ჩინეთი ათწლეულის განმავლობაში ენერგომომარაგების ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას, რაც მთელი მსოფლიოსათვის პრობლემაა

ჩინეთი ათწლეულის განმავლობაში ენერგომომარაგების ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე დგას, რაც მთელი მსოფლიოსათვის პრობლემაა

ამინდის გაუარესების, ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნისა და ქვანახშირის მოხმარებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესების გამო, ჩინეთის ელექტრომომარაგება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რომელიც შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის პროცესზე და მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიო ვაჭრობაზეც.

ჩინეთის რამდენიმე პროვინციამ განაცხადა, რომ გასული კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები წამოიჭრა. სწორედ ამ პროვინციებში მდებარეობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი რამდენიმე მთავარი საწარმო. მაგალითისათვის, გუანგდონგის პროვინცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი საწარმოო ცენტრია. ის პასუხისმგებელია 1.7 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის, ქვეყნის ყოველწლიური ეკონომიკური შემოსავლის დაახლოებით 10%-ზე მეტის, გამომუშავებაზე. აღნიშნულ პროვინციას კიდევ უფრო დიდი წვლილი შეაქვს ჩინეთის ეკონომიკაში უცხოური ვაჭრობიდან შემოსული თანხებით. თუმცა გასული თვის განმავლობაში მას ელექტროენერგია გრაფიკის მიხედვით მიეწოდებოდა. ამ შეზღუდვებმა კი საწარმოები აიძულა, გასული კვირის განმავლობაში მუშაობა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ. მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლების აზრით, შესაძლოა, ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება წლის ბოლომდე გაგრძელდეს.

გუანგდონგის პროვინციის მსგავსად, იმავე პრობლემის წინაშე დგას კიდევ ცხრა  პროვინცია. ელექტროენერგიის დეფიციტის ამგვარი მაჩვენებელი ჩინეთში 2011 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როდესაც გვალვებმა და ქვანახშირის ფასებმა ქვეყნის 17 პროვინციას შეუქმნა პრობლემა. ენერგოსადგურები კი ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ მაშინ, როდესაც ქვანახშირის ფასი მაღალია.

ქვანახშირის ფასების მატება ჩინეთის პრეზიდენტის ამბიციურ გეგმას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 2060 წლისათვის ქვანახშირის ყველაზე დიდმა მომხმარებელმა ქვეყანამ მისი საწარმოო დანიშნულებით გამოყენება უნდა შეწყვიტოს.  შესაბამისად, ქვანახშირის საბადოებმა ნაკლები ნედლეულის მოპოვება დაიწყეს, რამაც ბაზარზე ქვანახშირის ფასი გაზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *