Change Inspire-ის მეექვსე ღონისძიებამ 800-ზე მეტ სტუმარსა და 40-ზე მეტ სპიკერს მოუყარა თავი. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართა მთავარი თემით — “AI ჩემპიონთა ლიგა”.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშის წესებს ბიზნესში, ტექნოლოგიებში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში — ამ თემას მიეძღვნა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Change Inspire, რომელმაც წელს უპრეცედენტოდ ბევრი სტუმარი მოიზიდა.

ღონისძიების მთავარი მედია პარტნიორი Forbes Georgia იყო, დამატებით მედიამხარდაჭერას კი Palitra Holding უზრუნველყოფდა.

Change Inspire-ის წლევანდელი პროგრამა სამ სცენაზე იყო გადანაწილებული: Champions Stage-ის სცენაზე უმეტესად ბიზნესის სტრატეგიებსა და ინოვაციური ხედვებს განიხილავდნენ გლობალური პერსპექტივიდან, Tech Deep Dive Stage ინჟინრებისა და ტექნიკური პროფესიონალების მიერ რეალური ქეისებისა და საუკეთესო პრაქტიკების განხილვას ეთმობოდა, ხოლო Workshop Stage-ის ინტერაქტიურ სივრცეში ღონისძიების მონაწილეები AI ხელსაწყოებს ცდიდნენ და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ. 

“წლევანდელი კონფერენცია 800 მონაწილით ყველაზე ხალხმრავალი აღმოჩნდა”, — აღნიშნა ნინო გვაზავამ, HT Solutions-ის გენერალურმა დირექტორმა და Change Inspire-ის დამფუძნებელმა. “მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი იყო, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს არა მხოლოდ IT სპეციალისტებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც”.

Change Inspire, რომლის ისტორიაც 2018 წელს შედარებით 150 მონაწილეზე გათვლილი ღონისძიებით დაიწყო, წლების განმავლობაში რეგიონისათვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებად იქცა. ფესტივალის მისია ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალების მოტივირებააა, რათა ისინი გლობალური ცვლილებების არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ ინიციატორები გახდნენ. 

Change Inspire-მა წელს ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, როგორებიცაა: AWS (Amazon Web Services), Google Cloud, Oracle, Palo Alto Networks. Lenovo და სხვა.

წლევანდელი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი AWS-ისა და Google-ის ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების მონაწილეობა იყო, რომლებმაც აუდიტორიას გაუზიარეს, თუ როგორ იყენებენ მათი ორგანიზაციები ხელოვნურ ინტელექტს გაზომვადი ბიზნეს შედეგების მისაღწევად. ალექსანდრ ბერნადსკიმ (AWS) განიხილა, როგორ უმარტივებს ამაზონს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შიდა ავტომატიზაციას, იან სმერჰოვსკიმ (Google Cloud) კი აუდიტორიას GenAI-ის უახლესი შესაძლებლობები გააცნო.

Forbes Georgia-მ, როგორც ფესტივალის მთავარმა მედიაპარტნიორმა, პანელურ დისკუსიას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ბიზნეს-ეკოსისტემაში გლობალური AI ტრენდების ადაპტაცია იყო. პანელზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა ლიდერებმა საკუთარი პერსპექტივა შემოგვთავაზეს იმის შესახებ, თუ როგორ ნერგავენ ქართული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რომელი ტექნოლოგიური ტრენდებია განსაკუთრებით საყურადღებო. 

  • ბექა ციცქიშვილმა, თეგეტა ჰოლდინგის უფროსმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს წამყვან საავტომობილო კომპანიაში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო,  მათ შორის, AI ასისტენტი, რომელიც მომხმარებლებს სერვისების დაჯავშნაში, ავტონაწილების მოძიებასა და დიაგნოსტიკაში დაეხმარება;
  • ირაკლი გოგატიშვილმა, HT Solutions-ის მონაცემებისა და AI მონეტიზაციის პარტნიორმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა, განიხილა, როგორ შეგვიძლია ინტელექტუალური აგენტები ღირებულების შემქმნელ ბიზნეს-კომპონენტებად ვაქციოთ;
  • მარიამ სისვაძემ, Extra.ge-ის პროდუქტის მფლობელმა, ელექტრონული კომერციის სფეროში AI-ის გამოყენებაზე ისაუბრა მომხმარებლისათვის პერსონალიზებული შოპინგის გამოცდილების შექმნისა და ექსპერიმენტირების კუთხით.

პანელის მოდერატორი იყო ანინა ტეფნაძე, Forbes Georgia-ს საოპერაციო დირექტორი.

ღონისძიების Game Changer-ი პარტნიორი, საქართველოს ბანკი კონფერენციაზე რვა სპიკერით წარდგა: IT დირექტორმა, ვაჟა მანტუამ ბანკის ტექნოლოგიურ სტრატეგიაზე ისაუბრა, ხოლო ანალიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა საქართველოს ბანკის მაგალითზე განიხილა, როგორ ცვლის AI კომპანიის ფუნქციონირების თითოეულ შრეს, მომხმარებელთა მხარდაჭერიდან მონაცემთა ინჟინერიამდე.

Change Inspire-ის დამფუძნებლის, ნინო გვაზავას თქმით, ტექნოლოგიურ კონფერენციებს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: “ყოველწლიურად ვხედავთ ხოლმე ამ კონფერენციის შედეგს ქართულ ორგანიზაციებში, რომლებიც წლიდან წლამდე საინტერესო ინიციატივებს ახორციელებენ და აქ გაჟღერებულ იდეებს საკუთარ ინფრასტრუქტურაში ნერგავენ”.


წლევანდელმა Change Inspire-მა აჩვენა, რომ საქართველოს ტექნოლოგიური საზოგადოება AI ჩემპიონთა ლიგისათვის აქტიურად ემზადება.  ფესტივალის ევოლუციაზე დაკვირვებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ს Change Inspire 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო პროგრამით დაბრუნდება.