OpenAI-მ 16 იანვარს ორი მნიშვნელოვანი სიახლე დააანონსა. კომპანია ChatGPT-ში რეკლამების ტესტირებას იწყებს და, ამავდროულად, ახალ, დაბალფასიან სააბონენტო ვერსიას, ChatGPT Go-ს, გლობალურად გაუშვებს. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის ამერიკული კომპანიის მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში OpenAI-მ განაცხადა, რომ Plus, Pro და Enterprise სააბონენტო გამოწერებზე რეკლამები არ იქნება და ისინი ეტაპობრივად გამოჩნდება უფასო ვერსიასა და ახალ ChatGPT Go პაკეტში. კომპანიის თქმით, ChatGPT-ის პასუხებზე „რეკლამები გავლენას არ მოახდენს“ და აბონენტების საუბრები კონფიდენციალური დარჩება, ასევე ისინი მიზნობრივი რეკლამირებისთვის გამოყენებული არ იქნება.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, რეკლამები ცალკე და მკაფიოდ უნდა იყოს მონიშნული. OpenAI ერთ-ერთ სატესტო ფორმატად განიხილავს, რომ რეკლამა ჩატის ბოლოში ბმულით გამოჩნდეს.
OpenAI-ის ცნობით, რეკლამები არ გამოჩნდება მგრძნობიარე თემებზე, მათ შორის ჯანმრთელობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებულ ჩათებში. ასევე, რეკლამები მხოლოდ 18 წელს გადაცილებული მომხმარებლების შემთხვევაში გამოჩნდება.
„ხალხი ChatGPT-ს ბევრი მნიშვნელოვანი და პირადი ამოცანის შესრულებისას ენდობა, ამიტომ რეკლამების დანერგვისას უმნიშვნელოვანესია შევინარჩუნოთ ის, რაც ChatGPT-ს პირველ ყოვლისა ღირებულს ხდის“, – ნათქვამია OpenAI-ის პოსტში.
რაც შეეხება ChatGPT Go-ს, ის წარმოადგენს დაბალფასიან სააბონენტო ვერსიას, რომელიც პირველად ინდოეთში, 2025 წლის აგვისტოში გაეშვა და ახლა კი გლობალურად, მათ შორის აშშ-ში, გახდება ხელმისაწვდომი. მისი ღირებულება თვეში 8 დოლარია.
OpenAI-ის ინფორმაციით, Go პაკეტი მომხმარებლებს სთავაზობს:
უფასო ვერსიასთან შედარებით 10-ჯერ მეტ შეტყობინებას;
ფაილების ატვირთვისა და გამოსახულებების გენერირების გაზრდილ ლიმიტს;
GPT-5.2-ის შეუზღუდავ გამოყენებას (უფრო სწრაფი პასუხებით);
უფრო გრძელ მეხსიერებასა და კონტექსტის ფანჯარას, ვიდრე უფასო ვერსია.
შედარებისთვის, ChatGPT Plus თვეში 20 დოლარი ღირს, ხოლო ChatGPT Pro – 200 დოლარი.








