რიჩარდ ბრენსონს Virgin Galactic-ის აქციონერები თაღლითობის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან. აქციონერთა მტკიცებით, მილიარდერმა კოსმოსურ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები დამალა და მათ კომპანიის აქციები „გაბერილ ფასებში“ მიჰყიდა. სარჩელი, ბრენსონის კომერციული კოსმოსური ფრენებისთვის, კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს.
მართალია, ბრუკლინში, აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ალინ როსმა კოლექტიური სარჩელიდან ბრალდებების უმრავლესობა უარყო, თუმცა მან აქციონერებს უფლება დაუტოვა, ბრენსონისა და Virgin-ის ბრალეულობა თაღლითობასთან დაკავშირებით, სასამართლოში დაამტკიცონ. როგორც აქციონერები ამტკიცებენ, მილიარდერმა მათ მოტყუებით გაზრდილი ფასები გადაახდევინა Virgin Galactic-ის აქციებში, რომლებიც ახლა, 2021 წლის პიკთან შედარებით, 90%-ით დაბალ ფასად იყიდება.
აქციონერებს სასამართლოში სარჩელის წარდგენა Virgin-ის მიერ 2019 ივლისში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე შეუძლიათ. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსური კომერციული ფრენების განხორციელებაში „უდიდეს პროგრესს“ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ხუთი თვით ადრე, მისი სარაკეტო თვითმფრინავი Unity, საცდელი ფრენის დროს, სერიოზულად დაზიანდა. ბრალმდებლებს ჩივილი ბრენსოსის 2021 წლის ივლისის განცხადების გამოც შეუძლიათ, რომლითაც მილიარდერმა Unity-ით განხორციელებული მისი ფრენა „უნაკლოდ“ შეაფასა, თუმცა ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რაკეტამ ფრენის დაგეგმილ მარშრუტს გადაუხვია.
სწორედ ამ ფრენიდან ერთი თვის შემდეგ, ბრენსონმა დაახლოებით $301 მილიონის აქცია გაყიდა, რაზეც, მოსამართლე როსის ბრძანებით, აქციონერებს სასამართლოში სარჩელის წარდგენა შეუძლიათ. სარჩელი იმ პირებს აერთიანებთ, რომლებიც აქციებს 2019 წლის 10 ივლისიდან, 2021 წლის 14 ოქტომბრამდე ფლობდნენ, მაშინ, როდესაც Virgin-მა კომერციული კოსმოსური მოგზაურობების შეჩერება დააანონსა.
ბრენსონის ადვოკატების მოთხოვნა საქმის დახურვასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. მათივე განცხადებით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც მილიარდერის თაღლითობას დაადასტურებს, კოსმოსური მგზავრობა „უდავოდ მაღალი რისკის შემცველია“, ხოლო Virgin-ს დიზაინსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები არ დაუმალავს.