„ჩელსის“ ახალი მფლობელის ვინაობა ცნობილია

„ჩელსის“ ახალი მფლობელის ვინაობა ცნობილია

ტოდ ბოელი ლონდონის „ჩელსის“ ახალი მფლობელი გახდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია კლუბის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, ამერიკელმა ბიზნესმენმა პარტნიორებთან ერთად „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უშუალოდ კლუბის აქციების შეძენას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ეს თანხა გაყინულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება და მთლიანად ქველმოქმედებაში დაიხარჯება. მისი განკარგვა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნებართვით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დარჩენილ 1.75 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ეს თანხა „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონს, კლუბის აკადემიას, ქალთა გუნდსა და „ჩელსის“ ფონდის დაფინანსებას მოხმარდება.

ბოელის კონსორციუმი, რომელშიც მის გარდა ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელი მარკ უოლტერი, შვეიცარიელი მილიარდერი ჰანსიორგ ვისი და საინვესტიციო ფირმა Clearlake Capital-ი ერთიანდებიან, უპირატეს პრეტენდენტად Raine Group-მა დაასახელა –  ამერიკულმა ბანკმა, რომელიც კლუბის გაყიდვის პროცესს აკონტროლებდა.

ტოდ ბოელის ჯგუფს კონკურენციას უწევდნენ International Airlines Group-ის თავმჯდომარის მოადგილე მარტინ ბროუტონი და მისი პარტნიორები: ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სებასტიან კოუ და საკალათბურთო გუნდ „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი. „ჩელსის“ შეძენით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ NBA-ის გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელი სტივენ პალიუკა და ბრიტანელი მილიარდერი, ჯიმ რეტკლიფი, რომელიც ნავთობქიმიური კომპანია Ineos-ის მესაკუთრეა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ყოფილმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა კლუბის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესება დაიწყო. მალევე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შვიდ რუს ოლიგარქს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს ვლადიმირ პუტინის რეჟიმთან კავშირის გამო ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა. შედეგად, „ჩელსის“ მფლობელს კლუბის გაყიდვის უფლება ჩამოართვეს. „ჩელსის“ გაყიდვაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთის მთავრობამ აიღო, პროცესის გაკონტროლება კი Raine Group-ს დაევალა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *