ბრაზილიამ მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად, ევროკავშირის წარმომადგენლები პირველად მიიწვია. გადაწყვეტილება მას შემდგომ იქნა მიღებული, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, 2020 წლის რეგიონული არჩევნების შემდეგ, ეჭვქვეშ დააყენა ბრაზილიის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მართებულობა და თაღლითობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებები წარადგინა.
ეჭვი, რომ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლისთვის მებრძოლმა ულტრამემარჯვენე პრეზიდენტმა შესაძლოა, ოქტომბრის არჩევნები უარყოს, ბოლო პერიოდში უფრო მეტად გაძლიერდა. მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებისთვის ქაღალდის ბიულეტენების შემოღებას მოითხოვს და საარჩევნო ორგანოს (TSE) მისი მთავარი ოპონენტისთვის, ლუის ინასიუ ლულა დე სილვასთვის უპირატესობის მინიჭებაში ადანაშაულებს.
TSE-ის განცხადებით, ბრაზილიის მომავალი არჩევნებისთვის ევროკავშირის დამკვირვებლების მოწვევა „მიზნად ისახავს მისი საარჩევნო სისტემის გამჭვირვალობის ზრდასა და თანამშრომლობის გაძლიერებას“. საარჩევნო ორგანოს განცხადებით, მოლაპარაკებები ბრაზილიის წინა არჩევნებში მონაწილე ჯგუფებთანაც მიმდინარეობს. მათ შორისაა ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია OAS-ი, აშშ-ის Carter Center-ი და პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობა (CPLP).
ბოლსონარუს კორონავირუსის პანდემიის მენეჯმენტის გამო აკრიტიკებენ. ქვეყნის სენატი კი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისისადმი მისი მიდგომის გამო, პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულშიც სდებს ბრალს. FSB Pesquisa-ს ბოლო გამოკითხვით, ბოლსონარუ (29%), მის მთავარ კონკურენტ ლულას (43%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ლულა ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით, 2003 წლიდან 2010 წლამდე უკვე იკავებდა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელმა TSE-ის ბრაზილიის არჩევნებზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირი ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნამდე, წინასწარი შეფასებისთვის, სპეციალური მისიის გაგზავნას მაისში აპირებს.