ბულგარეთი Lukoil-ისთვის ქარხნის ჩამორთმევასა და გაყიდვას გეგმავს

ბულგარეთი Lukoil-ისთვის ქარხნის ჩამორთმევასა და გაყიდვას გეგმავს

ბულგარეთის მთავრობა კანონპროექტს ამზადებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, რუსული ნავთობგიგანტის, Lukoil-ის საკუთრებაში არსებული ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა მესაკუთრეს ჩამოართვას და გაყიდოს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ქარხანა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს ქალაქ ბურგასში მდებარეობს, ბულგარეთში ერთადერთი ნავთობგადამმუშავებელი საწარმოა და წლებია Lukoil-ის საერთაშორისო ბიზნესიმპერიის ნაწილი იყო. მდგომარეობა ბოლო პერიოდში განახლებული სანქციების ფონზე შეცვალა: აშშ-მა, დიდ ბრიტანეთთან ერთად, რუსეთის ორი უდიდესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. ამის მიზეზი კი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად პასიურობაა.

მედიაპორტალ Mediapool-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიხედვით სპეციალურად დანიშნულ დროებით მმართველს მიეცემა უფლება, ბურგასის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ახალ მფლობელზე გაყიდოს. ამ პროცესში Lukoil-ს არც ხმის მიცემის, არც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ექნება.

„ეს ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მიწოდების კრიზისს თავიდან აიცილებს და პროაქტიულად შეამცირებს სამომავლო ან მეორადი სანქციების რისკს“, – აცხადებს ენერგეტიკული უსაფრთხოების სპეციალისტი მარტინ ვლადიმიროვი, რომელიც დემოკრატიის შესწავლის ცენტრში ენერგეტიკისა და კლიმატის მიმართულებას ხელმძღვანელობს.