ბრიტნი სპირსმა მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა

ბრიტნი სპირსმა მუსიკალური კატალოგის უფლებები გაყიდა

ფოტო: Getty Images/Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები Primary Wave-ს მიჰყიდა. ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა TMZ-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სამართლებრივი დოკუმენტებიდან შეიტყო.

TMZ-ის მიხედვით, გარიგება 30 დეკემბერს გაფორმდა. წყაროები მიუთითებენ, რომ შეთანხმების ღირებულება „დაახლოებით იმავე დიაპაზონშია“, როგორშიც ჯასტინ ბიბერის 2023 წლის გარიგება. ცნობისთვის, ბიბერმა თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები Hipgnosis-ს დაახლოებით 200 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

ამერიკული მედიასააგენტოს ცნობით, საქმესთან დაახლოებულმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ სპირსსა და Primary Wave-ს შორის შეთანხმება მართლაც გაფორმდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია. არც Primary Wave-ს და არც თავად სპირსს საჯარო კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.

Primary Wave-ის კატალოგში ისეთი არტისტები შედიან, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, პრინსი და სტივი ნიქსი. TMZ-ის ინფორმაციით, შეთანხმება მოიცავს სპირსის ჰიტებს, მათ შორის: “…Baby One More Time”, “Oops!… I Did It Again”, “Toxic”, “(You Drive Me) Crazy”, “Circus”, “Gimme More” და “I’m a Slave 4 U”.

44 წლის ბრიტნი სპირსი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პოპშემსრულებლად მიიჩნევა. მისი ბოლო სტუდიური ალბომი „Glory“ 2016 წელს გამოვიდა.