ბრიტანული საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კომპანია Suada, რომელმაც მსოფლიოში პირველი გადამეორებითი დასწავლის (Learning Retention) პლატფორმა შექმნა, თბილისში ახალ ოფისს ხსნის. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო ამყარებს Suada-ს მრავალწლიან თანამშრომლობას რეგიონში არსებულ გამორჩეულ ტექნოლოგიურ ტალანტებთან და Suada-ის გლობალური გაფართოების სტრატეგიაში მნიშვნელოვან საფეხურად გვევლინება.
ოფისის გახსნა კომპანიის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ADAPTOVATE-სთან. თანამშრომლობის მიზანი Suada-ის ტექნოლოგიური პროდუქტების მასშტაბირებაა ახლო აღმოსავლეთის, აზია-წყნარი ოკეანისა და ევროპის ბაზრებზე.
Suada თითქმის ოთხი წელია თანამშრომლობს გამორჩეული უნარების მქონე ქართველ პროგრამისტებთან, რომლებიც ამ დროისათვის კომპანიის პროდუქტის განვითარების საყრდენს წარმოადგენენ. მზარდი გლობალური გავლენის ფონზე Suada-მ რეგიონში არსებულ თანამშრომლობას ოფიციალური ფორმა მისცა და თბილისის ცენტრში ოფისი გახსნა.
“ის, რაც პატარა თანამშრომლობით დაიწყო, დღეს უკვე იქცა მსოფლიო დონის დეველოპერულ გუნდად, რომელიც კომპანიის საქმიანობის ბირთვს წარმოადგენს“ — აცხადებს ბექა თომაშვილი, Suada-ის ტექნოლოგიური დირექტორი. “ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ამ ქვეყანაში არსებული ტალანტის — ახლა კი კიდევ უფრო ვაძლიერებთ ინვესტიციას, რათა შევქმნათ ადგილობრივი შესაძლებლობები ისეთი ტექნოლოგიის შესაქმნელად, რომელსაც გლობალური გავლენა ექნება.“
ახალი ოფისი Suada-ის ძირითადი განვითარების ჰაბი გახდება და პროდუქტის განვითარების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ახალი ბაზრების ათვისების მისიაში Suada გლობალურ საკონსულტაციო კომპანია ADAPTOVATE-თან თანამშრომლობს, რომელიც ორგანიზაციებს Agile მეთოდოლოგიის დანერგვაში ეხმარება
“Suada აგვარებს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას კორპორაციულ სწავლებაში — შეძენილი ცოდნის შენარჩუნებას,“ — აცხადებს ალექს რებკოვსკი, ADAPTOVATE-ის მმართველი პარტნიორი, — “ეს პლატფორმა ამტკიცებს, რომ ადამიანები არამხოლოდ სწავლობენ, არამედ რეალურად იყენებენ ცოდნას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ინოვაციის მასშტაბირებაში ვმონაწილეობთ და განსაკუთრებით გვიხარია, რომ ქართული გუნდი ამ პროცესის ცენტრშია.“
Suada-ის პლატფორმას უკვე იყენებენ საგანმანათლებლო და კორპორაციული ტრენინგების პროვაიდერი ორგანიზაციები, მათ შორის YMCA Awards. კომპანია აქტიურად იკიდებს ფეხს ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა ფინანსები, მშენებლობა, სპორტი და კიბერუსაფრთხოება. კომპანიის მიდგომა აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ქოუჩინგს, ვიდეოშეფასებასა და ბიჰევიოურულ მეცნიერებას. ამ უნიკალური კომბინაციით Suada ცვლის ორგანიზაციების მიდგომას სწავლების შედეგების გაზომვასთან დაკავშირებით.
თბილისის ახალი ოფისის გახსნის შემდეგ, Suada აქტიურად ეძებს ახალ ქართულ ტექნოლოგიურ ტალანტებს.
“ჩვენ მნიშვნელოვან პრობლემებზე ვმუშაობთ — ვეხმარებით ადამიანებს, რეალურად შეინარჩუნონ უნარები და არა უბრალოდ ფორმალურად მონიშნონ პუნქტები,“ — აღნიშნავს ბექა თომაშვილი. “ქართველი დეველოპერებისათვის, რომელთაც გლობალურ და ღირებულ მნიშვნელოვან მუშაობა სურთ — ეს ყველაზე დროული შესაძლებლობაა“.
კომპანიის შესახებ — Suada
Suada წარმოადგენს ცოდნის შეძენისა და შენარჩუნების პლატფორმას, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება დაამტკიცონ, რომ სწავლების შედეგი გრძელვადიანი შეიძლება იყოს. პლატფორმა აერთიანებს AI ტექნოლოგიას, თანატოლების მიერ შეფასებას (Peer-based Assessment) და ქცევით მეცნიერებას, რაც იძლევა სასწავლო პროცესის გაზომვის შესაძლებლობას. Suada გამოიყენება განათლებაში, ფინანსებში, ინფრასტრუქტურაში, სპორტსა და სხვა სექტორებში.
კომპანიის შესახებ — Adaptovate
ADAPTOVATE გლობალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელსაც ოფისები ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში აქვს. კომპანია ორგანიზაციებს Agile მიდგომის მასშტაბირებასა და კომპლექსურ გარემოში წარმატებით ფუნქციონირებაში ეხმარება. Suada-თან მათი პარტნიორობა უზრუნველყოფს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობას მთელ მსოფლიოში არსებული კლიენტებისათვის.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი