განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფ Brics-ის ლიდერებმა ბლოკში გასაწევრიანებლად ექვსი ახალი სახელმწიფო მოიწვიეს. მოწვეულ ქვეყნებს შორის არგენტინა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.
როგორც ბლოკის ქვეყნების ლიდერებს შორის იოჰანესბურგში გამართულ სამიტზე გაირკვა, ქვეყნები Brics-ს მომავალი წლის დასაწყისში, „გაფართოების პროცესის პირველი ეტაპის“ ფარგლებში შეუერთდებიან. ბლოკის წევრები უკვე არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ, კირიმ რამაფოსას განცხადებით, Brics-ის წევრები აფასებენ ქვეყნების სურვილს, დაამყარონ ბლოკთან პარტნიორობა.
ცნობისთვის, ეს იქნება პირველი გაფართოება ჯგუფისთვის მას შემდეგ, რაც 2010 წელს, Brics-ს, სამხრეთი აფრიკა შეუერთდა. ბლოკში ახალი წევრების მიღების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ჩინეთი იყო, რომელიც გაფართოებას, G7-თთან კონკურენციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.
პეკინის გეგმებში შედის პირველ ახლო აღმოსავლურ ბლოკში ირანისა და საუდის არაბეთის ჩართვაც. ეს ორი ქვეყანა აშშ-სთან ერთად მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ნავთობმწარმოებლები არიან, და მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ჩინეთის რეგიონულ ინტერესებშია. ბლოკის გაფართოების მსურველებს შორის არ იყო ინდოეთი, თუმცა პრემიერმა ნარენდრა მოდიმ, კონსენსუსის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
ახალ ქვეყნებს შორის არიან ნიუ-დელის სტრატეგიული თავდაცვის პარტნიორები, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე. მოდის განცხადებითვე, ახალი წევრების დამატება კიდევ უფრო გააძლიერებს Brics-ს და ბლოკს ახალ იმპულსს მისცემს. ხოლო ბრაზილიის პრეზიდენტ, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინფორმაციით, გაფართოების შედეგად, გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში Brics-ის წილი არსებული 32%-დან 37%-მდე გაიზრდება.