„ჩიკატაი“ ოთხი წლისაა - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ თამარ ბუიღლიშვილთან

„ჩიკატაი“ ოთხი წლისაა - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ თამარ ბუიღლიშვილთან

რბილი მუსიკალური სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაი“ დღეს, 25 ოქტომბერს, ოთხი წლის გახდა. განვლილი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლების გულის დაპყრობა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ცნობილ მელოდიებზე აჟღერებული სათამაშოების მეშვეობით შეძლო.

სტარტაპის წარმატებას ისიც მოწმობს, რომ 2020 წელს „ჩიკატაი“ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის – გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა. კომპანია, ასევე, თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულია „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის“ ნომინაციაში.

„ჩიკატაის“ მიერ დაარსებიდან დღემდე განვლილ გზაზე, კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით Forbes Georgia-სთან სტარტაპის დამფუძნებელმა, თამარ ბუიღლიშვილმა ისაუბრა.

„ჩიკატაი“ უკვე ოთხი წლისაა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გამოწვევების გადალახვა მოუწია კომპანიას დაარსებიდან დღემდე?

„ჩიკატაი“ ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. შევქმენით ადგილობრივი წარმოების პირველი სათამაშო, რომელიც ქართულ მელოდიას უკრავს. ეს გახლავთ გია ყანჩელის გადასარევი მელოდია, , რამაც ჩვენი ბრენდის სწრაფი წარმატება განაპირობა.

გასული ოთხი წელი მართლაც წარმოუდგენლად რთული თავგადასავალი იყო. ეს საქმე დედაჩემთან ერთად დავიწყე. არც ერთს არ გვქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება არც ბიზნესის, არც დიზაინის კუთხით და ძალიან გვეშინოდა, რომ ეს მშვენიერი იდეა გამოუცდელობით არ გაგვეფუჭებინა. მართალია, ჩვენმა ოჯახურმა ბიზნესმა სახლის პატარა ოთახიდან სახელოსნოში/შოურუმში მალევე გადაინაცვლა, თუმცა ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ „ჩიკატაი“ ყოფილიყო ისეთი, როგორიც დღეს არის.

დღეს ჩვენ ვქმნით სათამაშოებსა და საბავშვო დეკორს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ მასალებს. ქსოვილის დიზაინი იქმნება სპეციალურად ჩვენი ბრენდისთვის და მას აქვს  GOTS-ის სერტიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სტანდარტია ტექსტილის ინდუსტრიაში. ის არა მხოლოდ ხარისხს ითვალისწინებს, არამედ წარმოების პრინციპს გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. სათამაშოების შიგთავსიც სერტიფიცირებულია OEKO-TEX Standard 100-ით. ამას გარდა, საბოლოო პროდუქტი სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით შემოწმებას გადის თურქეთში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში ევროკავშირის EN-71 სტანდარტის შესაბამისად.

ამ ყველაფრის მიღწევა დიდი გამოწვევა იყო კომპანიისთვის ჩვენი ქვეყნის პირობებში, რადგან სერტიფიცირებული მასალები ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოვიძიეთ. ასევე არ არსებობდა ექსპერტი სათამაშოების უსაფრთხოების კუთხით და არც შესაბამისი დირექტივები, რითაც ვიხელმძღვანელებდით. მართალია, დღეს უკვე არსებობს კანონმდებლობა და რეგლამენტი ამ მიმართულებით, მაგრამ დღემდე არ არის საქართველოში ლაბორატორია, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოებას შესაბამისი სტანდარტის მიხედვით შეამოწმებს.

სტარტაპისთვის ამ ყველაფერთან გამკლავება ნამდვილად არ იყო ადვილი როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური რესურსების გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, მაინც შევძელით გამოწვევებთან გამკლავება და ოთხი წლის თავზე მივიღეთ პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

რა არის „ჩიკატაის“ მისია? რა ღირებულებებზე დგას ბრენდი?

ხარისხის გარდა, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მომხმარებლებისთვის გაგვეზიარებინა ის ღირებულებები, რაზეც ბრენდი დგას. ყველა ჩვენი სათამაშო ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი – ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს. ეს არის „ჩიკატაის“ მამოძრავებელი ძალა, რაც პირდაპირ ითარგმნება ჩვენს პროექტებში.

2019 წელს გავაფორმეთ მეგობრობის მემორანდუმი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ქართულ წარმომადგენლობასთან (WWF Georgia). თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით საქველმოქმედო სათამაშოები მათი მიმდინარე პროექტების მხარდასაჭერად და ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად – სათამაშო ზუთხი – ზუთხისებრთა კონსერვაციის პროექტის, ხოლო სათამაშო ქურციკი – ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკების რეინტროდუქციის პროექტის მხარდასაჭერად. ეს თანამშრომლობა გაეროს მდგრადი მიზნების მეჩვიდმეტე მიზანს  ეხმიანება – პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის.

მოგვიანებით დავამატეთ მდგრადი განვითარების ხაზის პროდუქცია, რომელიც საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. ეს პროექტი დავიწყეთ ჩვენს მეგობარ საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდ „სპილოუსთან“ ერთად. მათ წინასამომხმარებლო ნარჩენებს ახალი სიცოცხლე მივეცით და შევქმენით საბავშვო დეკორი. დღეს კიდევ ერთი საბავშვო ბრენდი შემოგვიერთდა – „ეშვი ქიდსი“ და მალე მათ საწარმოო ნარჩენებსაც მივცემთ ახალ სიცოცხლეს. ესეც გაეროს ინიციატივის მდგრადი მიზნების მეთორმეტე მიზანს ემსახურება – მდგრადი მოხმარება და წარმოება.

ტექსტილის ინდუსტრიაში ნულოვანი ნარჩენებით წარმოება თითქმის შეუძლებელია, თუმცა მოვნახეთ გზა და ჩვენი ნაჭრების საბოლოო ნარჩენებით გარემოს აღარ ვაბინძურებთ. უკვე რამდენიმე თვეა, მათ ვაგროვებთ და ნოემბრიდან ჩავაბარებთ ტექსტილის გადამმუშავებელ საწარმოში, სადაც ისინი ახალ სიცოცხლეს შეიძენენ.

შეიძლება, ეს ძალიან ცოტაა, რასაც ჩვენი პლანეტისთვის ვაკეთებთ, მაგრამ გვჯერა, რომ სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი მნიშვნელოვანია, რადგან სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინება ყოველდღიურ საქმიანობაში  დღეს ბიზნესის სწორად კეთებას ნიშნავს. რაც უფრო გავიზრდებით, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილიც მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში.

„ჩიკატაი“ ახალ პროექტს იწყებს. როგორ გაჩნდა „სათამაშოების ჰოსპიტლის” შექმნის იდეა? რა სახის მომსახურება გაეწევათ იქ „პაციენტებს“ და დაახლოებით რა იქნება ამის საფასური?

აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, თუმცა იმ პერიოდში მთელი ჩვენი რესურსი ხარისხის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული და ის დროებით თაროზე შემოვდეთ.

ესეც მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზანს ეხმიანება, მაგრამ თუ ჩვენი მდგრადი წარმოების ხაზის პროექტი წინასამომხმარებლო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობდა, სათამაშოების ჰოსპიტალი პოსტსამომხმარებლო ნარჩენების შემცირებას ითვალისწინებს – მიზნად ისახავს  რბილი სათამაშოების შეკეთება/განახლებას. უხანგრძლივებს სასიცოცხლო ციკლს სათამაშოებს, რომ არ მოხდეს დროზე ადრე მათი გადაყრა და არ დადგეს ახლის ყიდვის საჭიროება (overconsumption).

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ამ პროექტის მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტორი, რომ ბავშვებს აქვთ საშუალება, თავად მოიტანონ სათამაშოები შესაკეთებლად. ჩვენთან კი მოუყვებიან, რას ნიშნავს ნივთებზე ზრუნვა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გარემოსთვის. ამ ყველაფერს ექნება „როლური თამაშის” ფორმა, რაც გაზრდის მათ მოტივაციას და გაუჩენს მოთხოვნილებას, გაუფრთხილდნენ თავიანთ საყვარელ მეგობრებს და იზრუნონ გარემოზე. დავიტოვებთ, „ვუმკურნალებთ“ სათამაშოს, ხოლო მზრუნველები რომ მოაკითხავენ, გადავცემთ მადლობის სიგელს, რომ წავახალისოთ მათი კარგი საქციელი – ზრუნვა ის სუპერძალაა, რომელიც ყველა ჩვენგანშია, მთავარია, აღმოვაჩინოთ და გამოვიყენოთ იგი! თუ ამას შევძლებთ, ვნახავთ, როგორ შეიცვლება ჩვენი გარემო უკეთესობისკენ. გვინდა, დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატარა წევრებს, ეს ძალა ადრეულ ასაკშივე აღმოაჩინონ და გამოიყენონ.

გვჯერა, ახალი თაობა უფრო პასუხისმგებლობიანი და მზრუნველი იქნება და გვსურს, რომ „ჩიკატაიმაც“ შეიტანოს თავისი პატარა წვლილი ამაში. ჩვენი ბრენდის მამოძრავებელი ძალაც ხომ სწორედ ეს არის – ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს!

„ჩიკატაის“ ჰოსპიტალი პირველ მზრუნველ გმირებს თავის დაბადების დღეზე – 25 ოქტომბერს მიიღებს. მიღებაზე ჩაწერა 20 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო. სათამაშოების „მკურნალობის“ ფასი სიმბოლური იქნება და დაზიანების შესაბამისად, 5-დან 25 ლარამდე იმერყევებს.

რამდენი ადამიანია ამჟამად კომპანიაში დასაქმებული? ახალი პროექტის განხორციელებისთვის კადრების დამატება ხომ არ გახდა საჭირო?

რაკი მომსახურების სფერო „ჩიკატაისთვის“ სიახლეა და არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ, როგორ მიიღებს ამას ჩვენი მომხმარებელი, ამიტომ ჯერ ტესტურ რეჟიმში ვიწყებთ მუშაობას – ჰოსპიტალში „პაციენტებს“ კვირაში ორ დღეს მივიღებთ.  პირველი თვე გვაჩვენებს, როგორი და რამდენი კადრის დამატება გახდება საჭირო. თუ მოთხოვნა მოსალოდნელზე დიდი იქნება, მიღების დღეებსაც გავზრდით და კადრებსაც დავიმატებთ.

ამ დროისთვის „ჩიკატაის“ გუნდში ხუთი წევრია, თუმცა, ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, ახლო მომავალში კადრების რაოდენობის გაზრდას ისედაც ვაპირებთ.

რომელ ქვეყნებში გადის „ჩიკატაის“ პროდუქცია ექსპორტზე? ხომ არ იგეგმება ამ არეალის გაფართოება?

ამჟამად „ჩიკატაის“ ერთადერთი საექსპორტო პლატფორმა არის ETSY.com. რბილი სათამაშოების წარმოება არ არის მარტივი სფერო, თან საქართველოს პირობებში. საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩვენი ბრენდი და პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა იმისთვის, რომ გადაგვედგა პირველი ნაბიჯები ექსპორტის მიმართულებით. ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“. დღეს „ჩიკატაი“ უკვე მზადაა და გვაქვს ექსპორტის სტრატეგიაც. 2022-23 წლების პრიორიტეტი სწორედ ეს იქნება.

ვზრდით წარმოებას, ვმუშაობთ ახალ კატალოგზე და 2022 წლის იანვარში საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენაზე, PLAYTIME PARIS-ზე მივემგზავრებით. წელსაც მივიღეთ მონაწილეობა ორ საერთაშორისო გამოფენაში „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით, რომელიც ონლაინფორმატში ჩატარდა. რამდენიმე  შეხვედრა პოტენციურ „ბაიერებთან“ უკვე ჩანიშნულია.

კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

როგორც ყველა სტარტაპს, ჩვენც ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. მოკლევადიან  პერსპექტივაში – ახალი მელოდიისა და მუსიკალური ცხოველების დამატებას დავასახელებდი. ასევე, მალე გამოვა წიგნი – „ჩიკატაის ამბავი“, რომელზეც დიდი ხანია, ვმუშაობთ. მას მოჰყვება ამ ისტორიის ადაპტირებული ვერსიის სერიები უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ რამდენიმე ახალი მიმართულების დამატებას, ესაა საბავშვო ჭურჭელი და ოთახის დეკორი, თეთრეული, აქსესუარები და ავეჯი.

„ჩიკატაის“ ერთი დიდი ოცნებაც აქვს, რაზეც ჯერ არ ვსაუბრობთ, თუმცა გვჯერა, რომ ახლო მომავალში ის რეალობად იქცევა. აუცილებლად მოვყვებით ამის შესახებ, როგორც კი მცირედ მაინც მივუახლოვდებით ამ ოცნების ასრულებას.