყენეთ პოლიეთილენი. მერე სხვებსაც მოუყევით თქვენი წარმატების შესახებ.

ასე რომ, ჩვენი სახლებით დავიწყოთ, ნუ დაველოდებით სხვას. მერე სახურავებს მივხედოთ ერთად, ნიჩბით და სათლით ხელში…

გააზიარე