ბულგარეთში, სოპოტის იარაღის ქარხანასთან, პრორუსმა ნაციონალისტურმა პარტია „აღორძინებამ“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის დროს ხმაურიანი აქცია გამართა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
პარტიის ლიდერი კოსტადინ კოსტადინოვი, რომელიც პრორუსული განცხადებებითაა ცნობილი და ბულგარეთის NATO-დან გასვლას მოითხოვს, ქარხნის შესასვლელში ავტომობილს წინ გადაუდგა. შეკრებილებმა, რომლებიც ბულგარეთისა და რუსეთის დროშებს ატარებდნენ, მანქანა ალყაში მოაქციეს და მას დროშის ტარით რამდენჯერმე შეუტიეს.
მომიტინგეები ავტომობილის გარშემო შეძახილებითა და სასტვენებით პროტესტს გამოხატავდნენ, სამართალდამცველებს კი, რომლებიც მათ შეკავებას ცდილობდნენ, „ნაცისტებს“ უწოდებდნენ.
უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ურსულა ფონ დერ ლაიენი იმ ავტომობილში, რომელსაც მომიტინგეები თავს დაეხსნენ. მოგვიანებით, კოსტადინოვმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ქარხანაში ვერტმფრენით ჩავიდა და არა – ავტომობილით.
აღსანიშნავია, რომ პლოვდივის აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავს, რომელშიც ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, GPS ნავიგაციის სიგნალი შეუწყდა. ინფორმაციას CNN-ს ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერი უდასტურებს.
შეფერხების მიუხედავად, საფრენი აპარატი ხმელეთზე უსაფრთხოდ დაჯდა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტი იძულებული გახდა, დაშვებისას ქაღალდის რუკით ესარგებლა.
პრესსპიკერის თქმით, ბულგარეთის ხელისუფლებამ კომისიას შეატყობინა, რომ ნავიგაციის გათიშვა, დიდი ალბათობით, რუსეთის ჩარევას უკავშირდება.