ფოტო: Reuters
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, შეზღუდვები 31 ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და გემს დაუწესდა.
სანქციების ახალი სიის მიხედვით, ბრიტანეთმა შეზღუდვები საქართველოს ოთხ მოქალაქეს დაუწესა. სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე, ბიზნესმენი და პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარე მამუკა ფიფია, ამავე პარტიის წევრი გიორგი ირემაძე და ანალიტიკოსი პაატა აბულაძე. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული პირები კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დასანქცირდნენ.
სანქციები ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ სამ პირს. მათ შორის არიან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი, მისი წინამორბედი ალან გაგლოევი და რუსი პოლიტტექნოლოგი სერგეი ტოლმაჩოვი.
ბრიტანეთის მხარე სანქციების დაწესებას იმ საქმიანობას უკავშირებს, რომელიც, მისი შეფასებით, საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
განცხადებაში ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის გაძლიერების მცდელობებზეც საუბრობს. ლონდონის შეფასებით, რუსეთის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების უგულებელყოფაში გამოიხატება.
ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე აკრიტიკებს 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ ის რუსეთის მიერ რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების გაგრძელებაა.
სანქციების ახალი პაკეტით ბრიტანეთმა შემზღუდავი ზომები გააფართოვა რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, კრემლის დეზინფორმაციული ქსელებისა და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგაც.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანა გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი













