მსოფლიოს ახალი მილიარდერი ჰყავს: Cha Panda-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 40 წლის ვანგ სიაოკუნი. დაფინანსების ბოლო რაუნდის შედეგებით, ვანგის ჩინური ჩაის ბიზნესი ახლა უკვე $2.1 მილიარდადაა შეფასებული, თავად ჩინელი ბიზნესმენის ქონება კი, ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, $1.1 მილიარდს უტოლდება.
მილიარდერთა რეიტინგის ახალწვეულის ქონების უდიდესი ნაწილი, ჩენდუში დაფუძნებულ სასმელების კომპანიაში, მის 60%-იან წილზე მოდის. Cha Panda განსაკუთრებით სწრაფად უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფართოვდა და ამჟამად ქსელი 7,000-ზე მეტი მაღაზიისგან შედგება. Cha Panda-ს საფირმო სასმელებს შორისაა მანგოს პომელო საგო, ბურთულებიანი ჩაი და ჟასმინის რძის მწვანე ჩაი, რომელთა ფასი, ძირითადად საკმაოდ დაბალია და $3.6-ს არ აღემატება.
ჩინური ჩაის კომპანიაში 33%-იანი წილის წყალობით, საკმაოდ სოლიდურ, $700,000-ის ღირებულების ქონებას ფლობს ვანგის მეუღლეც, ლიუ ვეინგდონი. პარალელურად, ლიუ სამეთვალყურეო საბჭოსაც თავმჯდომარეობს და Cha Panda-ს ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.
Cha Panda-ს დაფინანსების რაუნდი ივნისში დაიხურა, სადაც კომპანიის აქციები ინვესტორებზე 13.2 იუანად ($1.8-ად) გაიყიდა. როგორც ცნობილია, ინვესტორებს შორის იყვნენ CICC-ი, Orchid Asia და Shanghai Loyal Valley Investments-ი. ვანგის ფირმას აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის არ გაუსაჯაროებია, თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთის ჩაის სასმელების ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, Cha Panda-ს დამატებითი მაღაზიების გასახსნელად და ტემპის შესანარჩუნებლად, დაფინანსებები კიდევ დასჭირდება.
ცნობისთვის, Cha Panda-ს ბიზნესი ვანგმა ჯერ კიდევ 2008 წელს, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ქალაქ ჩენდუში, პატარა მაღაზიიდან ხილისა და ბურთულებიანი ჩაის გაყიდვით დაიწყო. 2020 წლისთვის ვანგი უკვე 531-მდე ობიექტს ფლობდა, თუმცა ბიზნესი განსაკუთრებულად სწრაფად, ფრენჩაიზინგის მოდელზე გადასვლის შემდეგ გაფართოვდა. ამჟამად, Cha Panda-ს სტრატეგია სასმელების რეცეპტების შემუშავება და ინგრედიენტების, მათ შორის ხილისა და ჩაის ფოთლების გაყიდვაა. მსგავსი მიდგომით, ვანგი ბიზნესს მის მთავარ კონკურენტებზე ნაკლები დანახარჯით აწარმოებს, რომელთაც თუნდაც თანამშრომელთა ხელფასებისთვის ბევრად უფრო მეტის გადახდა უწევთ.
მიმდინარე წლის აგვისტოს მოცემულობით, Cha Panda-ს ბრენდირებული მაღაზიების რაოდენობა 7,117-მდეა გაზრდილი, საიდანაც, პირველ კვარტალში, მხოლოდ ექვსი მათგანი რჩებოდა მენეჯმენტის უშუალო კონტროლის ქვეშ.
გასულ წელს, Cha Panda-ს შემოსავალმა $580.3 მილიონი შეადგინა, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, 16%-ით გაიზარდა. ხოლო კომპანიის მოგებამ, 24%-იანი მატებით, $132.3 მილიონს მიაღწია. შედეგად, Frost & Sullivan-ის კვლევის მიხედვით, Cha Panda, საცალო გაყიდვებით, ჩინეთში, გასულ წელს, მესამე უმსხვილესი ჩაის მაღაზია გახდა.