ყოვლად გიჟური ბუშტიდან მილიარდდოლარიანი ქონებები იქმნება. გაიცანით ფრიკები, გადარეული ენთუზიასტები და მესიანისტი ინოვატორები, რომლებიც კრიპტოვალუტით გამდიდრდნენ.
კრიპტოვალუტის სამყაროში, სადაც მილიარდდოლარიან ქონებათა შოვნა ერთ ღამეშია შესაძლებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობა სიჩქარეს ენიჭება, ამ საქმეში ყველაზე სწრაფი კი CZ გახლავთ. ტოკიოში, ტანსაცმლის კარადის ზომის ოფისებიდან (“წრეზე რომ დავტრიალდე, ოთხ ადამიანს შევეხები”) 41 წლის ჩინელ-კანადელი პროგრამისტი Binance-ს მართავს – კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელიც სულ რაღაც 180 დღეში პლანეტის უმსხვილეს პლატფორმად იქცა. CZ-მ (ნამდვილი სახელი: ჩანპენ ჩაო) კბილები Wall Street-ის “ელვისებრი ბიჭებისთვის” მაღალი სიხშირის სავაჭრო სისტემების შექმნაში მოიცვალა, ხოლო Binance-ი კრიპტოსამყაროს Ferrari-დ აქცია. მის ბირჟას გასაოცარი 1.4 მილიონი ტრანზაქციის დამუშავება ერთ წამში შეუძლია, პიკურ სავაჭრო დღეს კი, იანვარში, მან 3.5 მილიარდი ახალი შეკვეთა, გაუქმება და ვაჭრობა განახორციელა. ბირჟის მოთამაშეები (მათგან დაახლოებით 25% აშშ-დანაა) Binance-ს 120 სხვადასხვა მონეტით ვაჭრობისთვის იყენებენ, რამაც გასულ კვარტალში CZ-ს $200 მილიონის მოგება მოუტანა. CZ-ის მიერ აგვისტოში შექმნილი ვირტუალური მონეტის, BNB-ის (რომლითაც მფლობელებს 50%-იანი ფასდაკლება ეძლევათ სავაჭრო საკომისიოებზე) საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 მილიარდს შეადგენს. წილი Binance-სა და თავის მონეტებში CZ-ის $2 მილიარდის ტოლფასი პირადი ქონების პატრონად აქცევს.
ის ერთადერთი როდია, ვინც კრიპტოვალუტით გიჟურად და ელვისებურად გამდიდრდა. იანვარის დასაწყისში, კრიპტომანიის პიკში, სტაჟიანი ტექნოლოგიური აღმასრულებელი კრის ლარსენი, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების აპლიკაციათა სერიის თანადაფუძნებითაა ცნობილი, მოწმე გახდა, თუ როგორ ეკეკლუცებოდა მისი ქონება $20 მილიარდს, რაც მის მფლობელობაში არსებული 5.2 მილიარდი XRP-ის დამსახურება იყო – თავისი დაფუძნებული კომპანიის, Ripple-ის მონეტებისა. მას მერე XRP-მ 65%-იანი ვარდნა განიცადა, მაგრამ ლარსენი მაინც ლიდერობს Forbes-ის სადებიუტო (გვინდა, არ გვინდა – არაზუსტ) რეიტინგში, რომელიც კრიპტოსამყაროს 20 უმდიდრეს ადამიანს აერთიანებს.
დღეს თითქმის 1,500 კრიპტოაქტივი არსებობს, რომელთა ჯამური ღირებულება $550 მილიარდადაა შეფასებული და 31-ჯერ არის გაზრდილი 2017-ის დასაწყისის შემდეგ. მართალია, ინდივიდუალური კრიპტომონეტების ფასები ველურ რყევას განაგრძობს (Bitcoin-ი, თავის პიკურ ნიშნულთან შედარებით, 50%-ითაა დაცემული), აშკარაა, რომ ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვალუტა არსად წასვლას არ აპირებს და რომ ამ ვირტუალურ აქტივებს რეალური, თუმცა არამდგრადი და სპეკულაციური ღირებულება აქვთ. მოთხოვნას, ნაწილობრივ, შავი ბაზრის ტრანზაქციები, ინდივიდთა მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდება თუ სანქციებისგან თავის დაძვრენა (ისეთი ქვეყნების მიერ, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა) უნთებს ცეცხლს, მაგრამ იმავე ფუნქციას ასრულებს პოპულარული აღტაცება ტექნოლოგიით და იდეოლოგიური სურვილი, ფული ერი-სახელმწიფოების ახირებებისგან იქნას განთავისუფლებული.
ამ ციფრული ლატარიის გამარჯვებულები წინა მანიების მონაწილეთაგან განსხვავდებიან. კრიპტოსამყაროს ბუნდოვანმა, ცოტათი იდუმალებით მოცულმა სათავეებმა, რომლებიც ერთდროულად ანარქისტულიც იყო, უტოპიურიც და ლიბერტარიანულიც, პიონერთა უცნაური ჯგუფები მიიზიდა, დაწყებული ანტიისტაბლიშმენტურად განწყობილი შიფროპანკებითა და ელექტოენერგიას დახარბებული “მაღაროელებით”, დამთავრებული სილიკონის ხეობის შორსმჭვრეტელი ფინანსიტებითა და ჩვეულზე უფრო ფართო ასორტიმენტის უბრალოდ იღბლიანი “ჰოდლერებით” (ეს უკანასკნელი ორთოგრაფიული შეცდომით შთაგონებული კრიპტოჟარგონია “იყიდე და დაელოდე” – “buy and hold” – ტიპის ინვესტორებისთვის). როგორც ნებისმიერი ოქროს ციებ-ცხელების დროს ოქროს საცერებისა და წერაქვების გაყიდვა – ამ შემთხვევაში, ბირჟის მართვა – უფრო სანდო გზაა სიმდიდრისკენ, ვიდრე საკუთრივ ბირჟაზე თამაში. და, რა თქმა უნდა, იოლი ფული – განსაკუთრებით, თუ ის წარმომადგენლობითი მფლობელის აქტივად აღიქმება – თაღლითებსა და ქურდებს იზიდავს.
ბანკირების შთამომავალმა მეთიუ მელონმა, რომლის $2-მილიონიანმა ინვესტიციამ XRP-ში $1 მილიარდის ნაყოფის მოისხა, იანვარში ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა. როგორც ახლად განქორწინებული 54 წლის მელონი ამბობს, დიდი წვეულების შემდეგ, დილას, თავის ლოს-ანჯელესის სახლში (რომელსაც თვეში $150,000-ად ქირაობს), ოთხი საეჭვო ადამიანი შენიშნა (პოლიციაში არ განუცხადებია). არასასურველი სტუმრები, სავარაუდოდ, მისი XRP-ისთვის იყვნენ მოსულები; მათ ოთხი ლეპტოპი და ორი მობილური მოიპარეს. მელონის კრიპტოქონებას ვერ მიაგნეს – ყველამ, ვინც ჩვენს რეიტინგში მოსახვედრად საკმარის აქტივებს ფლობს, კარგა ხანია, ისწავლა, როგორ უზრუნველყოს ამ ქონების უსაფრთხოება (ყაჩაღებთან ბოდიში). მელონის შემთხვევაში, პირადი გასაღებები დანაწევრებულია და უსაფრთხოდაა მიმოფანტული ქვეყნის ირგვლივ ე.წ. ოფლაინ სეიფებში სხვა ადამიანების სახელზე. მაგრამ ეს ინციდენტი იმ უცნაურობას უსვამს ხაზს, რაც კრიპტომანიას უწინდელი ბუშტებისგან განასხვავებს.
ყველაზე დიდი კრიპტომოგებულების იდენტიფიცირება და მათი სიმდიდრის მასშტაბის შეფასება ადვილი ამოცანა როდია. ვირტუალური ვალუტები ლამის მთლიანად გლობალური ფინანსური სისტემის მიღმა არსებობს, ხოლო ახლად აყვავებული კრიპტომდიდრები უცნაურ გარემოში ცხოვრობენ, რომელიც პარანოიდული გასაიდუმლოებულობისა და დემონსტრაციული ექსტრავაგანტურობის ნაზავს წარმოადგენს. ავიღოთ, მაგალითად, CZ-ის Binance-ი. ბირჟას არა აქვს რეალური სათავო ოფისი: თანამშრომლები რამდენიმე ქვეყანაში არიან მიმობნეულები, თავად CZ კი ადგილმდებარეობას ისეთი სიხშირით იცვლის, როგორითაც სხვები – ტანსაცმელს. “ამწუთას, რეგულაციური არასტაბილურობის გამო, ერთ ადგილას ყოფნა არ გვინდა”, – ამბობს ის. ბოლოს, როგორც ჩვენ გავიგეთ, CZ-მ და მისმა საფირმო შავმა კაპიუშონიანმა სვიტერმა ტაივანში გაიელვეს.
და CZ სრულიად ნორმალურია კრიპტომილიარდერული სტანდარტებით. აი, მაგალითად, ყოფილ ბავშვ-მსახიობს, ბროკ პირსს (“მძლავრი კვატები”, “პირველი ბავშვი”) ისე აცვია, როგორც ჯონი დეპის უფრო იაფფასიან ვერსიას “კარიბის ზღვის მეკობრეებიდან”, და, როგორც ამბობენ, თავისი სანტა-მონიკაში (კალიფორნია) მდებარე პენტჰაუზის აივნიდან გრანდიოზულ განცხადებებს აკეთებს. “ეს არის შესაძლებლობა, გახდე ტრილიონერი… ვიღაც ისეთი, ვინც დადებით გავლენას ახდენს ამ პლანეტის ტრილიონობით ცოცხალ არსებაზე”, – ეუბნება პირსი Forbes-ს. პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი უფროსი სტრატეგისტის, სტივენ ბანონის დახმარებით, პირსმა ერთ დროს Goldman Sachs-ისგან $60 მილიონი მოიზიდა იმ კომპანიის დაფინანსების მიზნით, რომელიც ვირტუალურ ხმლებს, ჯავშნებსა და ცხენებს როლური ვიდეოთამაშების მოთამაშეებს მიჰყიდდა. ერთხელ, 1990-იანების ხანის დოტ-კომ სტარტაპის პარტნიორებთან ერთად, ის შარშიც გაეხვა: სამოქალაქო სასამართლოში საქმე იყო აღძრული და ჯგუფს ბრალად არასრულწლოვანი ბიჭების სექსუალური შევიწროება ედებოდა (პირსი უარყოფს ბრალდებებს და სასჯელიც არასდროს დაჰკისრებია, თუმცა მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა ბრალი აღიარა, შტატების საზღვარზე, სექსის მიზნით, ბიჭები გადმომყავდაო).
კრიპტოთამაშში პირსი ადრეულად ჩაება. თავდაპირველად Bitcoin-ს მოიპოვებდა, მერე კი ბლოკჩეინ-სტარტაპებს აფინანსებდა და ათობით პირველად მონეტარულ შეთავაზებაში (ICO) აბანდებდა ფულს. მართალია, საჯაროდ აცხადებს, მილიადი დოლარი ქველმოქმედებისთვის მაქვს გამოყოფილიო, ის უარს ამბობს დოკუმენტების წარდგენაზე, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამგვარ თანხებთან საერთოდ ახლო არის.
ამ გაუმჭვირვალობისა და კრიპტოვალუტის ჰიპერარამდგრადობის გათვალისწინებით, ჩვენ ქონებათა სავარაუდო დიაპაზონებს წარმოგიდგენთ. ჩვენი რიცხვები მფლობელობაში არსებულ კრიპტოვალუტათა ოდენობას (მცირე ნაწილმა ამის საბუთიც წარმოადგინა), კრიპტოაქტივებით ვაჭრობიდან მიღებულ მოგებებს (გადასახადების შემდგომ) და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ბიზნესებში არსებულ წილებს ეფუძნება. ამასთან, კრიპტომდიდართა რეიტინგი ხუთ კატეგორიად დავყავით: იდეალისტები, შემქმნელები, ოპორტუნისტები, ინფრასტრუქტურის მოთამაშეები და ისტებლიშმენტის ინვესტორები. ბევრი ერთზე მეტ კატეგორიას ერგება.
თითქმის უდავოა, რომ ზოგი ადამიანი, უნებურად, გამოვტოვეთ და რომ ზოგიერთი შეფასება შორსაა სიზუსტისაგან. თუმცა საინტერესოა, რომ იგივე ხდებოდა მაშინ, როცა 1982-ში პირველი Forbes 400 შევადგინეთ – ამერიკის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი. იმ დროს, ბევრი ამბობდა, რომ ვერ შევძლებდით ამ სიის გამოქვეყნებას ან რომ არც უნდა გვეცადა. ჩვენ მაინც გავაკეთეთ. და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ უხილავი მდიდრებისთვის ნათელის მოფენით, სამყარო უკეთეს ადგილად ვაქციეთ. და თუ კრიპტოვალუტა Silk Road-ის ნარკოტიკების საიტისა და Mt. Gox-ის ციფრული ძარცვის წიაღში აღმოცენდა, ამგვარი მასშტაბის სიმდიდრე არასდროს უნდა დატოვო ბნელ ჩრდილქვეშ დამალული.
კრის ლარსენი – თანადამფუძნებელი, RIPPLE, 57 წლის
კრიპტოქონება: $7.5 მილიარდი – $8 მილიარდი
კრიპტოსამყაროს ყველაზე მდიდარი კაცი კრის ლარსენია – Stanford-ის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და სილიკონის ხეობის ვეტერანი მუშაკი, რომლის ქონებამაც იანვარში, ბაზრის პიკის დროს, ელვისებურად, სადღაც $20 მილიარდამდე მიაღწია – ქონებამ, რომლის მსუყე ნაწილი 5.2 მილიარდი XRP-ის დამსახურებაა. ეს უკანასკნელი Ripple-ის მონეტაა – კომპანიის, რომელიც მან ჯედ მაკქალებთან ერთად 2012 წელს დააფუძნა, რათა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე მომუშავე ეროვნული ბანკებისთვის საერთაშორისო გადახდები გაეიოლებინა. ლარსენის კომპანია რეზერვში არსებული 100 მილიარდი XRP-იდან 61 მილიარდს აკონტროლებს. Forbes-ი მის ქონებას მხოლოდ მის პირად მფლობელობაში არსებული XRP-ისა და Ripple-ში მისი 17%-იანი წილის საფუძველზე ითვლის კომპანიის უახლესი ღირებულების – $410 მილიონის – მიმართ. Ripple-ი თავის 100-ზე მეტ მომხმარებელთა რიცხვში Mitsubishi Financial-ს, Bank of America-სა და Santander-ს ასახელებს.
1997 წელს ეს სერიული ანტრეპრენიორი, ლარსენი, იპოთეკის ონლაინგამსასხებლის, e-Loan-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა, რვა წლის შემდეგ კი Prosper-ისა – უშუამავლო გამსესხებლის, რომელიც $1 მილიარდზე მეტად იქნა შეფასებული. როგორც ჩანს, ლარსენმა ახლა უფრო დიდ წარმატებას მიაღწია, თუნდაც რომ XPR-ი სხვა არაფერს წარმოადგენდეს, თუ არა სპეკულაციის პლატფორმას, რომელიც წლის დასაწყისის შემდეგ 65%-ითაა დავარდნილი. წელზე მეტია, მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა აღმასრულებელ თავმჯდომარედ რჩება და Forbes-ს უცხადებს, რომ “100%-ით Ripple-ზე ვარ ფოკუსირებული და გუნდს, როგორც შემიძლია, ვეხმარები”. ზემოაღნიშნულ რიცხვებს თუ გავითვალისწინებთ, გიჟი უნდა იყოს, სხვაგვარად რომ მოიქცეს.
ჯოზეფ ლუბინი – თანადამფუძნებელი, ETHEREUM / დამფუძნებელი, CONSENSYS, 53 წლის
კრიპტოქონება: $1 მილიარდი–$5 მილიარდი
ჯოზეფ ლუბინი 600-პერსონალიანი ბეჰემოტის, ConsenSys-ის დამფუძნებელია, რომელიც Ethereum-ის ეკოსისტემის “ვენჩურული საპროდუქციო სტუდიის” ფუნქციას ასრულებს. ლუბინმა კარიერა რობოტიკით, მანქანური მხედველობით, ნერვული ქსელებითა და პროგრამების ინჟინერიით დაიწყო. შემდეგ ფინანსებში გადაინაცვლა – შექმნა სავაჭრო სისტემები, მართა ჰეჯ-ფონდი და იმუშავა Goldman Sachs-ის პირადი სიმდიდრის მართვის განყოფილებაში. მცირე ხნით იამაიკაშიც ამოყო თავი, მუსიკის მენეჯმენტის საქმეში.
სატოში ნაკამოტოს საინფორმაციო ტექსტი რომ წაიკითხა Bitcoin-ის შესახებ, იგრძნო, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას (გაზიარებული ინფრასტრუქტურის შექმნის მის შესაძლებლობას) შეეძლო, როგორც თავად ამბობს, “დედამიწის, სამყაროს, პლანეტის მაორგანიზებელი პრინციპის” ფუნქცია ეკისრა. ლუბინს, რომელიც Ethereum-ის თანადამფუძნებლების, ანტონი დი იორიოსა და ვიტალიკ ბუტერინის მსგავსად, ტორონტოს მკვიდრი გახლვათ, ბუტერინის 2013-ის ნოემბრის, Ethereum-ის შესახებ დაწერილი საინფორმაციო ტექსტის შესახებაც ჰქონდა გაგონილი; ჰოდა, 2014 წელს, ახალი წლის დღეს, მათ დაელაპარაკა და გადაწყვიტა, პროექტისთვის მხარი დაეჭერა. ლუბინი – რომელიც ჭორების თანახმად, Ethereum-ის ქრაუდსეილის დროს ერთ-ერთი მთავარი მყიდველი იყო და რომელიც ConsenSys-ს თავისი Bitcoin-ებით აფინანსებდა – ამბობს, რომ შარშან Ether-ების გაყიდვა დაიწყო, ფირმის განვითარება რომ დააფინანსოს. ის საკონტროლო წილის მფლობელია ConsenSys-ში, რომელიც კომპანიებს უსაფრთხოების აუდიტებით, მონეტების ჩაშვებითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფს; გარდა ამისა, ConsenSys-ი კრიპტობიზნესებს საქმიანობის წამოწყებაში ეხმარება, ამ ბიზნესებს შორის კი Gnosis-ი, Singular-ი, adChain-ი, Grid+ და BlockApps-ი არიან, რომელთაგან ზოგი უკვე დამოუკიდებლად მოღვაწეობს. ვენჩურული კაპიტალი, აქტივების მართვა და ConsenSys-ის ბრენდიანი დეველოპერული აკადემია ბოლო სიახლეებს წარმოადგენს. კრიპტოინდუსტრიის კულისებში თვლიან, რომ ლუბინი, შესაძლოა, Ether-ის ერთადერთი ყველაზე მსხვილი მფლობელი იყოს, დაახლოებით $10 მილიარდის ტოლფასის, მაგრამ, ლუბინის მტკიცებით, ის Ether-ს აქტიურად ყიდის. ამ ეტაპზე, ორივე მხარეს დავუჯერებთ.
ჩანპენ “CZ” ჩაო – აღმასრულებელი დირექტორი, BINANCE, 41 წლის
კრიპტოქონება: $1.1 მილიარდი–$2 მილიარდი
შვიდი თვის წინ Binance-არ არსებობდა. ჩაშვების დღიდან მოყოლებული, წამში 1.4 მილიონი ტრანზაქციის დამუშავების უნარმა მას 6 მილიონი მომხმარებელი მოუზიდა და მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟად აქცია. “ვერც ერთი დეცენტრალიზებული ბირჟა ვერ გაუმკლავდება ჩვენნაირ სიმძლავრეს”, – ამბობს მისი დამფუძნებელი, CZ-ის სახელით ცნობილი ჩანპენ ჩაო. ბაზარი მას აშკარად მიჰყვება: ივლისის ICO-ს შემდეგ, Binance-ის მონეტა 10 ცენტიდან $13-ზე ახტა და მას $1.3 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია მოუტანა. ამასთან, ჩაო – რომელსაც შავი კაპიუშონიანი სვიტერი აცვია, თითქოს მარკ ცუკერბერგისა და სტივ ჯობსის ერთგვარი გადაკვეთის წერტილი იყოსო – მონეტებში ყველაზე დიდ წილს ფლობს.
ის ძიანსუში (ჩინეთი) დაიბადა. მისი დედაცა და მამაც განათლების სფეროში მოღვაწეობდნენ. მამამისს, პროფესორს, “პრობურჟუაზიულ ინტელექტუალს” უწოდებდნენ, რის გამოც, CZ-ის დაბადებიდან მალევე, ქვეყნიდან დროებით გახიზვნა მოუხდა. საბოლოოდ, გვიან 1980-იანებში, ოჯახი ვანკუვერში (კანადა) ემიგრირდა. საოჯახო ხარჯების დასაფარად, მშობლებს ტინეიჯერი CZ ეხმარებოდა – McDonald’s-ში ბურგერებს აკეთებდა და ღამის ცვლაში მუშაობდა ბენზოგასამართ სადგურზე.
მონრეალის McGill University კომპიუტერული მეცნიერის დიპლომით დაამთავრა, რის შემდეგაც სავაჭრო სისტემების შექმნას შეუდგა როგორც ტოკიოში, ისე ნიუ-იორკში ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც Bloomberg-ია. 2005-ში შანხაიში გადასახლდა, რათა Fusion Systems-ი წამოეწყო – კომპანია, რომელიც ბროკერებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირის სავაჭრო სისტემებით უზრუნველყოფდა. 2013-ში CZ-მ Bitcoin-ის შესახებ შეიტყო და განთქმული კრიპტოპროექტების შესწავლა და მათ ირგვლივ ტრიალი დაიწყო; მათ შორის იყო Blockchain.info, სადაც ის კრიპოტვალუტის ნამდვილ ევანგელისტებთან, როჯერ ვერსა და ბენ რივსთან მუშაობდა. ბოლო-ბოლო, CZ-მ გადაწყვიტა, ერთ პროდუქტზე ფოკუსირებული კომპანია შეექმნა – კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც ფიდუციარულ ვალუტებთან არ განახორციელებდა ტრანზაქციებს და, ამდენად, ფინანსურ ინსტიტუტებთან კავშირს თავიდან აირიდებდა. როგორც იქნა, ამ ივლისში Binance-ი ჩაუშვა და Bitcoin-ის ბუშტის აღზევებასაც იდეალურად მოუსწრო.
ტაილერ და კამერონ ვინკლვოსები – თანადამფუძნებლები, WINKLEVOSS CAPITAL, 36 წლისანი
კრიპტოქონება: $900 მილიონი–$1.1 მილიარდი თითოეულს
ტაილერ ვინკლვოსი და მისი ტყუპისცალი ძმა, კამერონი, ამერიკის ბიზნესში ჯერჯერობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი უკან მობრუნებულები არიან. წლების მანძილზე ისინი ერთგვარ საყოველთაო სახუმარო თემას წარმოადგენდნენ, რომელთაც თავი მარკ ცუკერბერგის სამართლებრივ დევნას მიუძღვნეს მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა მათ Facebook-ის იდეა მოჰპარა. საქმე იმით დასრულდა, რომ Facebook-მა, აქციებისა და ნაღდი ფულის სახით, მათ $65 მილიონი გადაუხადა.
ძმება სწორედ ეს ფინანსური რესურსი გამოიყენეს, როცა 2012 წელს Bitcoin-ში მასიურ ინვესტირებას მიჰყვეს ხელი – ნაბიჯი, რამაც კიდევ უფრო დიდი ცინიზმი გამოიწვია, მით უფრო, იმის ფონზე, რომ Facebook-ის აქციები საოცარ ზრდას განაგრძნობდა.
მაგრამ ყოფილმა ოლიმპიურმა ნიჩბოსნებმა თავიანთი Bitcoin-ი ერთგულად გაიყვანეს უსაფრთხო ნაპირზე ციფრული ვალუტის აღმავლობისა და დაღმავლობის – მათ რიცხვში, 2015 წლის (2013-თან შედარებით) 80%-იანი ვარდნის – ხანაში და სხვა კრიპტოაქტივებშიც (მაგალითად, Ether-ში) ჩაღვარეს ფული.
ამასთან, ტყუპებმა ნიუ-იორკში კრიპტოვალუტის სარფიანი ბირჟა, Gemini, დააფუძნეს, სადაც ინვესტორებს ციფრული ვალუტების ყიდვა და გაყიდვა შეუძლიათ. სანამ 2015-ში ამ სავაჭრო პლატფორმას გახსნიდნენ, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ნიუ-იორკის რეგულატორებთან. “ჩვენი ფილოსოფია არა პატიების, არამედ ნებართვის თხოვნაა”, ნათქვამი აქვს კამერონ ვინკლვოსს.
დღეს Gemini, Coinbase-თან ერთად, იმ ერთ-ერთ მცირერიცხოვან ადგილთაგანია, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ, კრიპტოვალუტა იოლად გაყიდონ აშშ დოლარებზე. Gemini-მ, ამას წინათ, $300 მილიონის ტოლფას ტრანზაქციებს გაართვა ერთ დღეში თავი და, შესაძლოა, უფრო გრძელვადიანი ღირებულება აღმოაჩნდეს, ვიდრე ტყუპების მფლობელობაში არსებულ ვალუტას. როცა ორი წლის წინ პლატფორმამ ფინანსური სერვისების ფირმის რანგში ოპერირების ნებართვა მოიპოვა, ამით – როგორც კრიპტოვალუტის მონეტათა გაყიდვების საინვესტიციო ბანკის, Element-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტან მიროშნიკი ამბობს – მან ის მაღალი ბარიერი მოშალა, რომელიც საქმეში შეღწევას მეტად პრობლემურს ხდის. “ეს წლობით გაგრძელებული, დიდ ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესია”.
მეთიუ მელონი – ინდივიდუალური ინვესტორი, 54 წლის
კრიპტოქონება: $900 მილიონი–$1 მილიარდი
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბანკო ქონების მემკვიდრესა და ნიუ-იორკის რესპუბლიკური პარტიის ფინანსური კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს წამალდამოკიდებულების პრობლემები ჰქონდა. ჰოდა, როცა წლების წინ კრიპტოვალუტებში ჩაება, მეგობრები და ოჯახი მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, ვაითუ მორიგ ახირებულ გატაცებასთან ჰქონოდა საქმე. მართლაც, მან ზოგიერთ ადრეულ ინვესტიციას თავი მიანება და რამდენიმე წლის წინ თავისი Bitcoin-იც გაყიდა.
მაგრამ შემდეგ მელონი XRP-ით მოიხიბლა და მონეტების შესაძენად დაახლოებით $2 მილიონი დახარჯა. XRP-ი იმიტომ მოეწონა, რომ ეს კრიპტოვალუტა ერთ-ერთ იმ მცირეთაგანია, რომელიც საბანკო სისტემაშიც მუშაობს. “კრიპტოვალუტა საშიში და შავ-ბნელია. ანტიამერიკული, – ამბობს მელონი, – მე კი პროამერიკული ვარ, პრო-ბიზნეს და პრო-ბანკი. ამიტომ ავირჩიე Ripple-ი”.
მელონის XRP დაახლოებით $1 მილიარდს უტოლდება. ახლად განქორწინებული, ლოს-ანჯელესში, მდიდრულ სახლში აწყობს ხოლმე წვეულებებს, რომელსაც თვეში $150,000-ად ქირაობს. “ეს, ფაქტობრივად, უფასოდ მიღებული $1 მილიარდია. ფაქტობრივად, იმიტომ მოვიპოვე, რომ ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ხელის აწევა მოინდომა, – ამბობს მელონი. – ოჯახში გიჟად ჩამთვალეს, მე კი ვიცოდი, რომ ეს წარმატებას მოიტანდა”.
ბრაიან არმსტრონგი – აღმასრულებელი დირექტორი, COINBASE, 35 წლის
კრიპტოქონება: $900 მილიონი–$1 მილიარდი
თუ ეს ახალი ოქროს ციებ-ცხელებაა, მაშინ არმსტრონგი ის კაცია, ვინც დიდ ფულს წერაქვების გაყიდვით აკეთებს. Coinbase-ი – ნერვული ცენტრი და კრიპტოვალუტის ვაჭრობის ყველაზე პოპულარული პლატფორმა აშშ-ში – მან 2012 წელს დააარსა. მისი ბიზნესი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ბროკერული ნაწილი, სადაც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, საბანკო ანგარიშის გამოყენებით, Bitcoin-ი, Bitcoin Cash-ი, Ether-ი და Litecoin-ი შეუძლიათ, იყიდონ, და ბირჟის ნაწილი, სადაც დიდ მოვაჭრეებს შეუძლიათ, კრიპტოვალუტების აუქციონებსა და ფასების შეთავაზებას მიჰყონ ხელი.
კომპანიას გარკვეული სირთულეებიც შეხვდა, მაგალითად, სერვისის სერიოზული შეფერხებები და წაგებული სამართლებრივი ბრძოლა შემოსავლების სამსახურთან, რომელიც Coinbase-ისგან მომხმარებელთა ინფორმაციას ითხოვდა, რათა სახელმწიფოს გაერკვია, რა კაპიტალური მოგებები მართებდათ ამ ადამიანებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, Coinbase-ის სამომხმარებლო ბაზა ზრდას განაგრძნობს, კომპანია კი განაგრძობს მაღალი (ყოველ შემთხვევაში, ტრადიციული ბროკერული სტანდარტებით) საკომისიოების მოთხოვნას.
აგვისტოში, $1.6 მილიარდად შეფასებულმა Coinbase-მა $100 მილიონი მოიზიდა ექვსი ფირმისგან, მათ შორის, პრესტიჟული Greylock Partners-ისგან. კომპანია წილების გამოსყიდვის წინადადებით შემოვიდა, მაგრამ შეთავაზებას თითქმის არც ერთი თანამშრომელი არ დასთანხმდა, რაც ლამის უპრეცედენტო ამბავია სილიკონის ხეობაში. ჭკვიანური სვლა: ერთი თვის შემდეგ Coinbase-მა ინვესტორებს უთხრა, ამჟამინდელი ტემპით წელიწადში $600 მილიონის შემოსავლის მიღების გზას ვადგავართო. Bitcoin-ის მანიის კვალდაკვალ, Coinbase-ი iPhone-ის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთულ აპლიკაციად იქცა აშშ-ში, ხოლო, Verto Analytics-ის თანახმად, მისი უნიკალური თვიური მომხმარებლების რიცხვი 4.3 მილიონამდე გაიზარდა. 2017-ში Coinbase-ის შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა.
კიდევ უფრო აღსანიშნავი კომპანიის გადასახადებამდელი მარჟებია, რომლებიც, ინდუსტრიის შიდა სამზარეულოში ჩახედულთა თქმით, 70%-ს აჭარბებს; შედარებისთვის: Schwab-ის იგივე მაჩვენებელი 40%-ს უტოლდება. ტრანზაქციებში გათვითცნობიერებული ერთი პიროვნების მიხედვით, Coinbase-ის აქციები, ამას წინათ, მეორეულ ბაზარზე იყიდებოდა, კომპანია კი სადღაც $4.5 მილიარდად იყო შეფასებული. არაა რთული იმაზე კამათი, რომ Coinbase-ი, შესაძლოა, გაცილებით მეტიც ღირდეს.
არმსტრონგმა კომენტარზე უარი განაცხადა, Coinbase-ის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ Forbes-ის რიცხვები, რომლებიც კომპანიაში არმსტრონგის წილს ეფუძნება, არაზუსტია.
მეთიუ როშაკი – თანადამფუძნებელი, BLOQ / დამფუძნებელი,TALLY CAPITAL, 45 წლის
კრიპტოქონება: $900 მილიონი–$1 მილიარდი
როშაკი პირველად მონეტარულ შეთავაზებებში (ICO) მათი დაწყებისთანავე, 2013-ში, იღებდა მონაწილეობას – ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს ტერმინი დამკვიდრდებოდა, და ისეთ ვალუტებს ყიდულობდა, როგორიც Mastercoin-ი, Factom-ი და Maidsafe-ია. “მე ძალიან გამიმართლა და ეს ძალიან ადრე იყო”, – ამბობს მეთ როშაკი, რომელიც, კრიტპოსამყარომდე, ტექნოლოგიურ ანტრეპრენიორად მუშაობდა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა თანადამფუძნებელი იყო; გახლდათ ასევე ვენჩურ-კაპიტალისტი ისეთ ფირმებში, როგორიც SilkRoad Equity-ია (სადაც მან აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის მიერ დაკისრებული გადასახადი გადაიხადა, რაც ინსაიდერულ სავაჭრო ოპერაციებს უკავშირდებოდა); და მუშაობდა კერძო სააქციო კაპიტალის განხრით Advent International-ისთვის დიდ ბრიტანეთში.
როგორც ნამდვილ იდეალისტს შეეფერება, 2013-ში, ის სან-ფრანცისკოში დაფუძნებული Blockchain Capital-ის პირველი ფონდის შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე პარტნიორად იქცა. Tally Capital-ს, რომელიც მისი პირადი კაპიტალისგან შედგება, 20 სტარტაპში აქვს ინვესტიცია განხორციელებული, მათგან რამდენიმე ყველაზე წარმატებული ბირჟებია, მაგალითად, Coinbase-ი, Kraken-ი და BTCC.
ის კრიპტოსამყაროს ერთგვარი კეთრინ გრემია, ბლოკჩეინ-კომუნისთვის 40-ზე მეტ სადილს რომ აფინანსებს და ხარჯავს “ასიათასობით დოლარს სტეიკსა და ღვინოზე, რათა ამ სივრცეში ხალხმა ამაზე ილაპარაკოს”. როშაკის თქმით, “ყველაზე მთავარი ის კი არაა, ადრე რომ დავიწყე და ადრევე რომ ვნახე მოგება. ყველაზე მთავარი კომუნაა, რომელიც მე შევქმენი”.
როშაკი მუდამ ახალმოქცეულთა ძიებაშია: როგორც ამბობს, რიჩარდ ბრენსონსა და ბილ კლინტონს Bitcoin-ები პირველად მან მისცა.
ანტონი დი იორიო – თანადამფუძნებელი, ETHEREUM / JAXX-ისა და DECENTRAL-ის დამფუძნებელი, 43 წლის
კრიპტოქონება: $750 მილიონი–$1 მილიარდი
“Bitcoin-ის კონცეფციას თავიდანვე ჩავწვდი”, – ამბობს Ethereum-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანტონი დი იორიო. დი იორიომ ტორონტოში, Ryerson University-ში მარკეტინგის სწავლის მიზნით ჩააბარა, 2000-იანები კი ოჯახური საქმიანობის – შიდა ეზოთა კარების ბიზნესის – მენეჯმენეტსა და გეოთერმული ბურღვის ფირმის მართვაში გაატარა. როცა ფინანსურმა კრიზისმა მის თვალწინ უძრავი ქონების ინდუსტრია გაანადგურა, დი იორიომ ეკონომიკის სწავლა დაიწყო – ცდილობდა, გაეგო, რა ხდებოდა. “ეკონომიკის შესახებ აზროვნების ალტერნატიული მანერის ძიებაში ვიყავი და მართლა დავიწყე იმის გაცნობიერება, რა არის რეალურად ფული… მთელი ეს ლიბერტარიანული ფილოსოფია მყარი ფულის შესახებ”.
2012-ში, კოლეგა-იდეალისტების ძიებისას, ტორონტოში ჯგუფი, Bitcoin Meetup-ი, ჩამოაყალიბა და პირველივე ღონისძიებაზე Ethereum-ის გენიოსი თანადამფუძნებელი, რუსი-კანადელი პროგრამისტი ვიტალიკ ბუტერინი გაიცნო.
წინა წამოწყებებიდან მოგროვილი რამდენიმე ასეული ათასით დი იორიომ Ethereum-ის პროგრამირება და, მონეტის საჯარო ბაზარზე გატანამდე, კომპანიის მიერ დაქირავებული იურიდიული საბჭო დააფინანსა. მას მერე ნაირგვარ კრიპტოაქტივში, მათ რიცხვში, Qtum-ში, Vechain-სა და Zcash-ში, განახორციელა ინვესტიცია. “მომწონს, როცა ბლოკჩეინის სამფლობელოს სხვადასხვა სექტორის ნაწილი ვარ”, – ამბობს ის და საკუთარ თავს “აგნოსტიკოსს” უწოდებს, როცა საქმე სხვადასხვა ბლოკჩეინზე მიდგება. მისი საინვესტიციო სტრატეგია საქმეში ადრეულ ეტაპზე ჩართვაში მდგომარეობს, ხოლო როცა აქტივი იზრდება და სტაბილურ ნიშნულს აღწევს, მოგებებს სხვა პერსპექტიულ მონეტაში აბანდებს.
ეამაყება, Ethereum-ის შექმნაში რომ აქვს წვლილი შეტანილი, რომლის ღირებულება დღეს $100 მილიარდს აჭარბებს. “ახლა, ბანკში რომ შევდივარ, მეუბნებიან, ღმერთო ჩემო, შენ ხომ Ethereum-ი დააარსეო, არადა, უწინ მეტყოდნენ, საბანკო ანგარიშს ვერ გაგიხსნითო. ახლა თავად მოდიან ჩემთან”.
ბროკ პირსი – თავმჯდომარე, BITCOIN FOUNDATION / რჩეველი, BLOCK.ONE, 37 წლის
კრიპტოქონება: $700 მილიონი – $1 მილიარდი
პირსი, რომელიც წარმოშობით მინესოტიდანაა, დღეს ოფიციალურად პუერტო-რიკოში ცხოვრობს და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რაც კუნძულის ბინადრებს საშემოსავლო გადასახადებისგან ათავისუფლებს. მაგრამ დროის დიდ ნაწილს ის ლოს-ანჯელესში ატარებს. როცა Forbes-ი მას შეხვდა, პირსი, ის-ისაა, თითქმის 30 სტუმარს მდიდრული სადილით გამასპინძლებოდა, რომელიც მთელ ღამეს გრძელდებოდა და რომელსაც ამშვენებდა შეფი მიშლენისვარსკვლავიანი რესტორნიდან, ცეცხლოვანი პერფორმანსი, გველით მოცეკვავე და ჩილიმი.
პირსმა კრიპტოსამყარო გართობის სფეროს მეშვეობით აღმოაჩინა. ყოფილი ბავშვი-მსახიობი, 17 წლის ასაკში, YouTube-ის წინამორბედის, Digital Entertainment Network-ის თანადამფუძნებლად მოგვევლინა – კომპანიისა, რომელსაც დოტ-ქომ ბუშტის დროს $88 მილიონი მოეზიდა, მერე კი გაკოტრებულიყო. 2000-იანებში, პირსმა, აქტიურმა გეიმერმა, ვირტუალური აქტივებით მოვაჭრე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, Internet Gaming Entertainment-ი შექმნა, რომელსაც ჩინეთში ათასობით ადამიანი ჰყავდა დასაქმებული ისეთი ვიდეოთამაშების სათამაშოდ, როგორიც World of Warcraft-ია; ამ ხალხს ერთობ სასურველი ვირტუალური პრიზები უნდა მოეგო, რომელთაც პირსი შემდეგ მთელ მსოფლიოში, მილიონობით ვიდეოგეიმერს მიჰყიდდა რეალური ფულის სანაცვლოდ. ვიდეოთამაშების სავალუტო არბიტრაჟმა ის კრიპტოსამყაროში, ლამის ამ სამყაროს გაჩენისთანავე, ჩააბა.
პირსი Bitcoin-ის პოტენციალმა მონუსხა, თავის საქმიანობას შეეშვა და ათობით ისეთი კრიპტოკომპანიის დაფუძნებასა და დაფინანსებაში შეიტანა წვლილი, როგორიც Mastercoin-ი, Blockchain Capital-ი, Coinbase-ი, Ethereum-ი, Tether-ი, Bitfury და, დღეს უკვე, Block.one-ია.
სასამართლო დავები მას წლების მანძილზე სტანჯავენ. მისი ერთ-ერთი პირველი ბიზნესპარტნიორი სექსუალური შევიწროებისთვის იქნა ბრალდებულად ცნობილი, თავად კი სექსუალურ უსაქციელობაში ჩართულობის გამო უწევდა სამოქალაქო სასამართლო დავაში მონაწილეობა, თუმცა მოგვიანებით საქმე შეწყდა, ხოლო პირსი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს.
პირსი ახლა ამბობს, რომ $1 მილიარდს ბლოკჩეინზე მომუშავე დეცენტრალიზებულ ავტონომიურ კომუნას შესწირავს. კონსტიტუციის თანახმად, მისი თქმით, კომუნა საქველმოქმედო ორგანიზაციად დარეგისტრირდება, რომლის წევრები ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ, ფული რომ გადაანაწილონ. მისი ჩაშვება 1 ივლისს იგეგმება და ის პირსის ხელშეწყობით შექმნილ ახალ ბლოკჩეინზე, EOS.IO-ზე იმუშავებს. “მე უფრო მეტ ფულს გავაკეთებ, – ამბობს მხრების ჩეჩით. – ამაზე არ ვღელავ”.
მაიკლ ნოვოგრაცი – აღმასრულებელი დირექტორი, GALAXY DIGITAL, 53 წლის
კრიპტოქონება: $700 მილიონი–$1 მილიარდი
მაკროჰეჯ-ფონდის ცნობილი მენეჯერი, ნოვოგრაცი, რომელმაც ეკონომიკურ კოლაფსს მოუსწრო და 2007-ში Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მოხვდა, როგორც ჩანს, საქმეში მარჯვედ ბრუნდება. კრიპტოსამყაროში კაპიტალდაბანდება მან 2013-ში დაიწყო, ხოლო 2015-ში, Fortress Investment Group-იდან წამოვიდა, მთლიანად ამ სივრცეზე რომ მოეხდინა ფოკუსირება. როგორც მის წარსულს შეეფერება, ნოვოგრაცი კრიპტოვალუტას მოვაჭრესავით მიუდგა.
“ისინი, ვინც დიდ წარმატებას მიაღწია, ნამდვილი იდეალისტები არიან, მათ არა აქვთ სპეკულაციური დნმ, – ამბობს ნოვოგრაცი. – მე რომ, პირდაპირი მნიშნელობით, არ გამეყიდა ჩემი Ethereum-ი, როცა ის $15 ღირდა, ალბათ… ვერც კი გეტყვით, რამდენს გავაკეთებდი, იმიტომ რომ, შეიძლება, ცუდად გავხდე (Ethereum-ი, ამას წინათ, $1,000-ზე მეტად გაიყიდა). “თავს მოიკლავ, ასე თუ იფიქრებ”, – ამატებს ნოვოგრაცი. ის არ თავმდაბლობს, როცა საქმე ამჟამინდელი სიტუაციის ბუშტად შერაცხვაზე მიდგება: თამამად ამბობს, რომ კრიპტოვალუტა ბუშტია და მისი მიზანია, ამ ბუშტის გასკდომამდე, მაქსიმალურად ბევრი ფული გააკეთოს.
ამ ეტაპზე, ეს მისი ციფრული ვალუტის მოგებათა ჩაღვრას ნიშნავს მის ბოლო თამაშში – Galaxy Digital-ში. ნოვოგრაცი დღეს სწორედ ამ კრიპტოვალუტაზე მომუშავე სავაჭრო ბანკის გატანას ცდილობს კანადის საჯარო ბაზარზე.
ბრენდენ ბლუმერი – აღმასრულებელი დირექტორი, BLOCK.ONE, 31 წლის
კრიპტოქონება: $600 მილიონი–$700 მილიონი
ჰონკონგში დაფუძნებულმა block.one-მა EOS.IO შექმნა – ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც Ethereum-ის მეტოქედ შეიძლება, განვიხილოთ. ბლუმერი ამტკიცებს, რომ მისი პლატფორმა ტრანზაქციის სიჩქარეს მოთხოვნის შესაფერისს გახდის, გააუქმებს მომხმარებელთა საკომისიოებს და ღია წყაროზე დაფუძნებულ კომუნებს გააძლიერებს. “ინტერნეტი თუ მონაცემთა მასობრივი, მოთხოვნაზე მოქნილად ადაპტირებული, არასაიმედო ტრანსფერია, – ამბობს ბლუმერი, – მაშინ ბლოკჩეინი მონაცემთა მასობრივ, უსაფრთხო ტრანსფერს წარმოადგენს და იმ ყველაფერს, რაც ამას მოჰყვება”.
ბაზარი ენთუზიასტურად იღებს ბლუმერის რიტორიკას. იმ პირობებში, როცა უკვე $1 მილიარდზე მეტი აქვს მოზიდული, EOS-ი მსოფლიოში ყველაზე დიდ მონეტათა გაყიდვების პლატფორმად იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ის ივნისამდე არ ჩაეშვება და არც არის ნათელი, რამდენად ნახავს მისგან მონეტა სარგებელს. მაგრამ ეიფორიული განწყობა აშკარაა: EOS-ის მონეტის ჯამურმა საბაზრო ღირებულებამ შარშან $10.9 მილიარდს მიაღწია და ამას წინათ $8.8 მილიარდზე სტაბილურობას მიაღწია, ბლუმერი კი block.one-ში 15%-იან წილს ფლობს.
აიოვის მკვიდრმა, ბლუმერმა, თავისი მოგზაურობა ვირტუალური აქტივების სამყაროში 14 წლისამ დაიწყო: ავატარებს, ჯადოსნურ იარაღებსა და სახლებს ისეთ ონლაინთამაშებში ყიდდა, როგორიც Everquest-ი და World of Warcraft-ია. 2005-ში, მისი კომპანია, Gamecliff-ი, ბროკ პირსის Internet Gaming Entertainment-მა იყიდა. ოპერაციათა მართვის მიზნით, ბლუმერი, რომელსაც სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ჰონკონგში, IGE-ის სათავო ოფისში გადაბარგდა. შემდეგ, 2007-ში, მან Accounts.net-ი დააფუძნა, რომელიც თამაშების ავატარებს ყიდდა და რომლის თვიურმა შემოსავლებმა $1 მილიონზე მეტი შეადგინა. 2010-ში ბლუმერმა Okay.com-ი დააფუძნა – საწარმოო მონაცემების გაზიარების პლატფორმა უძრავი ქონების ბროკერთათვის აზიაში.
2016-ში მან დენ ლარიმერი გაიცნო და დუეტი block.one-ზე მუშაობას შეუდგა. მოგვიანებით პირსი EOS-ში ჩაება. რეგულაციური კონტროლის თავიდან აცილების მიზნით, EOS-ის მონეტის გაყიდვა არ იყო აშშ-სა და ჩინეთში მყოფთათვის ხელმისაწვდომი.
დენ ლარიმერი – ტექნოლოგიური დირექტორი, BLOCK.ONE, 35 წლის
კრიპტოქონება: $600 მილიონი–$700 მილიონი
კომპიუტერული პროგრამისტი დენ ლარიმერი ამერიკის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის თანამშრომელი იყო და თავდაცვით პროექტებზე, დრონებსა და უპილოტო ტრანსპორტზე მუშაობდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც Raytheon-ი და Torc Robotics-ია. მაგრამ 2007-ში, როგორც ეს Virginia Tech-ის კურსდამთავრებული ამბობს, მას ეგზისტენციური კრიზისი ჰქონდა.
“ფილოსოფიურად, მინდოდა განადგურების იარაღებზე მუშაობისთვის მიმენებებინა თავი და ისეთი სისტემების შექმნა დამეწყო, რომელიც კაცობრიობას სიცოცხლით, თავისუფლებითა და საკუთარებით უზრუნველყოფაში დაეხმარებოდა”, – ამბობს ლარიმერი.
2013-ში მან BitShares-ი დააფუძნა – კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელსაც ერთი ავტორიტეტის ნაცვლად, კომუნა მართავს. 2016-ში ახალი იდეის განსხეულებას შეუდგა; ეს ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური ქსელი, Steemit-ი, გახლდათ, სადაც კონტენტის დაპოსტვისა და კურირების სანაცვლოდ, მომხმარებლები მონეტებით ჯილდოვდებიან. ბოლო ორ თვეში, Steemit-ის მონეტა (სახელად Steem-ი) დიდი ზრდის მოწმე გახდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულებამ $1.4 მილიარდს მიაღწია.
ამის შემდეგ, Block.one-ის ჩასაშვებად, ლარიმერმა ბრენდენ ბლუმერთან გააერთიანა ძალები.
ვალერი ვავილოვი – აღმასრულებელი დირექტორი, BITFURY, 38 წლის
კრიპტოქონება: $500 მილიონი–$700 მილიონი
1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამ ტრავმა მიაყენა 1980-იანების ლატვიაში გაზრდილ ამ პროგრამირების ჯადოქარს. “ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველაფერი დავკარგეთ, – ამბობს ის. – ფული ქაღალდად იქცა. პატენტებს გამოეცალა აზრი”. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა მისი აზროვნების მანერა: საჭირო იყო დეცენტრალიზებული სისტემების შექმნა ისე, რომ ხალხს საკუთრება არასდროს დაეკარგა.
2011-ში ვავილოვი Bitfury-ს თანადამფუძნებლად მოგვევლინა – სტარტაპისა, რომელიც Bitcoin-ს “მოიპოვებს” ან, გნებავთ, კომპლექსური მათემატიკური პრობლემების გადასაჭრელად კომპიუტერებს იყენებს, რითაც ბლოკჩეინს ტრანზაქციათა ახალი ბლოკი ემატება და Bitcoin-ის გამომუშავება ხდება. ოთხი წლის მანძილზე ის ამაოდ ცდილობდა გარე კაპიტალის მოზიდვას. “ძალიან ცოტა ინვესტორს თუ სჯეროდა ამ ტექნოლოგიის”, – ამბობს ის. ჰოდა, ბინზესის დასაფინანსებლად, საკუთარ Bitcoin-ს იყენებდა: მას სულ რაღაც $30-ად ყიდდა. ჩაშვების დღიდან, ვავილოვის თქმით, Bitfury-მ სადღაც 800,000 Bitcoin-ი მოიპოვა.
ამსტერდამში დაფუძნებული 400-პერსონალიანი კომპანია, ფაქტობრივად, წერაქვებითა და ნიჩბებით ამარაგებს ბლოკჩეინ ბუმს. გარდა იმისა, რომ Bitcoin-ის მოპოვების ბაზარზე წამყვანი მოთამაშეა, ის აპარატულ მოწყობილობებსაც ამზადებს და ყიდის, მათ შორის, პროცესორის ჩიპებსა და პროდუქტს, რომელსაც Blockbox-ი ჰქვია; ეს Bitcoin-ის მოპოვების მობილური ხელსაწყოა, რომელიც, ჩვეულებრივ, $1 მილიონზე ძვირად იყიდება. 2018-ში, Bitfury $400 მილიონის ტოლფასი შემოსავლების მიღების გზას ადგას.
ჩარლზ ჰოსკინსონი – თანადამფუძნებელი, ETHEREUM, IOHK, 30 წლის
კრიპტოქონება: $500 მილიონი–$600 მილიონი
2013-ის აპრილში, როცა ჩარლზ ჰოსკინსონმა თავისი საკონსულტაციო საქმიანობა მიატოვა და ონლაინსკოლა, Bitcoin Education Project-ი, წამოიწყო, “მშობლებს გიჟი ვეგონე. ყველას გიჟი ვეგონე. მაგრამ ვეუბნებოდი, არა, არა, ვიცი, რასაც ვაკეთებ-მეთქი”, – ამბობს ის.
ჭკუისა თუ იღბლის წყალობით, ონლაინსკოლაში ჰოსკინსონმა ვიტალიკ ბუტერინი გაიცნო და Ethereum-ის რვა დამფუძნებლიდან ერთ-ერთად მოგვევლინა. მალევე, თავი უთანხმოებამ იჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პროექტის სტრუქტურა. “ხელმძღვანელთა ომი გაჩაღდა”, – ამბობს ჰოსკინსონი. მას ვენჩურული კაპიტალის მიღება და უფრო ფორმალური მმართველობითი სტრუქტურის მქონე მოგებიანი ორგანიზაციის შექმნა სურდა. ბუტერინს კი უნდოდა, Ethereum-ი არაკომერციულ ორგანიზაციად შეენარჩუნებინა, ღია წყაროზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებული მმართველობით. 2014 წლის ივნისში, ჰოსკინსონი Ethereum-იდან წამოვიდა.
“იმ პერიოდში საკმაოდ გაჯავრებული ვიყავი, – ამბობს ის. – Ether-ის [საბაზრო კაპიტალიზაციამ] $120 მილიარდს მიაღწია, მე კი რა ჯანდაბას ვაკეთებდი?!”
ექვსთვიანი შვებულების შემდეგ (რა დროსაც ის მათემატიკასთან მიბრუნებას განიხილავდა), მასთან Ethereum-ის ყოფილი კოლეგა, ჯერემი ვუდი მივიდა და ახალი პროექტის, IOHK-ის წამოწყება შესთავაზა – საინჟინრო კომპანიისა, რომელიც კორპორაციებისთვის, სამთავრობო უწყებებისა და აკადემიური ინსტიტუციებისთვის კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინებს ქმნის.
“თავდაპირველად საქმეში რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჩავდეთ და, კრიპტოვალუტების შექმნის მიზნით, კონტრაქტების მოპოვება დავიწყეთ”, – ამბობს ჰოსკინსონი. მთელი მათი შემოსავალი Bitcoin-ში იყო, ჰოდა, როცა მონეტის ღირებულება ცაში აფრინდა, IOHK-ში ჩაღვრილმა კაპიტალმა ნაყოფის მოსხმა დაიწყო.
“როცა კრიპტობაზარი აფეთქდა, ლიკვიდაცია გადავწყვიტეთ, – ამბობს ჰოსკინსონი, მაგრამ არ გვიმხელს, აქტივები როდის გაყიდეს. – თუმცა, საწყისი კაპიტალის ხარჯვის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, IOHK-ს ახლა ათწლეულები შეუძლია, იარსებოს”.
IOHK-ის საკვანძო პროექტი Cardano-ა – ბლოკჩეინისა და ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტის საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტა Ada-ს გვთავაზობს. $15 მილიარდად შეფასებული Ada, საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, მეხუთე უმსხვილესი პლატფორმაა და მხოლოდ ორი ნიშნულით თუ ჩამორჩება Ethereum-ს. IOHK-ის პოზიცია Ada-ში, სულ მცირე, $1 მილიარდის ტოლფასია. გარდა ამისა, IOHK-ი Ethereum Classic-საც მართავს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $3 მილიარდს შეადგენს.
ბრედ გარლინგჰაუზი – აღმასრულებელი დირექტორი, RIPPLE, 47 წლის
კრიპტოქონება: $400 მილიონი–$500 მილიონი
ამ ჰარვარდის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრს უმაღლესი კლასის გამოცდილება აქვს მეინსტრიმულ ტექნოლოგიურ სამყაროში: ის იყო Hightail-ის (ყოფილYouSendIt-ის) აღმასრულებელი დირექტორი, სამომხმარებლო აპლიკაციათა პრეზიდენტი AOL-ში და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი Yahoo-ში. Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის რანგში, გარლინგჰაუზის წილი ამ კომპანიაში 6.3%-ს შეადგენს… მაგრამ ამის გამო როდი მოხვდა ჩვენს რეიტინგში. მართალია, Ripple-ი 61.3 მილიარდ XRP-ს აკონტროლებს, რაც $95 მილიარდს უტოლდება, Ripple-ის ვენჩურ-კაპიტალისტები კომპანიას მხოლოდ $140 მილიონად აფასებენ. ამ რეიტინგის არაერთი წევრის მსგავსად, ის აქ XRP-მონეტათა პირადი რეზერვის წყალობით აღმოჩნდა, ეს რეზერვი კი “ცხრაციფრიან” თანხად ითარგმნება.
ბარი სილბერტი – აღმასრულებელი დირექტორი, DIGITAL CURRENCY GROUP, 41 წლის
კრიპტოქონება: $400 მილიონი–$500 მილიონი
ბარი სილბერტი Wall Street-ზე SecondMarket-ის შექმნით გახდა ცნობილი. ამ ძნელად გასაყიდი აქტივებისთვის (უმეტესად, კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებში არსებული წილებისთვის) განკუთვნილმა ბირჟამ პოპულარობა ე.წ. ზღაპრული მარტორქების ხანაში მოიპოვა. იმ დროისთვის, როცა 2015-ში სილბერტმა SecondMarket-ი Nasdaq-ს მიჰყიდა, ის უკვე თავის მეორე პირმშოზე, Digital Currency Group-ზე მუშაობდა.
სილბერტის კომპანია სამი კომპონენტისგან შედგება: ვენჩურული კაპიტალის ქვეგანყოფილება, რომელიც ინვესტიციას კრიპტოსამყაროსთან დაკავშირებულ ისეთ განთქმულ ბიზნესებში ახორციელებს, როგორიც არის Coinbase-ი და Ripple-ი; ციფრული ვალუტებით თამაში და ისეთი ბიზნესების ოპერირება, როგორიც აქტივთა მართვის ფირმა Grayscale-ია, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო ბაზარზე ბრუნვად Bitcoin Investment Trust-ს მართავს; და CoinDesk-ი – ციფრული ვალუტის მედიაკომპანია.
ვიტალიკ ბუტერინი – ETHEREUM-ის შემქმნელი, 24 წლის
კრიპტოქონება: – $400 მილიონი–$500 მილიონი
გამხდარი და ბიჭური, მოკლედ გაკრეჭილი ოქროსფერი თმითა და გამჭოლი ლურჯი თვალებით, Ethereum-ის შემქმნმელი ბუტერინი, შესაძლოა, ყველაზე საცნობი ფიგურა იყოს კრიპტოსამყაროში. ტინეიჯერობისას მან ჟურნალი Bitcoin Magazine-ი გამოუშვა, კოლეჯი მიატოვა და ტილის სტიპენდია, Thiel Fellowship-ი, აიღო, მერე კი თავისი Bitcoin-ის მეშვეობით მოგზაურობა და ამ ვალუტის შეზღუდვებზე ფიქრი დაიწყო.
სწორედ ეს მოგზაურობა იქცა Ethereum-ის საინფორმაციო ტექსტის დაწერის შთაგონებად, რომელიც ღია წყაროზე დაფუძნებულ პლატფორმას გვთავაზობდა ეკონომიკურად მარგინალიზებულებზე ორიენტირებული უფრო კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, ვიდრე უბრალოდ Bitcoin-ის მსგავსი მონეტაა.
ახლა, როცა Ethereum-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს აჭარბებს, მიიჩნევა, რომ მისით გაცილებით უფრო ბევრი დეველოპერი სარგებლოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ბლოკჩეინ-კომუნით.
უტოპიურ ხედვას თავისი ფასი აქვს: ბუტერინის თქმით, ის Ether-ის ბრუნვადი მარაგის 0.4%-ზე ნაკლებს ფლობს. “ბევრ ადამიანს ახარებს კრიპტოვალუტის თანამდევი სიმდიდრის ახლებური განაწილება, რადგან ფიქრობენ, რომ ძველი ფული უძლურდება და ახალი, ბრჭყვიალა, ტექნოლოგიური ფული იკრებს ძალას, – ამბობს ბუტერინი, რომლის გამოგონებასთან ახლა ისეთი გიგანტები თანამშრომლობენ, როგორიც Microsoft-ი, BP და JPMorgan Chase-ია. – “მაგრამ მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ მოსაზრებას, რომ კრიპტოვალუტაში ჩართული ადამიანები აუცილებლად უკეთესები არიან, ვიდრე საბანკო სისტემაში ჩართულები”.
და ამატებს: “თუ კრიპტოვალუტა წარმატებას მოიპოვებს, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ის უკეთეს ადამიანებს აძლიერებს, არამედ იმიტომ, რომ უკეთეს ინსტუტიციებს აძლიერებს”.
ტიმ დრეიპერი – დამფუძნებელი, DRAPER ASSOCIATES, 59 წლის
კრიპტოქონება: $350 მილიონი–$500 მილიონი
სილიკონის ხეობის პატივსაცემი ვენჩურ-კაპიტალისტი მაშინ გახდა Bitcoin-ის ენთუზიასტი, სანამ ეს მოდაში შემოვიდოდა. როგორც ამბობს, ციფრულ ვალუტებზე ფიქრი 15 წლის წინ დაიწყო, როცა სამხრეთ კორეაში ერთი ადამიანი გაიცნო, რომელსაც თავისი ვაჟისთვის ჩვეულებრივი ფულით ვირტუალური ხმალი ეყიდა. ვიდეოთამაშებში ვალუტების ფეხის მოკიდების კვალდაკვალ, დრეიპერმა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ იყო შესაძლებელი თამაშის ერთი ვალუტის კონვერტირება მეორეზე.
გაიგო თუ არა Bitcoin-ის შესახებ, თამაშში ჩაერთო. $2500,000 ჯერ კიდევ მაშინ დააბანდა, როცა Bitcoin-ის ფასი მხოლოდ $6-ს უტოლდებოდა. 2014-ში, Mt. Gox-ის ბირჟის კოლფასის დროს, ეს ფული ერთბაშად დაკარგა. იმავე წელს, გავრცელებული ცნობებით, მან $20 მილიონზე ნაკლები გადაიხადა აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ აუქციონზე გამოტანილ 32,000 Bitcoin-ში – მონეტებში, რომლებიც, კონფისკაციის სახით, როს ულბრიხტსა და მის ონლაინბაზრობა Silk Road-ს ჩამოართვეს. მას მერე, როგორც თავად ამბობს, 40-ზე მეტი კრიპტოინვესტიცია აქვს განხორციელებული.
“არ მესმის, რატომ უნდა მოუნდეს ვინმეს ფიდუციარულ ვალუტებთან მიბრუნება მაშინ, როცა კრიპტოვალუტის დისტრიბუცია ხდება – უსაფრთხოდ და გლობალურად, ფიდუციარული ვალუტა კი პოლიტიკურ ძალთა ახირებებზეა დამოკიდებული, – ამბობს დრეიპერი, რომელიც მისი კრიპტოქონების Forbes-ისეულ შეფასებას არ ეთანხმება. – მე ვთვლი, რომ მსოფლიო კომერციის უმეტესი ნაწილის მამოძრავებელ ძალად Bitcoin-ი და კრიპტოვალუტა იქცევა”.
სონ ჩი-ჰიუნი – აღმასრულებელი დირექტორი, DUNAMU / დამფუძნებელი, UPBIT, 38 წლის
კრიპტოქონება: $350 მილიონი–$500 მილიონი
ჩაშვებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში, სონ ჩი-ჰიუნის Upbit-ი კრიპტოვალუტის უმსხვილეს ბირჟად იქცა სამხრეთ კორეაში – ბაზარზე, რომელიც Bitcoin-ის ვაჭრობის მხრივ ერთ-ერთი ლიდერია. დეკემბრისთვის ბირჟის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ $4.7 მილიარდი შეადგინა.
პრესტიჟული Seoul National University-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის კურსდამთავრებულმა Dunamu (რაც “ორ ხეს” ნიშნავს) 2012-ში დააფუძნა. პლატფორმა ახალი ამბების აგრეგატორის სახით წამოიწყო, თუმცა მალევე ფინანსური ტექნოლოგიის კომპანიად აქცია. მომდევნო წელს, ინტერნეტგიგანტი Kakao Corp.-ი კომპანიაში ინვესტირებას შეუდგა, რაც, რაღაც მომენტში, KakaoStock-ის შექმნას დაედო საფუძვლად; ამ საფონდო ბირჟის მობილურ აპლიკაციას დღეს 300,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და, Statista-ს თანახმად, Kakao’s მიმოწერის მომხმარებელთა 50-მილიონიან ბაზასაც სათავისოდ იყენებს.
რეპორტაჟი: პამელა ამბლერი, ენჯელ აუ-იეუნი, გრეის ჩანგი, ჯეფ კაუფლინი, ალექს კონრადი, ლორა შინი და ნეთან ვარდი.