ყოველდღიური განტვირთვის მნიშვნელობა

Forbes-WEB-22013103

ყველამ ვიცით,  რომ განტვირთვა აუცილებელია. ამ უკანასკნელის განხორციელების მრავალი ხერხი არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ განტვირთვა ინდივიდუალურია და თითოეულ ჩვენგანზე მორგებული. ზოგისთვის ეს ცურვაა, ზოგისთვის კითხვა, მუსიკის მოსმენა ან მისი შექმნა, ფილმის ყურება და სხვა. ყველა ჩამოთვლილთაგანი საზოგადოდ მეტ-ნაკლებად მიღებულია, როგორც განტვირთვის საყოველთაო სახეები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რა სიტუაციაში გვიწევს განტვირთვა. პროფესიონალი მოცურავისთვის ცურვა მისი ასპარეზია და არა განტვირთვა. კომპოზიტორი საკუთარი ნიჭის წყალობით ქმნის მუსიკას. ეს მისი საქმეა, მსმენელი კი შეიძლება მუსიკამ განტვირთოს. ასევეა კითხვაც, პროცესი გვსიამოვნებს, როდესაც ამას განტვირთვისათვის ვაკეთებთ, მაგრამ შემეცნებისა და მეცადინეობისას კითხვა გვღლის. კინოფილმების კრიტიკოსები, მათი ყურებისას მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან, რომ დეტალებზე იყვნენ ორიენტირებულნი, ბევრისთვის კი ფილმის ყურება მხოლოდ განტვირთვაა, ყველანაირი დაძაბულობის გარეშე.

მიუხედავად განტვირთვის განსხვავებული სახეებისა, არსებობს აქტივობები, რომლებიც უალტერნატივოა. მაგალითად, ძილის პროცესი. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, გვსიამოვნებს თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ძილი არის აუცილებელი სიფხიზლისთვის და სიცოცხლისთვის. ამიტომ 24 საათიდან რეკომენდებულია მინიმუმ 6-საათიანი ძილი. გამონაკლისებიც ხდება, როგორც ყველაფერში.

ზოგი ადამიანი განტვირთვის დროს ფუჭად დაკარგულად  მიიჩნევს. ასეა თუ ისე, განტვირთვა დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სამყარო მთლიანად ორ ძირითად კომპონენტზეა აგებული – დატვირთვა და განტვირთვა. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული პროცესი ერთმანეთზე დამოკიდებულებით სულდგმულობს. ის აუცილებელია როგორც სულიერი არსებებისთვის, ასევე უსულო ნივთებისათვის კი. მაგალითად ავიღოთ ძრავა; თუ ის მუდმივად ჩართულია, გარკვეული დროის  განმავლობაში იმუშავებს, მაგრამ თუ არ გამოვრთავთ, აუცილებლად გადაიწვება მოსალოდნელად მოკლე დროში. ძრავის რენტაბელური მოხმარებისთვის, აუცილებელია მისი გამორთვა გარკვეული დროით მუშაობის შემდეგ. ძრავის გამორთვა მისი განტვირთვაა. ასეა ნებისმიერი რამ: ნათურას, რომელიც გამუდმებით ანთია, ექსპლუატაციის ვადა გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე რეკომენდებული დატვირთვით მოხმარების შემთხვევაში.

ჩვენი ორგანიზმიც მექანიკური მოწყობილობების მსგავსად რეაგირებს დატვირთვა-განტვირთვის პროცესზე. ყოველდღიური შრომა მოითხოვს ყოველდღიურ განტვირთვას. ამ ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მუდმივად ვერ ვირბენთ, ვერ ვიქნებით ფხიზლად, ვერ ვიმუშავებთ, თუ შესაბამისი განტვირთვის საშუალება არ მივეცით საკუთარ თავს.

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ განტვირთვა აუცილებელი, უალტერნატივო და მნიშვნელოვანი პროცესია, განვიხილოთ რამდენიმე ვარიანტი, რაც ყოველდღიური განტვირთვისათვის სასურველია. მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების მრავალმხრივი შესაძლებლობებისა, განტვირთვის ნომერ პირველ აქტივობად კითხვა სახელდება. მას მოჰყვება ბუნებაში დროის გატარება, მარტოდ ყოფნა, მუსიკის მოსმენა, სეირნობა, შხაპის მიღება, მედიტაცია და სხვა. განტვირთვასთან დაკავშირებული აქტივობების უმეტესობა სახლში ყოფნას გულისხმობს, თუ სახლი ამის შესაძლებლობას იძლევა.

 

რა არის სახლი? მოგვწონს თუ არა ის? რა ფუნქცია აქვს ჩვენს ცხოვრებაში სახლს? რა მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ჩვენი სახლია?

სახლი მრავალფუნქციური ადგილია, სადაც ვცხოვრობთ, ვიკვებებით, ვისვენებთ, სტუმრებს ვიღებთ, ბავშვებს ვზრდით, ვმუშაობთ, ვერთობით.

მიუხედავად თანამედროვე ცხოვრების მაქსიმალური სოციალიზაციისა, გარეთ ყოფნის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა, სახლი წარმოადგენს ტერიტორიას, რომელიც ჩვენი კომფორტის ზონის ძირითადი შემქმნელი და განმკარგველია. ამიტომ სახლის მდებარეობას, მის ინტერიერსა და ექსტერიერს, ინფრასტრუქტურას და კეთილმოწყობას ფუნდამენტური ფუნქცია აკისრია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დღეს ადამიანი მეტ-ნაკლებად ინტერიერის „სიმყუდროვეს“ არის მიჩვეული. ეს კი განპირობებულია ცხოვრების წესით: ოფისი, ავტომობილი, სახლი და პირიქით. ასეთ პირობებში, ჩვენი ცხოვრების განტვირთვის ხიბლი ძირითადად მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობებში იფანტება. ეს სამწუხარო და ხშირი მოცემულობაა. ჯანსაღი განტვირთვის შესაძლებლობა, რომელიც მაქსიმალურად თანხვდენილია კომფორტთან, იშვიათია.

ჯანსაღი ცხოვრების მქადაგებელი გურუები (შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან ყველას ჩვენი სუბიექტური შეფასების კრიტერიუმები გვაქვს), ყოველთვის ურჩევენ ადამიანს, კონტაქტი ჰქონდეს ბუნებასთან და სიმწვანესთან. ეს განტვირთვის ყველაზე კარგი, შეიძლება ითქვას, რომ შეუცვლელი საშუალებაა, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. თუ სურვილი და საშუალება იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საცხოვრებელი ადგილი შევარჩიოთ ბუნებით და სიმწვანით გაჯერებულ პერიმეტრზე, ჩათვალეთ, რომ თქვენი ყოველდღიური განტვირთვა აუცილებელ, ჯანსაღ და იდეალურ პროცესებთან იქნება გაიგივებული.

გულახდილები რომ ვიყოთ, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ჩვენს სახლში და სახლის გარშემო გვაქვს ყველაფერი, რაც ყოველდღიური განტვირთვის პროცესში გვეხმარება – კეთილმოწყობილი მყუდრო საცხოვრებელი, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად გვსიამოვნებს. ადგილი, სადაც არაფერია ზედმეტი და არაფერი გვაკლია. როდესაც სტუმრებს ვმასპინძლობთ, ვატარებთ დროს ოჯახის წევრებთან ერთად, ან უბრალოდ გავდივართ სასეირნოდ ბუნებაში არსად გვეჩქარება, რადგან სახლში ვართ, ბუნება კი ჩვენი სახლის შემადგენელია – თუ ყველაფერი ეს სასიამოვნოა, ბედნიერებას ვგრძნობთ.  რაც მთავარია, ჩვენი საცხოვრებელი სივრცე გვაბედნიერებს.

დადებით და ბედნიერ ემოციებსაც სჭირდება ბალანსი მათი უკეთესად შეგრძნებისათვის. ასეთ მომენტებში ხდება განტვირთვა აუცილებელი. ჩვენი პირადი სივრცე და სიამოვნების აღქმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ბედნიერებისათვის. ამ დროს სეირნობა, ველოსიპედით სიარული, ბუნებაში გასვლა, მსუბუქი ვარჯიში გონების განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა – როდესაც ყველაფრისგან ისვენებ, ხარ შენთვის და ხელს უწყობ საკუთარ ორგანიზმს, ბედნიერების და სიმშვიდის მრავალი ჰორმონი მოიმარაგოს. სახლი ორი სივრცეა – შიდა და გარე, ისინი ერთიან ჰარმონიას ქმნიან ჩვენთვის, ჩვენი საცხოვრებელი ადგილისათვის.

სახლი განტვირთვისათვის საუკეთესო ადგილია. იმ გარემოში ცხოვრება, სადაც კარგად ხარ. გიყვარს ცხოვრება, რადგან იცი, რომ ყველაფერი წესრიგშია, იცი, რომ ხელი არაფერში გეშლება; გიყვარს ადგილი, სადაც ცხოვრობ და მოგწონს ყველაფერი, რაც შენთვის ხელმისაწვდომია. ასეთი ცხოვრება გვაბედნიერებს, ამ შეგრძნებას კი  განტვირთვა ქმნის – ის  ჩვენი ყოველდღიურობის მეორე ნახევარია.

გააზიარე