55-წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული ბრენდი Costa Coffee საქართველოში 2022 წელს შემოვიდა და თბილისში უკვე სამი ყავის სახლითაა წარმოდგენილი. Costa Coffee Georgia-ს გენერალური დირექტორი ელენე ჯგერენაია Forbes Georgia-ს უყვება, რას სთავაზობს Costa ქართველ მომხმარებლებს და რითაა გამორჩეული გლობალური პრემიუმ-ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 4000-ზე მეტ ყავის სახლს მოიცავს. მან ასევე გაგვიმხილა, სად იქნება Costa Coffee-ს შემდეგი ფილიალი.
ავტორი: ანტონ კოკაია
Costa Coffee მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბრენდია. რით აღმოჩნდა საქართველო თქვენი კომპანიისთვის საინტერესო ბაზარი?
საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ხარისხიან ყავასა და თანამედროვე ყავის კულტურაზე. მომხმარებლებს ძალიან აინტერესებთ ახალი ბრენდები და გამოცდილებები, რაც Costa Coffee-სთვის ქმნის საინტერესო შესაძლებლობას, თავი დაიმკვიდროს ქართულ ბაზარზე.
ჩვენ დავინახეთ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ საქართველოს ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, რომელსაც Costa გლობალურად უკვე 50 წელზე მეტია, წარმოადგენს.
ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა და კულტურა აქვს. რით შეესატყვისება Costa Coffee-ს ხედვა და ღირებულებები ქართველი მომხმარებლის გემოვნებას?
Costa Coffee-ს მთავარი ღირებულებებია ხარისხი, სითბო და მეგობრული გარემო, რომელიც ძალიან ახლოს დგას ქართველი მომხმარებლის მოლოდინთან. საქართველოში ყავის დალევა ხშირად სოციალურ აქტივობას უკავშირდება. ბოლო წლებში მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ყავის სახლებს როგორც სამუშაო შეხვედრებისთვის, ისე დასვენებისა და განტვირთვისთვის. სწორედ ამ კულტურას ეხმიანება Costa Coffee-ს ხედვა, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ყავა, არამედ გარემო, სადაც სტუმარი თავს კომფორტულად, თავისუფლად და სასიამოვნოდ იგრძნობს.
ჩვენი ბრენდის მიზანია, რომ ვიყოთ მომხმარებლების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი, სადაც ბარისტებთან ურთიერთობა ასოცირდება თბილ და გულწრფელ სერვისთან, ხოლო Costa Coffee-ში ვიზიტი – დადებით ემოციებთან. Costa-ში სტუმრებს ხვდებათ ყურადღებიანი მომსახურება, კომფორტული გარემო და ისეთი გამოცდილება, რომელიც მათ დღეს ენერგიითა და კარგი განწყობით ავსებს.

მოგვიყევით, რა პროდუქტებს სთავაზობს Costa Coffee მომხმარებლებს, იქნება ეს სასმელი თუ საკვები.
Costa Coffee მომხმარებლებს სთავაზობს როგორც კლასიკურ, ისე სხვა მრავალფეროვან ყავის სასმელებს.
ბრენდის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია საფირმო ბლენდს – მოკა იტალიას, რომელიც Costa Coffee-ს იდენტობის საფუძველია. ეს არის არაბიკასა და რობუსტას დაბალანსებული კომბინაცია, რომელიც ქმნის მდიდარ, არომატულ გემოს შოკოლადისა და თხილის ნოტებით.
მენიუში წარმოდგენილია ესპრესოს ბაზაზე შექმნილი სასმელების ფართო არჩევანი: ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეტ ვაითი, ლატე, ესპანური ლატე, კორტო, მოკა და სხვა, ასევე მრავალფეროვანი ცივი და სეზონური სასმელები.
საკვების მიმართულებით Costa Coffee მომხმარებლებს სთავაზობს დესერტებსა და მსუბუქ მენიუს: სენდვიჩებს და ვრაპებს, რაც იდეალურად აბალანსებს ყავის გამოცდილებას.
რას ნიშნავს თქვენთვის პრემიუმ-ხარისხი და როგორ გამოცდიან ამას ქართველი მომხმარებლები?
პრემიუმ-ხარისხი Costa Coffee-სთვის ნიშნავს სტაბილურობას ყველა დეტალში, ჩვენი ყავის მარცვლებით დაწყებული, საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე. ეს არის ერთიანი სტანდარტი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით Costa-ს ნებისმიერ ფილიალში იხილავთ. მომხმარებელი ამას გრძნობს გემოში, მომსახურების სისწრაფესა და გარემოს კომფორტში – ანუ მთლიან გამოცდილებაში, რომელიც ყოველი ვიზიტისას ერთნაირადაა შენარჩუნებული.
რა გამოარჩევს Costa Coffee-ს ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენტებისგან?
Costa Coffee-ს ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული მხარე არის ის, რომ ბრენდი თავიდან ბოლომდე ერთიან, გლობალურად განსაზღვრულ სტანდარტებზეა აგებული. ეს ეხება როგორც ყავის მარცვლის შერჩევას, ისე მომზადებისა და მომსახურების პროცესს. შედეგად, მომხმარებელი იღებს იმავე სტაბილურ და ცნობად გემოს ყველა ფილიალში.
ამასთან, Costa Coffee მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ გამოცდილებას – სივრცეს, სადაც ერთიანდება მაღალი ხარისხი, სწრაფი და ყურადღებიანი მომსახურება და კომფორტული, თანამედროვე გარემო.
მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ კარგ ყავას, არამედ ადგილს, სადაც ყოველთვის იცის, რას უნდა ელოდოს. სწორედ ეს სტაბილურობა, თანამიმდევრული ხარისხი და გამოცდილებაზე ორიენტირებული მიდგომა არის ის, რაც Costa Coffee-ს მკაფიოდ გამოარჩევს.
თქვენ თბილისში უკვე სამი ყავის სახლი გაქვთ – ჭავჭავაძეზე, ყაზბეგის გამზირზე და საბურთალოს „სითი მოლში”. გეგმავთ გაფართოებას?
დიახ, აქტიურად ვაგრძელებთ გაფართოებას. აპრილში ვგეგმავთ ახალი ფილიალის გახსნას მარშალ გელოვანის გამზირის 23 ნომერში, m³-ის დასახლებაში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი ქსელის გაფართოების მიმართულებით.
რატომ მარშალ გელოვანის გამზირი? რით იყო თქვენთვის საინტერესო ეს ლოკაცია?
მარშალ გელოვანის გამზირი გამოირჩევა მაღალი ტრაფიკითა და აქტიური დინამიკით. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი გადაადგილდება როგორც სამუშაო, ისე პირადი მიზნებისთვის.
ამასთან, ლოკაცია მოქცეულია ფართო და ინტენსიურად განვითარებად საცხოვრებელ გარემოში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ახლოს ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან და გავხდეთ მათი ყოველდღიური რუტინის ბუნებრივი ნაწილი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ, სადაც მომხმარებლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სწრაფი, ხარისხიანი ყავა და კომფორტული სივრცე.

რას უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენს ახალ ფილიალში?
ახალი ფილიალი მომხმარებლებს შესთავაზებს Costa Coffee-სთვის დამახასიათებელ სრულ გამოცდილებას. ობიექტი დაპროექტებულია Costa Coffee-ს უახლესი სტანდარტების მიხედვით, განახლებული დიზაინითა და დეკორით, რაც კიდევ უფრო მყუდრო და თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის.
ფილიალი მორგებული იქნება როგორც სწრაფ ვიზიტებზე, ისევე ხანგრძლივ შეხვედრებსა და სამუშაო პროცესზე.
რა იქნება შემდეგი Costa Coffee-სთვის საქართველოში? ახალი ფილიალები, ან სულაც ახალი ქალაქები?
ჩვენი მიზანია ეტაპობრივი და სტრატეგიული განვითარება. ვაგრძელებთ თბილისის მასშტაბით გაფართოებას, თუმცა პარალელურად განვიხილავთ სხვა ქალაქებსაც, სადაც Costa Coffee-ს კონცეფცია შეიძლება წარმატებით განვითარდეს.
რა იქნება თქვენთვის წარმატება მომდევნო წლების განმავლობაში?
ჩვენთვის წარმატება ნიშნავს მომხმარებლის ნდობის მოპოვებას და შენარჩუნებას. გვინდა, რომ Costa Coffee საქართველოში ასოცირდებოდეს სტაბილურ ხარისხთან, კომფორტულ გარემოსთან და ყოველდღიურ, საუკეთესო ყავის გამოცდილებასთან.
დაბოლოს – თავად რას უკვეთთ Costa-ში ყველაზე ხშირად?
ჩემი ყოველდღიური არჩევანი ცხელი ამერიკანოა. ძირითადად არჩევანს ამერიკანოსა და ესპრესოს შორის ვაკეთებ, რადგან სწორედ ეს ორი სასმელი უსვამს ხაზს ყველაზე კარგად ჩვენი საფირმო ბლენდის, მოკა იტალიას, უნიკალურ გემოსა და არომატს.
Costa Coffee-ს თბილისის ფილიალების მისამართებია: ილია ჭავჭავაძის 10, ალექსანდრე ყაზბეგის 14 და საბურთალოს „სითი მოლი” (ვაჟა-ფშაველას 70). აპრილიდან გაიხსნება მეოთხე ფილიალი მარშალ გელოვანის 23-ში, საცხოვრებელ კომპლექს m³-ში.
S









