ფოტო: AFP
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 4 წლის თავზე, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი წარადგინა, რომელიც სამხედრო და ჰუმანიტარულ, ასევე რეკონსტრუქციისათვის საჭირო ფინანსური დახმარების გადაცემას ითვალისწინებს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას ენერგოინფრასტრუქტურის დასაცავად და შესაკეთებლად, 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს და ენერგიის გამოსამუშავებლად დამატებით სიმძლავრეებს გადასცემს.
გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინას კონფლიქტის ფრონტის ხაზზე მცხოვრები ოჯახებისათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეცემა.
ფინანსური დახმარების გარდა, ბრიტანეთი უკრაინას საწვრთნელ მომსახურებასაც გაუწევს. კერძოდ, უკრაინელი პილოტები ბრიტანეთში სწავლებას გაივლიან, რის შემდეგაც ვერტმფრენების მართვის ინსტრუქტორები გახდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას გაერთიანებული სამეფოსგან 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაეცემა სოციალური მედეგობის გასაძლიერებლად, ასევე რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა და გადარჩენილთათვის სამართლიანობის აღსადგენად და ანგარიშვალდებულების ძალისხმევისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დახმარება უკრაინას ომში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებაში ვერ დაეხმარება, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება კარგი მაგალითია პარტნიორობისა და მოკავშირეობის ძალისხმევისა, რომელიც უკრაინას ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ ძალიან სჭირდება.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და კიევის აღება სცადა, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველასათვის, მათ შორის დასავლეთისათვის, მოულოდნელი მედეგობა გამოავლინა და მტერს სამხედრო მიზნების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა. ომის დაწყებიდან 4 წლის თავზე მხარეები სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე კვლავ ვერ თანხმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ამას აშშ-ის პრეზიდენტი მათგან დაჟინებით მოითხოვს.














