არსებობს პრობლემები, რომლებზეც არ ვსაუბრობთ, არ ვიმჩნევთ, გვაწუხებს, ვაპროტესტებთ, ვცვლით ან ვერ. დედაქალაქი სავსეა გამოწვევებით. მათი გადაჭრის გზა ხანდახან კომპლექსურად მოითხოვს საკითხის შესწავლას, უმეტესად კი ინდივიდუალურ და ცალკეულ მიდგომას საჭიროებს.
მსოფლიოს მრავალი ქალაქი მდგარა გამოწვევების წინაშე, ზოგი მათგანი საკმაოდ რთული, ზოგი კი მარტივად მოგვარებადია. გამოწვევების გადაჭრა ქალაქებს აცოცხლებს, უკეთესს ხდის და ავითარებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც კაცობრიობა დადგა – ეკოლოგიური პრობლემებია. ვაღიაროთ, რომ არამატერიალური პრობლემებიდან ყველაზე მეტად ჰაერის სისუფთავეა მნიშვნელოვანი, ეს მრავალი ქალაქის ძირითადი გამოწვევაა, მათ შორის – ჩვენი დედაქალაქის.
კარგია, რომ განვითარებასთან ერთად, ადამიანები მივედით დასკვნამდე – პრევენცია წინსვლაზე არანაკლებ აქტუალურია.
დღეისათვის, განვითარებული ქვეყნებში, თავად ბუნებაზე მორგებული გადაწყვეტილებები სულ უფრო აქტუალური ხდება. ასეთი ტიპის მიდგომა არა მხოლოდ მდგრადი განვითარების საშუალებაა, არამედ ის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებებისაგან თავის არიდების საუკეთესო გზაა.
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN), ეკოლოგიაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს. მისი ქმედებები მიმართულია ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვისაკენ, ასევე ბუნების მდგრადი მართვისა და აღდგენისაკენ. ეს ყოველივე კი მიზნად ისახავს სოციალური გამოწვევების მოგვარებას, ადამიანის კეთილდღეობას და ამავდროულად ბიომრავალფეროვნების აღდგენასა და დაცვას.
ძირითადი ღონისძიებები, რომელთაც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი ახორციელებს, უკავშირდება ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებას და მეტი ჯანსაღი სარგებლის მიღებას.
ტყეების აღდგენით, ახალი ხეების დარგვით არა მხოლოდ ჰაერს ვასუფთავებთ, არამედ ნიადაგს მდგრადობის აღდგენაში ვეხმარებით, რაც მეწყრული ზონების გაჩენის რისკს საგრძნობლად ამცირებს. ამავდროულად, დამატებითი მწვანე საფარის გაჩენა უშუალოდ ქალაქის შიდა სივრცეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი ტემპერატურის შემცირებაში, ეს კი ქალაქში ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.
იმისათვის, რომ ეკოლოგიაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები შედეგის მომტანი გამოდგეს, მნიშვნელოვანია გარკვეული პრინციპების დაცვა, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა მოერგოს ისეთ ადგილობრივ გამოწვევებს, როგორიცაა: ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი (ხელოვნურად გაშენებული) ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მართვა; წყლის სისტემებისა და დასამუშავებელი მიწების, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწების ფუნქციური მართვა, ახალი ეკოსისტემების შექმნა ქალაქში ან მის გარშემო.
ეკოლოგიაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების სწორად განხორციელების შემთხვევაში, ამ მიდგომას შეიძლება ჰქონდეს სხვა სახის დადებითი გავლენაც.
2020 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ შეიძლება ეკოლოგიასა და ბუნებაზე ზრუნვით განპირობებულმა გადაწყვეტილებებმა გავლენა მოახდინოს სამუშაო ადგილების აღდგენასა და მართვაზე. ანგარიშში დასახული მიზნები და მათი განხორციელება ორმხრივი ეფექტის მომტანია: ღონისძიებები როგორც გარემოს დაცვაზე, ისე დასაქმების პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ დიდი აქტუალურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს.
ეკოლოგიურ გაჯანსაღებისკენ მიმართული აქტივობების სწორი პოლიტიკის შექმნა ეფექტიანი საშუალებაა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.
მაგალითისათვის შეგვიძლია რამდენიმე ქალაქი მოვიყვანოთ, რომლებმაც ბუნებისა და საერთო კლიმატის პირობების გასაუმჯობესებლად, სიმწვანეზე დაფუძნებულ პოლიტიკას მიმართეს.
გერმანიაში, შტუტგარტში, ქალაქის მარეგულირებელ პოლიტიკასთან ერთად ეკოლოგიაზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენება დაიწყეს. კერძოდ, შეიქმნა სპეციალური სავენტილაციო დერეფნები, რომ ქალაქის გარშემო არსებული ბორცვებიდან სუფთა ჰაერის ნაკადები დაძრულიყო ქალაქისაკენ, რამაც ქალაქის გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერის გასუფთავება უზრუნველყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შტუტგარტში, ე.წ. „მწვანე სახურავებს“ 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი უჭირავს. ეს უკანასკნელი, გარდა დაგროვილი გამონაბოლქვის შთანთქმისა, ასევე ამცირებს ზაფხულის ცხელ ტემპერატურას.
სამხრეთ ჩინეთის ქალაქ შენჟენში პირველად გამოიყენეს ძლიერი წყალმოვარდნის მენეჯმენტის სისტემა. ქალაქში დაპროექტებული სპეციალური წყალდამჭერი (წვიმის წყლის საწინააღმდეგო) ბაღი წლიური ნალექის 60 პროცენტის დაჭერას ახერხებს. შენჟენს ამის გამო ქალაქ-ღრუბელსაც უწოდებენ. ასევე, შენჟენში მდებარე შენობების დიდ ნაწილზე „მწვანე სახურავია“ მოწყობილი.
ქალაქი გუანჯოუ, რომელიც ასევე ჩინეთში მდებარეობს, აქტიურადაა ჩართული ეკოლოგიური კეთილდღეობის პროცესებში. ქალაქი პრაქტიკულად მთლიანადაა მოცული მწვანე საფარის მქონე გზების ქსელით. ამავდროულად გუანჯოუს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ელექტროძრავიანი ტრანსპორტით სარგებლობს. ქალაქის მთავრობა მაქსიმალურადაა ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროცესში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოლოგიურ კეთილდღეობაზე.
გერმანული ქალაქი ესენი 2017 წელს ევროპის მწვანე ქალაქად აღიარეს. ესენს ეს სახელი არამხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვის შედეგად ერგო – აქ მთავარ დეტალს ქალაქის ტრანსფორმაცია წარმოადგენდა – ასობით მწვანე ჰექტარი, რომელიც მაღაროებისა და გამოუყენებელი ქარხნების ტრანსფორმაციის შედეგად გაჩნდა. პოსტინდუსტრიული ქალაქის გამწვანება მოსახლეობისა და მუნიციპალური სამსახურების ერთობლივი შრომის შედეგად განხორციელდა.
ყველაფერი ის, რაც საზღვარგარეთ ქალაქებში მოგვწონს, ადამიანის ხელითაა შექმნილი. ყველაფერი გამოწვევებმა შექმნეს, სადაც პრობლემა არა უკან დახევის საშუალებაა, არამედ წინ წასვლის საუკეთესო გზა. მოსახლეობის მონდომებით, ადგილობრივი მმართველობის ჩართულობითა და პროფესიონალების მუშაობის წყალობით, ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელია. ის, რაც ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემად ჩანს, შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარების საშუალება იყოს.
ჩვენი ქალაქებიც დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენც შეგვიძლია დიდი ცვლილებების მოხდენა – ცვლილებების, რომლებიც გარემოს აჯანსაღებს, ქვეყანას აუმჯობესებს და მომავალს გაცილებით იმედიანს ხდის.