ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ბიზნესისთვის სანქციების შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა

ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ბიზნესისთვის სანქციების შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოს ავრცელებს. ერთა თანამეგობრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების დეპარტამენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი ქართული ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად და წარმოადგენს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ბიზნესებს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში დაეხმარება.

შემუშავებული სახელმძღვანელო ძირითად ყურადღებას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის საპასუხოდ დაწესებულ სანქციებზე ამახვილებს. ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ პირთა სია 2,000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს და ფართომასშტაბიან შეზღუდვებს აწესებს რუსეთთან დაკავშირებულ სავაჭრო და ეკონომიკურ საქმიანობაზე.

გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს თანახმად, გაერთიანებული სამეფოს სანქციები მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლას შეწყვიტოს საქმიანობა, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას იწვევს ან ძირს უთხრის მის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას; და ქვეყნის იძულებას, გადაიხადოს კომპენსაცია იმ ზარალისა, რომელიც 2022 წლის შემდეგ უკრაინას რუსეთის შეჭრით მიადგა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთი ყველანაირ გზას მიმართავს სანქციების გვერდის ავლისთვის და განაგრძობს მესამე ქვეყნის საშუალებით, დასავლური სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სხვა კრიტიკული საქონლის, მათ შორის საბრძოლო ტექნოლოგიების შესყიდვას. ამისათვის რუსეთი არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტებს, პროფესიული თავის არიდების ქსელებსა და საქონლის საბოლოო დანიშნულების გაყალბების პრაქტიკას მიმართავს.

გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოს თანახმად, საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა შესაძლოა მოიცავდეს:

  • საქართველოში მოქმედი კომპანიის მიერ რუსი იმპორტიორისგან შეკვეთის მიღებას საქონელზე, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს სანქციები ვრცელდება. სანქციების გამო რუსეთისთვის ამ პროდუქციის პირდაპირი გზით, გაერთიანებული სამეფოდან მიღება შეუძლებელია.
  • საქართველოში მოქმედი კომპანია გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებლისგან საქონელზე შეკვეთის მიღებას ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა დაინტერესებულ პირებს (როგორიცაა ბანკები, სადაზღვევოები გადამზიდავები), რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი რუსეთშია.
  • გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებლის მიერ საქონლის ექსპორტის განხორციელება ქართულ კომპანიაში, რომლის საშუალებით, საქონლის ხელახალი ექსპორტი ხდება რუსეთში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გაფრთხილებით, ამ და სხვა ტიპის პრაქტიკა სანქციების გვერდის ავლას წარმოადგენს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობა მისი დაცვის ვალდებულებას მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს აკისრებს, ბრიტანეთის მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლას ხელს უწყობენ, გარკვეული რისკების წინაშე დგანან, მათ შორის:

  • გაერთიანებულ სამეფოს აქვს შესაძლებლობა სანქციები დაუწესოს ფიზიკურ პირს, ან მის კონტროლქვეშ არსებულ სუბიექტს, თუ ჩართულია საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს.
  • გაერთიანებული სამეფოს სანქციები, განურჩევლად მდებარეობისა, მისი ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე ყველგან ვრცელდება. შედეგად, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დაწესებამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს სანქციების დამრღვევ ბიზნესზე და სხვა ფინანსურ გარიგებებზე.
  • არსებობს რისკი, რომ გაერთიანებული სამეფოს ყველა ბანკმა და ბევრმა საერთაშორისო ბანკმა, დამრღვევი პირის მათ განკარგულებაში არსებული აქტივები გაყინოს და უარი თქვას სუბიექტის მომსახურებაზე.
  • იმ შემთხვევაში თუ სადაზღვევო ან გადაზიდვა/სატვირთო მომსახურებას გაერთიანებული სამეფოს კომპანიები წევენ, ისინი უარს იტყვიან კონკრეტულ ბიზნესთან რაიმე სახის კავშირზე.

შედეგად, გაერთიანებული სამეფოს გაფრთხილებით, სანქციების გვერდის ავლაში შემჩნეულ სუბიექტებთან, ბრიტანული კომპანიების დიდი ნაწილი ფრთხილ მიდგომას აირჩევს და საქმიან ურთიერთობაზე უარს იტყვის. გარდა ამისა, დოკუმენტში განმარტებულია, რომ  შეზღუდვები შესაძლოა შეეხოს სუბიექტებსაც, რომლებიც ვერ შეძლებენ დამტკიცებას, რომ მოქმედებენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების გათვალისწინებით. „ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა ბანკები, რომლებმაც უარი უნდა თქვან იმ ტრანზაქციების დამუშავებაზე, რომლებიც შესაძლოა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაპირისპირებაში მოდიოდეს“, – წერია სახელმძღვანელოში.