ერთ-ერთ უმსხვილეს ბრიტანულ ბანკ Standard Chartered-ს ტერორისტული დაჯგუფებების დასახმარებლად მიმართული მილიარდობით დოლარის ტრანზაქციის დაშვებაში ედება ბრალი.
2012 წელს ბანკმა სასჯელი თავიდან აირიდა, თუმცა ნიუ-იორკის სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, 2008-2013 წლებში განხორციელებული ტრანზაქციები, რომლებიც ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან არიდებას ემსახურებოდა, 100 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.
BBC-ის ცნობით, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დევიდ სკენტლინმა 9.6 მილიარდი დოლარის უცხოური ტრანზაქციები აღმოაჩინა, რომლებიც გამიზნული იყო ტერორისტული დაჯგუფებების: ჰეზბოლას, ჰამასის, ალ-კაიდასა და თალიბანის დასაფინანსებლად.
ბანკი ამას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ წინა შემთხვევებში, აშშ-ის სასამართლომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოდ ცნო.
გასულ წლებში Standard Chartered-ს Swift-ის ფინანსურ სისტემაში ტრანზაქციების ფალსიფიცირებას ედავებოდნენ, მათ შორის – ირანის ცენტრალური ბანკის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ ბანკში აქამდე ორჯერ აღიარეს სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევები (ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2019 წელს) და ჯარიმების სახით 1.7 მილიარდი დოლარიც გადაიხადეს, თუმცა არასდროს უღიარებიათ ტერორისტული ორგანიზაციების დასაფინანსებელი ტრანზაქციების განხორციელება.