ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ შაბათს პოლიციამ დააკავა მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მსჯავრდებულის შესაძლო გაქცევის რისკი დადებითად შეაფასა. მოსამართლის განცადებით, ბოლსონარუს სახლის წინ მისი მომხმარეების შეკრებამ შესაძლოა მონიტორინგს ხელი შეუშალოს.
ბოლსონარუ თვეების განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და ამჟამად სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის 27-წლიანი სასჯელის გასაჩივრების პროცესშია. მოსამართლის განცხადებით, არსებობდა მტკიცებულებები, რომ ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა არგენტინის საელჩოს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუს ერთი ვაჟი და ახლო გარემოცვის ნაწილი ქვეყნიდან უკვე გაიქცა.
ჟაირ ბოლსონარუს ადვოკატებმა დაკავება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი „ლოცვითი თავყრილობა“ კონსტიტუციით დასაშვებია, თუმცა საქმე ორშაბათს უზენაესი სასამართლოს კოლეგიას საბოლოო დადასტურებისთვის გადაეცემა.
ექსპრეზიდენტი ამჟამად ბრაზილიის ფედერალური პოლიციის იზოლირებულ ოთახშია გადაყვანილი. თუ მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდება, დაცვის მხარე შეეცდება სასჯელის სახლში მოხდაზე ნებართვის მიღებას, თუმცა სასამართლომ ერთხელ უკვე თქვა უარი „ჰუმანიტარულ შინაპატიმრობაზე“.
შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუს, 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან წაგების შემდეგ გადატრიალების დაგეგმვისთვის, სექტემბერში 27 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.









